საზოგადოება

“მედიკამენტების ფასები თებერვალში, 4,5%–ით გაიაფდა“

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ განაგრძობს „ფანასკერტელის ინდექსზე“ მუშაობას, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასების მონიტორინგს ისახავს მიზნად.

ამჯერად, ორგანიზაციამ თებერვლის თვის მონაცემები შეაჯამა, რაც იანვრის თვეში დაფიქსირებულ ინდექსის მონაცემებთანაა შედარებული.
 „აფბას“ პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა „პირველ პრესკლუბში“ საუბრისას განმარტა, რომ 200 დასახელების მედიკამენტზე დაკვირვების მიხედვით „ფანასკერტელის ინდექსი“ 4.5%–ით არის შემცირებული და  თებერვალში შეადგენს 12,7 პუნქტს, რაც გულბანიც თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე, ბოლო 4 თვის განმავლობაში, ფასების კლების ტენდენცია ნარჩუნდება.
„მაგალითად:  აზიმაკი – იანვარში თუ ღირდა 15,1 ლარი, თებერვალში მისი ღირებულება 23,08 ლარია, სუმამედი – იანვარში 13,72 ლარი ღირდა, თებერვალში კი, მისი ღირებულება 10,98 ლარია. ფასდაკლება შეეხო ანტიდიაბეტურ მედიკამენტებსაც, მაგალითად, დიაბეტრონი MR- იანვარში თუ ღირდა 18,4 ლარი, 17,07ლარი ღირდა თებერვალში. ასევე გვაქვს მედიკამენტები, რომლებზეც ფასი გაზრდილია, ეს არის ისეთი ჯგუფი, როგორიც არის სასუნთქი სისტემის დაავადების სამკურნალო საშუალებები, მაგალითად ბრონქო–მულან P – იანვარში თუ ღირდა  12,9 ლარი, თებერვალში მისი ღირებულება – 13,07 ლარია. როგორც კვლევა ცხადყოფს, ფასები დიდწილად იმპორტირებულ მედიკამენტებზე მცირდება, რაც „ფანასკერტელის ინდექსის“ დაღმავალ ტენდენციას განაპირობებს. კლება დროში ემთხვევა ბაზარზე ახალი, მსხვილი მოთამაშის გამოჩენას და მის მიერ ბაზრისთვის მედიკამენტების, პრაქტიკულად, მინიმუმ 30%–ით იაფად შეთავაზებას. აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ნორმალური, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისადმი შესაბამისი კონკურენციის ჩამოყალიბების შემთხვევაში, ფასები მედიკამენტებზე საგრძნობლად დაიკლებს, – განმარტა შოთა გულბანმა.
შოთა გულბანის ინფორმაციით „აფბა“ „ფანასკერტელის ინდექსს“ ყოველთვიურ რეჟიმში განაახლებს.