ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

დავით თევზაძე დუმილს არღვევს. 2003 წლის ნოემბერი. ზარი მოსკოვიდან – Власть меняется на Абхазию. სააკაშვილს ათი გვამი სჭირდებოდა!

„ბურჯანაძე და სააკაშვილი, ამ შეხვედრის ორი სავარაუდო მონაწილე ცოცხალია. გამოვიდნენ და თქვან, რაზე ესაუბრნენ ივანოვს“, – აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, რომელმაც ათი წლის შემდეგ იმ სკანდალურ დეტალებზე ისაუბრა, რის სანაცვლოდ მოვიდა 2003 წელს ხელისუფლებაში რევოლუციური სამეული. როგორც თევზაძე ამბობს,  რუსეთის გენერალური შტაბიდან განხორციელდა ზარი და ამ ზარის ავტორმა კი, მისი განმარტებით, აღნიშნა, რომ იცოდეთო ძალაუფლება იცვლება აფხაზეთზეო – Власть меняется на Абхазию. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ  2003 წელს განხორციელებული ამ ზარის და ივანოვთან შეხვედრის შედეგი იყო ის, რაც მოხდა 2008 წელს ცხინვალის რეგიონში და კოდორის ხეობაში.

ვარდების რევოლუციიდანზუსტად 10 წელი სრულდება. თქვენ იყავით თავდაცვის მინისტრი და ხელმძღვანელობდითშეიარაღებულ ძალებს. რა მოხდა 2003 წელს, ეს იყო მშვიდობიანი რევოლუცია, თუ ეს იყო გადატრიალება?

დავით თევზაძე: ათი წელი გავიდა და რაღაც-რაღაცეები არ ამოდის ცნობიერებიდან, მითუმეტეს, როცა ჩართული ხარ პროცესებში. რევოლუცია იმ გაგებით, რასაც რევოლუცებს ვეძახით, რა თქმა უნდა არ ყოფილა. უფრო, კარის გადატრიალებას ჰგავდა. რაც შეეხება იმ თემას, რომ მშვიდობიანი იყო… უბრალოდ, მშვიდობიანად ჩატარდა, თორემ არც ჩანაფიქრით და არც მონაცემებით, რომელიც მაშინ მე მქონდა როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს, არანაიარი მშვიდობიანი სახე ამას არ ჰქონოდა. არ ვიცი, ახლა როგორ გამოდის ეს თხრობა…

მაგრამ, იმ პერიოდში ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით სხვადასხვა საელჩოებთან, ბუნებრივია, მათგანაც იყო დაინტერესება. განსაკუთრებით ინტერნსური ურიერთობა გვქონდა აშშ-ის საელჩოსთან, ელჩთან მაილსთან, რომელიც პირადად ურთირთობდა ჩემთან. მას ძირითადად აწუხებდა სიტუაციის იმდაგვარი ცვლილება, რომ გამორიცხულიყო სისხლის ღვრა და ახლა ძალიან საინტერესო მომენტი მახსენდება.

ჩვენი დაზვერვის თანამშრომლები სხვადასხვა საელჩოში და მათ შორის აშშ-ის საელჩოში (ძირითადად ეს იყო ატაშეს ოფისი), ურთიერთობდნენ შესაბამის ადამიანებთან. გარკვეული პერიოდულობით, ანგარიშის სახით ინფორმაცია ჩემთან მოდიოდა. დაზვერვის სამმრთველოდან მივიღე ანგარიში, სადაც მოცემული იყო ელჩთან სააკაშვილის შეხვედრა. ერთი დეტალი იყო საინტერესო, სადაც ელჩი და სააკაშვილი განიხილავდნენ არსებული სიტუაციის შესაძლო განვითარებას და ბოლოს სააკაშვილს უთქვამს ასეთი ფრაზა – „ყველაფერი, რომ ძალიან სწრაფად და კარგად დასრულდეს, სულ 10 გვამია საკმარისი“. თავიდან, ეს არ მივიღე სერიოზულად, მაგრამ მერე თვითონ ელჩმა მოითხოვა ჩემთან შეხვედრა.

რომ დავაკონკრეტოთ, ეს მოვლენები როდის ხდება

– დახლოებით კვირა-კვირანახევრით ადრე. მენიშნა, რომ აშშ-ის ელჩი დაჟინებით მთხოვდა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ავყოლოდით ცთუნებას და სამხედრო ძალა რაიმე ფორმით არ ჩაგვერთო პროცესებში, ვინაიდან იყო საშიშროება.

პირადად გითხრათ ელჩმა ამ მოსალოდნელ საშიშროებაზე?

– პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ეტყობოდა, რომ ძალიან შეშფოთებული იყო.

მან თქვენთან საუბრისას, დაადასტურა ათი გვამის შესახებ არსებული ინფორმაცია? ანუ იმ საუბრის დეტალები რომელიც მასსადა სააკაშვილს შორის შედგა

– მე ხომ არ ვეტყოდი, რომ „შენი და ჩემი თანამშრომელი ერთმანეთში საუბრობენ“… მე ვაგრძნობინე, რომ რაღაც ვიცოდი. მანაც მაგრძნობინა, რომ ძალიან სერიოზული შეიძლება ყოფილიყო ეს ამბავი. ეს ის პერიოდია, როცა რატომღაც სამწუხაროდ გაწყდა კომუნუკაცია ჩემსა და შევარდნაძეს შორის. რამოდენიმეჯერ ვცადე და ვერ მოხერხდა შეხვედრა.

რა იყო მიზეზი, რის გამოც თქვენი კომუნიკაცია ვერ შედგა?

– არ ვიცი. მე მგონია, რომ საერთოდ არ ახსენებდნენ, რომ შეხვედრა მინდოდა.

მიზანმიმართულად უმალავდნენ?

– იცით რა… რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ რაღაცა კედელივით იყო აღმართული. მას არ ეძლეოდა თავისუფალი კომუნიკაციის საშუალება. ამიტომ ელჩთან შეხვედრის შემდეგ, ვცადე ჩემს თავზე ამეღო სიტუაციის კონტროლი და ვთხოვე გიორგი ბარამიძეს, რომ შემხვედროდა. ეხსომება მას, საერთო მეგობრის ოჯახში, ძველ თბილისში, ღამით შევხვდით, სადაც პირდაპირ ვუთხარი მას, რომ თუ ასეთი რამე უდევთ თავში, ამოიგდონთქო.

დაგიდასტურათ ბარამიძემ ეს ინფორმაცია?

– რა თქმა უნდა, – იუარა. მე მქონდა სხვა არგუმენტებიც. ზედმიწევნით ზუსტი ანგარიში მქონდა, მომიტინგეებს შორის ვის რა იარაღი ეჭირა.

იყო იარაღი?

– როგორ არ იყო! იარაღი იყო, და საკამოდ დიდი რაოდენობითაც. თუ ეს პროცესი მშვიდობიანად წავიდოდა, ამის ფორსირება უფრო ცუდი იქნებოდა. რამდენადაც შემდეგ მოვლენებმა აჩვენა, ამის გამო, თუ სხვა მოვლენების გამო, ეს დაპირისპირება იარაღის ფაზას აცდა. ძალიან ნერვიული სიტუაცია იყო. ძირითადად, რაც ჩვენ ხელგვეწიფებოდა, იყო ის, რომ არ დაგვეშვა იარაღის გადინება საწყობებიდან და არ დაგვეშვა სამხედრო ნაწილების სპონტანური ჩართვა პროცესებში. ვთვლი, რომ მაშინ ამ ამოცანას თავი გავართვით.

პროცესების მართვა აიღეთ საკუთარ თავზე და შეხვდით ბარამიძეს, მაგრამ ამის შემდეგ რევოლუციონერების მხრიდან ხომ არყოფილა თქვენთან შეხვედრის მცდელობა?

– ისევ ბარამიძემ სცადა შემხვედროდა, მაგრამ მე უკვე მქონდა პრეზიდენტთან შეხვედრის საშუალება და მან მთხოვა, რომ თავი შემეკავებინა. ანუ, ისე მომეჩვენა, რომ სიტიუაცია ლაგდებოდა. ამის რამდენიმე წინა პირობა არსებობდა – ამერიკელების წინადადება იყო, რომ პარლამენტის არჩევნების შედეგების გადახედვა უნდა მომხდარიყო, მაგრამ პრეზიდენტს თავისი ვადა უნდა დაესრულებინა. ანუ, ის, რაც ჩვენ დღეს გვაქვს კოჰაბიტაციის სახით. ბევრი სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები მიდოდა, ამ მოლაპარაკებებს მე შეგნებულად ვარიდებდი თავს, რომ არ აღმოვჩენილიყავი რომელიმე მხარეს. ჩემი თანამდებობა არ იყო პოლიტიკური, ჩემი თანამდებობა იყო სამხედრო და ამას შეეძლო პროცესების ცუდი განვითარება გამოეწვია. დავკმაყოფილდი იმით, რომ მივიღე პირობა იმისა, რომ არანაირი იარაღი არ გამოჩნდებოდა.

ვისგან მიიღეთ ეს პირობა?

– იმ საღამოს ბარამიძემ მითხრა, რომ მესმის რაზეა ლაპარაკიო. თუმცა, არ დაგიმალავთ, რომ გენერალურ შტაბში ჩვენ შევიმუშავეთ რამდენიმე გეგმა. ორი პარალელური მიტინგი მიდიოდა, აჭარიდან იყვნენ ჩამოსული აქციის მონაწილეები, ცენტრალური ხელისუფლების მხარდასაჭერად. არა მგონია, რომ ეს ჭკვიანური გეგმა იყო. ადვილი შესაძლებელი იყო ამ ორ ბანაკს შორის მომხდარიყო რაღაც… ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ რამდენიმე ვარიანტი. ჯერ დაშორიშორებისა და შემდეგ – განიარაღების. განსაზღვრული გვქონდა ადგილები, თუ სად უნდა გაგვეწია ხალხი და სად უნდა აგვეყარა შემდეგ იარაღი. სხვათა შორის, რევოლუციის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში მოსული იყო ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე ახლდა და გავაცანით ეს გეგმა. რეაქცია მომეწონა – წარმოგიდგენიათ, რას ვართ გადარჩენილებიო?! პირდაპირ გეტყვით: იარაღი რომ გამოჩენილიყო და დაწყებულიყო სამოქალაქო დაპირისპირება, არავის ბრძანება არ დამჭირდებოდა, რომ წესრიგი დამემყარებინა.

რაც შეეხება დაკავშირების მცდელობებს… ძალიან საინტერესო გამოდგა თვითონ 23 ნოემბერი, განსაკუთრებით – დღის მეორე ნახევარი. ბადრი ბიწაძე მოვიდა ჩემთან, ახალი გადამდგარი იყო. პირისპირ დავჯექით, ვუყურებთ ერთმანეთს. მე უკვე ვხვდები, რა უნდა ეთქვა… ველოდები, რა ფორმით იტყვის. არ გეწყინოს, დავით, დამავალეს, რომ შენ რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ ვერ გკადრებო. მე ვუთხარი, რომ ძალიან კარგი, რადგან თუ ის არის, რაც მე ვიფიქრე, კარგია, რომ არ მითხარი-მეთქი.

მაგრამ, რამდენიმე საათში მოხდა უფრო საინტერესო რამ. სამინისტროს არ ვტოვებ, სამხედრო ნაწილების მართვა რომ არ გამექცეს ხელიდან. მორიგე ოფიცერმა მომახსენა, რომ ჩემთან მოსულია ორი კაცი და მითხრა გვარები – გიგი წერეთელი და ასევე დამისახელა ჩემი უახლოესი მეგობრის გვარი. მორიგე ოფიცერს ვთხოვე, რომ ჩემი მეგობარი არ შემოეშვა და დაეტოვებინა შემოსასვლელში. გიგის ეკუთვნოდა შემოსვლა იმიტომ, რომ დეპუტატი იყო. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი, რადგან ის, რაც გიგიმ მითხრა, ეს რომ ჩემს მეგობარსაც ეთქვა, მე მას დავკარგავდი.

რა შემოთავაზება ჰქონდა გიგი წერეთელს?

– მისი შემოთავაზება იყო, რომ ხალხი მე მელოდება, რომ გავაკეთებ განცხადებას – არ ვექვემდებარები შევარდნაძეს, მერე ყველაფერი მთავრდება და ხვალიდან იქნები საქართველოს გმირიო. მე შევეცადე გიგისთვის ამეხსნა, რომ გმირობის სხვადასხვა გაგება არსებობს და რომ ჩემი მხრიდან ეს იქნებოდა ცუდი საქციელი. თეორიულ დისკუსიაში ვართ და ამ დროს ძალიან საინტერესო რამ მოხდა…

გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობას ასრულებდა გენერალი იმნაძე, რომელიც დამიკავშირდა შიდა ტელეფონით. ეს იყო საბჭოთა სისტემის  დიდი  სელექტორი, დავაჭირე თითი სელქტორს და მეუბენება, რომ ბატონო მინისტრო, სასწრაფო მოხსენება მაქვსო, უცებ არ მივაქციე ყურადღება, რომ უცხო პირი მეჯდა კაბინეტში, ახლა არ მცალია-მეთქი. არა, ძალიან სასწრაფოა, მოსკოვიდან დამირეკესო.

გიგი წამოდგა, რომ გასულიყო. არა, გიგი, შენ აქიდან ვერ გახვალ-მეთქი. რატომო? იმიტომ, რომ მე არ ვიცი შენ აქედან რას გაიტან-მეთქი და ჯობს მოისმინო, მოსკოვიდან რაზე დარეკეს-მეთქი. არა, მაინც წავალო. მაშინ ვუთხარი, რომ ვერსად ვერ წახვალ, სანამ არ მოისმენ-მეთქი. ეს არ მომიყოლია არსად, პირველად ახლა თქვენთან ვყვები. შემოვიდა იმნაძე და უცხო პირი რომ ნახა, იუხერხულა. ვუთხარი, – ხმამაღლა თქვი, რა დარეკეს მოსკოვიდან-მეთქი. რომ არ მოგატყუოთ, რაც მოვისმინე, ამან ყველა ვარაუდი მეორე პლანზე გაწია.

რა გითხრათ გენერალმა იმაძემ? ვისი ზარის იყო მოსკოვიდან და კონკრეტულად რომელი უწყებიდან დარეკეს?

– ძალიან მოულოდნელი რამ იყო. როგორც თვითონ თქვა, გენერალური შტაბიდან დაუკავშირდნენ, ზუსტად არ მახსოვს მთავარი ოპერატიული სამართველოს უფროსი, თუ გენერალური შტაბის უფროსი. ჯერ სიტუაცია იკითხეს და მერე უთხრეს, რომ ყურადღება მიაქციეთ მინისტრ ივანოვის ვიზიტს, შეიძლება უკვე თქვენთან იყოს და იცოდეთ, რომ ძალაუფლება იცვლება აფხაზეთზეო Власть меняется на Абхазию. გიგის რეაქცია იყო ასეთი – წამოხტა, ეს პროვოკაცია არისო და გაიქცა. მე იმთავითვე მინდოდა სამხედრო საბჭოს შეკრება, მაგრამ მოხდა ისე, რომ შევარდნაძემ მთხოვა ავსულვიყავი კრწანისში. ამიტომ დაბრუნებისთვის მოვითხოვე ყველა სარდალთან და სამხედრო საბჭოს წევრებთან შეხვედრა. კრწანისში განვითარდა ის ცნობილი მოვლენები. იმ საღამოს რეზიდენციაში ივანოვთან ერთად მოვიდნენ სააკაშვილი და ჟვანია. მანამდე იყო პატარა თათბირი.

ჩააყენეთ პრეზიდენტი შევარდნაძე საქმის კურსში?

– არა. იქ აბსოლუტურად სხვა სიტუაცია დამხვდა. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა, ხომ არ დადგა დრო, რომ სამხედრო ძალების გამოგვეყვანა. მე მოვითხოვე ამოცანის დაზუსტება. პირდაპირ ვკითხე შევარდნაძეს, რა რაოდენობის მსხვერპლი იქნებოდა მისთვის მისაღები. ცოტა გაღიზიანებულმა მკითხა – მსხვერპლის გარეშე არ შეიძლებაო? ავუხსენი ასეთი ოპერაციების სპეციფიკა, – თუნდაც, სამხედრო ძალები ხალხთან რომ არ მისულიყვნენ, კანცელარიის შენობის განთავისუფლება რომ მოეთხოვა, რაც სავსებით ლეგიტიმური ამოცანა იყო, რომელიც უნდა შეგესრულებინა, უბრალოდ, შენობის გაწმენდის სპეციფიკია ისეთია, რომ ვიღაც აუცილებლად იღუპება. ჯარისკაცმა სულ რომ არ ისროლოს, ხალხში პანიკა რომ იწყება, შეიძლება ვიღაცა ფანჯრიდან გადახტეს, ერთმანეთი გადათელონ… ეს გეგმა მიუღებელი აღმოჩნდა შევარდნაძისთვის. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი ფრაზა თქვა: „მე ხომ ვთქვი გუშინ, რომ უნდა გადავდგე. გადაწყვეტილია ეს საკითხი და მოვიდნენ“. იქვე განისაზღვრა, რომ მოლაპარაკებაზე შევიდოდა თვითონ და ჯორბენაძე. მე დავბრუნდი სამინისტროში და მოვიწვიე სამხედრო საბჭო. დავიწყეთ იმ ზარის ანალიზი.

ორი თემა გვქონდა: ამაზე რა რეაგირება უნდა გვქონეს და მეორე – მაშინ რევოლუციურმა საბჭომ მოითხოვა ყველა მინისტრის გადადგომა და რა პოზიცია უნდა დაგვეკავებინა ჩვენ. კონსტიტუციაში იყო ერთი ასეთი მუხლი – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, შეუძლია კაბინეტი შეცვალოს გარდა ძალოვანებისა, და მას არ შეუძლია ძალოვანების გამოყენება. პირველ საკითხზე ძალიან სწრაფად შევთანხმდით. სამხედრო საბჭომ შეთანხმდა, რომ  უნდა გაგვეგრძელებინა ფუნქციის შესრულება, სანამ პრეზიდენტი არ იქნებოდა არჩეული.  მახსოვს, გენერალმა ამირან სალუქვაძემ ასეთი სიტყვები თქვა: „რაც არ უნდა მოხდეს, არ შეიძლება ჯარის „დაგდება“.

რაც შეეხება ზარს მოსკოვიდან, გენერალმა იმნაძემ სამხედრო საბჭოსთვის მოკლე მოხსენება გააკეთა. ორი ვარიანტი იყო: ან, ეს სიმართლეა და ჩვენ რას ვაკეთებთ. მაშინ იკვეთება ასეთი რამ – პრეზიდენტი არ არსებობს, მოსულია ხალხი, რომელიც იძახის, რომ ხალხის სახელით აიღეს ძალაუფლება და ამ დროს რეალურად  რაღაცის, ვიღაცისთვის გადაცემა ხდება. ანუ, თუ ეს სიმართლეა და შენ, თავდაცვის მინისტრს, ამაზე რეაქცია არ გაქვს, შენ ხდები ამის თანამონაწილე.

რამდენად სანდო იყო ეს ინფორმაცია? ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ეს ინფორმაცია თქვენამდე მოვიდა იმიტომ, რომსამხედრო გადატრიალება მომხდარიყო?

– ამის გადამოწმების არანაირი შანსი არ გვქონდა. როცა ვმსჯელობდით, მაინც გამოვედით იქიდან, რომ რუსეთის გენშტაბიდან იყო დარეკილი, თუმცა რატომ უნდა დაერეკათ თუ მართლა ასე იყო? ანუ, თუ მართლა ივანოვი ჩამოდიოდა იმისთვის, რომ აფხაზეთზე ცვლიდა რევოლუციონერების მხარდაჭერას, მაშინ რუსეთის გენერალური შტაბი რატომ იყო დაინტერესებული ამის ჩაშლაში? ლოგიკური კითხვაა, ამიტომ აზროვნების სასწორი გადაიხარა მეორე მხარეს – რომ, ეს არის შემოგდებული ინფორმაცია. ჯარზე გაიცა ბრძანება: არც ერთი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ნაწილის გარეთ არ გამოჩნდეს. ძირითადი ამოცანა იყო იარაღის საწყობების დაცვა და ჯარის შენარჩუნება. ამასობაში ღამის 3 საათისთვის დარეკა პრეზიდენტის ე.წ. „ვეჩემ“. ამან ცოტა გამაკვირვა, შევარდნაძეს უკვე ნათქვამი ჰქონდა – სახლში წავედიო, და წესით, არ უნდა დაერეკა. ავიღე ყურმილი და შემრჩა ქალბატონი ნინო. რომელმაც მითხრა, რომ „რევკომმა“ ანუ სამეულმა გადავწყვიტეთ, რომ ჯარი გამოიყვანოთ ქუჩაშიო. ვკითხე, რა მოტივით და რა ფუნქციით-მეთქი.

გითხართ ბურჯანაძემ, რა მოტივით უნდა გამოგეყვანათ ჯარი?

– არა. მათ ჩათვალეს, რომ ხალხის აღტყინება გადადიოდა ზომას, ხალხის მართვა ჰქონდათ დაკარგული და შეეშინდათ. რატომღაც, ქალბატონმა ნინომ ჩათვალა, რომ ეს მოტივები ჩემთვისაც საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ჯარისთვის ბრძანება გამეცა. მე უარი ვუთხარი და პირდაპირ მივუთითე კონსტიტუციაზე, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ მიბრძანებს, სანამ არ იქნება არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც ჩავაბარებ ჯარსაც და ჩემს თანამდებობასაც. მე მგონი, დელიკატურად ვუთხარი და თან ისიც მივანიშნე, რომ ის რისიც მათ ეშინიათ – უმართავი პროცესების – რეალურად არ მოხდება.

მკითხა, რატომ ხართ ასე დარწმუნებულიო და მე მას ავუხსენი სამხედო ფსიქოლოგიის პატარა დეტალები. თუ გიფიქრიათ, სამ დღეს რატომ აძლევდნენ ქალაქების დასარბევად ჯარებს, როდესაც ისინი ქალაქებს იღებდნენ-თქო? ემოციისგან დაცლას სამი დღე სჭირდება. ნინომ ჩათვალა, რომ ეს იყო პირველი დღე. მან მითხრა – კი, მაგრამ დღეს პირველი დღე არისო, რაზეც ვუპასუხე, რომ პირველი კი არა, მესამე დღე იყო. ძალიან გრძელი დღე გამოვიდა, სახლში არც მივსულვარ. ჩემ სამუშაო კაბინეტში ვიყავი და ყოველ ორ საათში ვიღებდი ინფორმაციას, რა ხდებოდა. გამომივიდა ის, რომ არც ჯარი დაიშალა და არც შიგნით, ჯარში არ დაიწყო დაპირისპირება. კი იყო რამდენიმე ოფიცერი, რომელსაც წასცდა ხელი მოსალოდნელ კარიერულ ცვლილებებზე და თავი ამოყო იმ შტაბში, სადაც წესით არ უნდა ყოფილიყო.

რუსეთის გენშტაბიდან განხორციელებულ ზარს, რომ დავუბრუნდეთ, ფაქტია, რომ მაშინ ივანოვი მართლაც ჩამოვიდასაქართელოში და შეხვდა ამ სამეულს, თუმცა ამ შეხვედრის დეტალები დღემდე უცნობია. თქვენ იცით, რაზე იყო მათ შორისსაუბარი?

– რაზე იყო საუბარი მათ შორის, ეს არ ვიცი. მაგრამ მე სულ ველოდი, რა ფორმით შეიძლება მომხადარიყო ის, რაც ამ ზარის ავტორმა თქვა. პირველი ნიშნები იმისა, რომ ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, გამოჩნდა მაშინ, როდესაც დაიწყეს ხევსურეთში, სვანეთში და კოდორის ხეობაში ჩვენს მიერ შექმნილი ბატალიონების განიარაღება. განსაკუთრებით – კოდორის ხეობაში. მესტიის ბატალიონი არსებობდა იმისათვის, რომ კოდორის გზით უზრუნველეყო, ეს ორი, მესტიის და კოდორის ბატალიონები ერთმანეთზე იყვნენ მიბმულები. თუ არ იქნებოდა ეს უზრუნველყოფა, ხეობა იზოლაციაში აღმოჩნდებოდა.

ის საერთაშორისო კონვენციები, რომლითაც ჩვენ მაშინ ვხელმძღვანელობდით, კონფლიქტის ზონაში რეგულარული შეიარაღებული ძალების შეყვანას გვიკრძალავდა, თუმცა ადგილობრივ მოსახლებას ჰქონდა სრული უფლება, რომ ყოფილიყო თავდაცვისათვის ორგანიზებული. ამათ კურატორობას არავინ გვიკრძალავდა. არსებობდა დაჯგუფება, რომელიც ჩვენ გადავახალისეთ, ჩამოვიყვანეთ, წვრთნა გავატარეთ, დავუნიშნეთ ოფიცრები და გვარდიის სარდლობას დავუქვემდებარეთ. ეროვნული გვარდია ისეთი სტრუქტურაა, რომ ასეთ რაღაცეებს იტანს. ეს გავაკეთეთ ხევსურეთში იმიტომ, რომ იქ საზღვარს უჭირდა. შემდეგ კი, განიარაღების პროცესი დაიწყო იმ მოტივით, რომ თურმე ხალხი უნდა მუშაობდეს ყანაში.

კოდორში რეგულარული სამხედრო ნაწილის გამოჩენა იყო პროვოკაცია. გაეროს ნებისმიერ დროს შეეძლო ეთქვა, რომ ჩვენ ვარღვევდით ხელშეკრულებას. გაეროს მანდატით აღჭურვილი იყო რუსეთის ჯარი, რომელსაც ხელ-ფეხი ეხსნებოდა, შეეძლო შემოსულიყო ხეობაში და განსხვავებით 2001 წლისაგან, ვერაფერს ეტყოდი – მისი ჩარევა ლეგიტიმური იქნებოდა. მაშინ გამოჩნდა იმის კონტურები, რომ შეიძლება იმ ზარის უკან რაღაც იდგა.

ამას მოყვა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. ცხინვალის რეგიონში დაახლოებით 100 ქართულ სოფელზე და, ასევე, კოდორისხეობაზე საქართველომ დაკარგა კონტროლი. ეს ადასტურებს, რომ ზარის ავტორმა მაშინ სიმართლე თქვა?

– ლოგიკაში ჯდება. 10 წელი გადის, რევოლუციური სამეულიდან ორი ცოცხალია და კარგი იქნება, რომ მოგვიყვნენ, რა მისიით იყო ჩამოსული ივანოვი… 2008 წლის აგვისტოში ომი ცხინვალის მიმართულებით დაიწყო, მაგრამ კოდორის ხეობის დათმობა ავტომატურ რეჟიმში არ მომხდარა, კოდორი ცალსახად არის დათმობილი. მე შემიძლია ჩემი სანთებელა გაჩუქოთ, ჩემი ნივთია, მაგრამ როცა ტერიტორიას გაძლევ ამას სჭირდება ურთიერთობის სხვა განზობილება. მშვიდობიანად და დეკლარირებულად არც ერთ მთავრობას ეს არ გამოუვიდოდა. მაშინ როგორ უნდა მოხდეს ეს გადაცემა? ძალიან მარტივია – უნდა მოხდეს ომის ინსცენირება და მოწინააღმდეგემ უნდა დაიკავოს ის ტერიტორია. გამომდინარე იქედან, რაც ამ ათმა წელიწადმა აჩვენა, სწორედ ეს სურათი იხატება.

არის ეს ღალატი?

– მე არ ვიცი  იურიდიულ ტერმინოლოგიაში როგორ არის ღალატი განსაზღვრული, მაგრამ ადამიანურ ენაზე ეს არის ღალატი! ეს არის დიდი ღალატი!!!

ალბათ, უნდა ჩატარდეს გამოძიებარა მოხდა 2003 წელს და რა მისიით ჩამოვიდა ივანოვი საქართველოში და იყო თუ არა ამისგაგრძელება 2008 წელი

– თუკი დავუბრუნდებით 2008 წლის აგვიტოს მოვლენებს, სერიოზული გამოძიება მართლაც ჩასატარებელია. ვიღაცამ უნდა ამოწიოს ივანოვის და იმ სამეულის  სტენოგრამული ჩანაწერები. ასეთი რაღაცეები თუ არ არსებობს, ეს უკვე ცალკე დანაშაულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩანაწერი რუსეთს ექნება.

როგორ ფიქრობთ, რატომ ასაიდუმლოებს ნინო ბურჯანაძე და მიხეილ სააკაშვილი ივანოვთან შეხვედრის და მოლაპარაკებისდეტალებს?

– ვინმემ ჰკითხა, ივანოვი რაზე გელაპარაკეთაო?! საზოგადოებამ ივანოვის ჩამოსვლა აღვიქვა, როგორც მხარეთა მორიგების მცდელობა. ბურჯანაძე და სააკაშვილი – ორი სავარაუდო მონაწილე ამ შეხვედრისა, ცოცხალია, გამოვიდნენ და თქვან. მესამე არაა ცოცხალი და ის ვერაფერს გვეტყვის.

ათი წლის შემდეგ რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ სკანდალურ თემაზე გელაპარაკათ?

– ამის მოყოლა უფრო რთულია ჩემთვის. როგორ ფიქრობთ, 2003 წლიდან რომელ ეტაპზე უნდა მომეყოლა? შედეგი რა ექნებოდა? არის რაღაცეები, რომელსაც შიგნით ინახავ, გრღნის და გღლის. ახლაც, თქვენ რომ მობრძანდით, შემეძლო ჩვენი საუბარი სულ სხვა მიმართულებით წამეყვანა, მაგრამ, ახლა ეს დეტალები რომ მოვყევი, გავთავისუფლდი. როდესაც თქვენი კოლეგები ომზე მეკითხებოდნენ, ყოველთვის თავს ვარიდებდი ამ თემაზე საუბარს.

ამ რთულ და დაძაბულ პერიოდში, თუ არის ისეთი დეტალი, რომელიც კარგად გახსენდებათ?

– როდესაც გამიჭირდა კომუნიკაცია შევარდნაძესათან, როგორც გითხარით, რაღაცეები ჩემს თავზე უნდა ამეღო. ყველაზე სუსტი წერტილი იყო სამხედრო ნაწილების მეთაურების ლოიალურობა. ვინ რა პოლიტიკური წნეხის ქვეშ იყო, ეს სურათი არ გვქონდა. ეს ის სიტუაციაა, როდესაც მეთაური მეტს წყვეტს ადგილზე, ვიდრე მინისტრი კაბინეტში.

გადავწყვიტე, შევხვედროდი ბატალიონებისა და ბრიგადების მეთაურებს. გენშტაბს დავავალე, რომ მეთაურების შეკრება გაგვეკეთებინა და შეხვედრის ადგილად დავნიშნეთ არმაზის ციხე. იქ ყველა თავისით უნდა მოსულიყო. ნაწილმა ჩათვალა, რომ მათ ფიზიკურ შესაძლებლობას ვამოწმებდით. როცა შევიკრიბეთ და დავალების მოლოდინში იყვნენ, პირდაპირ ვუთხარი, არანაირი დავალება არ იქნება-მეთქი. ჩემი წინადადება იყო, დაგვეკლა საკლავი და გაგვემართა მსჯელობა. ერთ რამეზე ყველა შევთანხმდით – რომ სამოქალაქო ომს არ დავუშვებდით.

როცა გავიარეთ, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო ომი, გამოირკვა, რომ ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო ნაწილები ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ. სხვა ვარიანტი არ არსებობდა. რამდენიმე მცდელობა იყო, მაგრამ არმია ისე იყო აწყობილი, რომ ამ მცდელობებს იქვე აჩერებდა. ასეთ გადაწყვეტილებამდე მივედით – თუ რამეს გავაკეთებთ, ცუდს თუ კარგს, გავაკეთებთ ერთად, ანუ ჩვენს შორის არ გაჩნდება დაპირისპირება. შეხვედრის შემდეგ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი – რომ მეთაურები მენდობოდნენ მე და მე ვენდობოდი მათ. ამის შემდეგ შედარებით თამამად ვიყავი.

P.S. ჩვენ შევეცდებით, ამ საკითხზე უახლოეს დღეებში შემოგთავაზოთ ნინო ბურჯანაძის და გიგი წერეთლის განმარტებები. ასევე, დავუკავშირდებით გენერალ ვლადიმერ იმნაძესაც.

წყარო: for.ge

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ცნობით გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: კრწანისის ...