ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

“ოცნებას” მარნეულში საკუთარი კანდიდატურის მოხსნას ურჩევენ

“საფრთხის შემცველი დღევანდელი რეალობაა, რასაც ჰქვია ქვეყნის კადრებთუხუცესი, რომელიც საკუთარ თავს გვაცნობს, როგორც ქვეყნის “რიგითი მოქალაქე”, სინამდვილეში კი სრულიად მარტივად ახერხებს როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის პრივატიზაციას და ერთი პირის მიერ პარლამენტის მართვას. ეს არათუ საფრთხის შემცველი, არამედ შიშის მომგვრელია”, – განაცხადა დამოუკიდებლ ექპერტთა კლუბის თავმჯდომარემ სოსო ცისკარიშვილმა “მთელ კვირასთან” საუბრისას.

მისი შეფასებით, როგორი იქნება ახალი პარლამენტის მუშაობა, ეს დამოკიდებულია იმ ახალ სახეებზე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა, თუმცა, ცისკარიშვილის ვარაუდით, მომდევნო 4 წელი პრეზიდენტის ინსტიტუტის “პრივატიზაციის” მცდელობას ვიხილავთ.

განმეორებითი არჩევნების შედეგები, მეორე ტური, საკონსტიტუციო ცვლილებები, ახალი პარლამენტი, პრეზიდენტის როლი მოდევნო 4 წლის განმავლობაში – ეს ის საკითხებია, რაზეც “მთელი კვირა” სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

როგორ შეაფასებთ განმეორებით ჩატარებულ არჩევნებს, “ქართული ოცნების” დეპუტატებისგან კეთდება განცხადებები, რომ ისინი 30 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვებენ… მარნეულის და ზუგდიდის არჩევნები აძლევს თუ არა მათ ასეთი ვარაუდის საფუძველს?

სამწუხაროდ, მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატის არჩევა უფრო მეტ ხიფათს შეიცავს, ვიდრე რომელიმე სხვა რეგიონში მიმდინარე მეორე ტურის პროცესი. წინდაუხედაობა შეიძლება იმის მომასწავებელი ყოფილიყო, რისი მოწმენიც ახლა ვხდებით და არის საფრთხე, რომ პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირება ეროვნული ნიშნით დაპირისპირების საფუძველი აღმოჩნდეს. ეს კი ყველაზე უარესი სცენარი შეიძლება იყოს და საქმე შეეხება უკვე არა რაიმე სახის წინასარჩევნო კამპანიას, არამედ სერიოზულ პროვოკაციას.

ცხადია, არსებობენ ძალები (არა მარტო ქვეყნის შიგნით), რომელთაც სურთ, რომ ქართველ და აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს შორის შუღლი გამოკვებონ და წინასწარ გამარჯვების დაანონსება შეიძლება იყოს მხოლოდ სიმხდალის მაჩვენებელი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყნის განვითარების ნებისმიერი მიმართულებით “ქართულ ოცნებას” ბევრად უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გააჩნდეს, ვიდრე ცალკე აღებულ რომელიმე სხვა პოლიტიკურ სუბიექტს.

ამას ვამბობ მათი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, რაც სულ მალე შევა ძალაში და შესაბამისად, სწორედ “ქართული ოცნება” იქნება ის სუბიექტი, რომლის მიმართაც რაიმე გაუგებრობის შემთხვევაში განაჩენივით იქნება გამონათქვამი – რასაც დასთეს, იმას მოიმკიო.

ჩემი აზრით, თუ გვინდა სიმშვიდე, იმაზეც უნდა დაფიქრდეს “ქართული ოცნება” (თუ ეს მართლა “ქართულია”), რომ საერთოდ მოხსნას საკუთარი კანდიდატი მარნეულის მეორე ტურიდან.

განმეორებითი არჩევნების შემდეგ, მეორე ტურებზე რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, დაძაბულობა იქნება?

 წინდახედული პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც ფაქტობრივად უკვე გააჩნია საკონსტიტუციო უმრავლესობა, რასაკვირველია, არა მხოლოდ საკუთარ სავარძლებზე უნდა ფიქრობდეს, არამედ ფასეულობათა რიგში, ქვეყანაში სიმშვიდის დანერგვას უნდა აყენებდეს ყველაზე წინ.

ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა არ არის მოტივირებული, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატს გაამარჯვებინოს, ეს იქნება დაუსრულებელი ან მძიმე შედეგით დასრულებული, რადგან აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეთა ასეთი რაოდენობის კონცენტრაციის პირობებში, პროვოკაციის ნიშანიც შეიძლება ვიხილოთ “ქათული ოცნების” არააზერბაიჯანელი წარმოშობის კანდიდატის მხრიდან, საპარლამენტო სავარძლის მოსაპოვებლად.

ეს დამოკიდებულია იმაზე, ერთი კვირის განმავლობაში მოასწრებენ თუ არა ადგილობრივი ხელისუფლების ახალი სახეებით გამდიდრებას, ან თუნდაც აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიერ მხადრაჭერილი კანდიდატის სადმე დასაქმებას, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელის მარნეულში.

სხვაგვარად ეს იქნება ხანგრძლივი და ძნელად მოსაშუშებელი შფოთი, რაც არც ქართველი და არც აზერბაიჯანელი მოსახლეობის ინტერესში არ შედის.

გვეყო რუსეთისთვის საამებელი ნაბიჯების გადადგმა. ყველანი უნდა დავფიქრდეთ და გავაცნობიეროთ ჩვენი ქვეყნისთვის რა არის უფრო ღირებული – ერთი სავარძელი თუ ისტორიული კეთილგანწყობა მეზობელ ერებს შორის.

როგორც თქვენ თქვით, “ოცნებას” დიდი ალბათობით საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. რა რისკის შემცველია ეს?

საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხეს არ წარმოადგენს. საქართველოში საფრთხის შემცველია დღევანდელი რეალობა, რასაც ჰქვია ქვეყნის კადრებთუხუცესი, რომელიც საკუთარ თავს გვაცნობს, როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქე, სინამდვილეში კი სრულიად მარტივად ახერხებს როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის პრივატივაზიას და ერთი პირის მიერ პარლამენტის მართვას. ეს არათუ საფრთხის შემცველი, არამედ შიშის მომგვრელიც არის ჩვენი საზოგადოებისთვის.

განვლილმა ოთხმა წელმა დაგვანახა, რომ ის განცხადებები (ხშირ შემთხვევაში, ურთიერთგამომრიცხავი სიცრუე) რომელსაც ვისმენდით მთავრობისა და პარლამენტის მფლობელი სუბიექტისგან, სინამდვილისგან ძალიან შორს არის. მისთვის ქვეყნის წინსვალზე უფრო მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე მოახდინოს პრეზიდენტის “პრივატიზაციაც”, რაც განვლილი 4 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა.

იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მინდა გკითხოთ, რაც “ქართულმა ოცნებამ” დაანონსა. რამდენად მნიშვნელოვან საკითხებად მიგაჩნიათ და შეძლებს თუ არა ამ ცვლილებების მიღებას?

 შეძლებს თუ ვერა, ეს საკითხი არ დგას იმიტომ, რომ რასაც მოისურვებენ, ყველაფერს შეძლებენ. ხოლო პრივატიზებული პარლამენტის მფლობელის უპირველესი თავისტკივილი პრეზიდენტი და მთლიანობაში საპრეზიდენტო ხელისუფლება გახლავთ.

2013 წელს, როდესაც ეს “რიგითი მოქალაქე” ქვეყნის პრემიერი იყო, თავგამოდებით იცავდა საპრეზიდენტო ინსტიტუციას და ბრძანებდა, რომ უნდა გაიზარდოს მისი უფლებამოსილებები, არ შეიძლება, რომ ის არჩეული იყოს პარლამენტის მიერ, რადგან მისი ლეგიტიმაცია იქნება ნაკლები, ხოლო თავად პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა გააჩნდეს ყველა ბერკეტი იმისა, რომ რაიმე დაპირისპირების შემთხვევაში, პარლამენტსა და მთავრობას შორის მიუკერძოებელი მსაჯული იყოს და სიტუაციის გამომსწორებელიო.

ახლა გაუგებარია, რატომ შეიცვალა ამ “მოქალაქემ” საკუთარი ხედვა და რატომ არ უარყოფს მის მიერვე გამოჩეკილ ნეოპოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, რომ პირველი, რა საკონსტიტუციო ცვლილებაც უნდა მოხდეს, ეს პრეზიდენტის ინსტიტუტისა და მისი არჩევის წესებიაო.

არჩვენების შემდეგ როგორი იქნება პრეზიდენტის როლი, რამე სიახლეებს უნდა ველოდოთ?

ალბათ ჯერჯერობით იმედის წარმოშობა ნაკლებად დამაჯერებელი იქნება, რადგან 4 წელია ჩვენი კადრებთუხუცესი ცდილობს საკუთარი “შეცდომა” გამოასწოროს და შეცვალოს პრეზიდენტი. ახალი “მეოცნებეების” გუნდში შეიძლება ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებაზე და საზოგადოებისთვის მიუღებელ ნაბიჯებზეც მოხდეს კონსენსუსი, ოღონდ რამენარად ჩრდილი მიაყენეონ პრეზიდენტს და მის ინსტიტუტს, ოღონდ პრეზიდენტის სასახლე “დაითრიონ” – არც ამ სიტყვას მოვერიდები.

როგორ ფიქრობთ, “პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში ახალ ძალად უნდა გავიხილოთ, მოსალოდნელია თუ არა მათი თანამშრომლობა ან მოკავშირეობა “ქართულ ოცნებასთან”?

 ჩემი აზრით, არ აქვს მნიშვნელობა, რა რიგითობით არის დანომრილი პოლიტიკური ძალა, იმ ორი მონსტრისგან ის უსათუოდ იქნება განსხვავებული. არა მარტო რაოდენობით, არამედ სხვადასხვა საკითხთან მიდგომის კუთხით და თუკი რაიმე ინტერესია ახალი პარლამენტის მიმართ, სწორედ ამ “პატრიოტთა ალიანსის” საპარლამენტო სივრცეში არსებობაა იმიტომ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში როგორ მოიქცევიან “ნაციონალები” და “მეოცნებეები”, ჩვენთვის ზუსტად არის ცნობილი იმ წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, რომლის პირობებშიც 4 წელი საპარლამენტო საქმიანობის მთავარი აქცენეტები ამ პოლიტიკური მონსტრების ურთიერთლანძღვა და ერთმანეთის მიმართ ნეგატიური განწყობის დათესვა იყო.

სააკაშვილის მიმართვაზე მინდა გკითხოთ, რომლის მიხედვითაც, ის არჩევნების მეორე ტურის დასრულებამდე არ აპირებდა ჩამოსვლას და საზოგადოებამ მისი განცხადება არასწორად გაიგო…

ვერ ვიტყვი, რომ ბევრს შურს ბატონი სააკაშვილის დღევანდელი ბედი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში ჩამოსვლის გეგმის შეცვლა და მის მიერ ამის უარყოფა იქიდან გამომდინარე მოხდა, რომ მას არსებულ თანამდებობაზე საქმიანობის გაგრძელების საფრთხე წარმოექმნა.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინელ დიპლომატებს შეხვედრა ჰქონდათ შესაბამის ოფიციალურ პირებთან საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში და ასეთი ინფორმაციის გავრცელებას უკრაინული წყარო წარმოაჩენს, როგორც უკრაინის პრეზიდენტის მზაობას, რომ შეცვალოს ოდესის გუბერნატორი.

იყო საუბარი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირზე, რომელის მხრიდანაც იყო მზაობა ოდესის გუბერნატორის ჩანაცვლებაზე. ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თითქოს ჩვენ ყველას მოგვეჩვენა, რომ ის ჩამოსვალს გეგმავდა და ამას სულაც არ აპირებდა.

უკანასკნელი მისი განცხადებები მეორე ტურის შესახებ მიმანიშნებენ იმაზე, რომ თავად ბატონ მიხეილს ჯერ კიდევ ბევრი აქვს საფიქრალი, მოევლინება თუ არა ის საკუთარ სამშობლოს, რომელიც გამოთქვამს მისი დაკავების სურვილს აეროპორტშივე, რადგან არსებობს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება. იმ სამსამართლოსი, რომელიც თავის დროზე თავადვე გარყვნა.

რა მოლოდინი გაქვთ, მომდევნო 4 წელი როგორი პარლამენტი გვეყოლება?

 ეს დამოკიდებულია ახალ “მეოცნებეთა” პირად თვისებებზე. მათ სიაში საკმაოდ ბევრი ღირსეული ადამიანია წარმოდგენილი, რომელთაც ნამდვილად შეუძლიათ, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლა იყოს შეუქცევადი, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, თუ პარლამენტარები არიან შინაგანი თავისუფლების მქონე სუბიექტები და არა ვინმეს დანამატი ან ვინმესთვის თვალებში შემციცინე, მხოლოდ სხვისი კარნახით მოქმედი ადამიანები.

ჯერჯერობით გაგრძელდება თუ არა ახალ პარლამენტში ისეთი რეალობა, რომელიც გასული 4 წლის განმავლობაში არსებობდა, დამოკიდებულია არა სისტემის პრივატიზაციის მსურველის ხედვაზე, არამედ ახალ პარლამენტარებზე, რომელთაც კარგი სახელი აქვთ პარლამენტში და ალაბათ, უპრიანია მათაც შევახსენოთ, რომ “სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობია”.

წყარო: “რეზონანსი”

 

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

რა ეღირება 3 აგვისტოდან 1 ამერიკული დოლარი?!

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8870 ლარი ეღირება, ევრო ...