ეკონომიკა

რა ცვლილებები შეეხება სოციალური გაზის ტარიფს

საქართველო აზერბაიჯანიდან 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. „სოკარი“ ასევე მზადაა 1000 კუბურ მეტრზე 35-40 დოლარით შეამციროს გაზ-გასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი. თემას „ბიზნესკონტაქტი“ აშუქებს და აღნიშნავს, რომ საქართველო ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს სამხრეთ კავკასიური, შაჰ დენიზის მილსადენიდან მიიღებს. 4 მარტს გავრცელებულ პრეს-რელიზში მთავრობა იუწყება, რომ წინა წლების მსგავსად აღარ დადგება ტექნიკური შეზღუდვების გამო აზერბაიჯანიდან დამატებითი მოცულობის მილების პრობლემა.

მთავრობა ვარაუდობს, რომ ცვლილებები სოციალურ გაზსაც შეეხება.

შემუშავებული იქნა სპეციალური ფორმულა, რომლის მიხედვითაც მოხდება ფასების დარეგულირება, იმის მიხედვით თუ რა ფასები იქნება ნავთობის მსოფლიო ბაზარზე და შესაბამისად იქნება წარმოდგენილი ფასები ჩვენი ქვეყნისთვის. – აცხადებს საქართველოს ენეგრეტიკის მინისტრი კახა კალაძე. საქართველოს მთავრობას, გაზპრომთან მოლაპარაკებების ნაცვლად აზერბაიჯანთან ურთიერთობების დალაგებას ურჩევდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. მათი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ აზერბაიჯანი სანდო მიმწოდებელია და თავის დროზე მასთან გაფორმებულმა ხელშეკრულებამ საქართველო პრაქტიკულად გადაარჩინა.

„Gazprom“-ს უდავოდ აქვს გაზი. ის დიდი კომპანიაა და მას რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს. თუ ეს უნდა საქართველოს, მაშინ ამ მიმართულებით დივერსიფიკაცია სწორი გზა ყოფილა. – ასე გამოეხმაურა ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, მოლაპარაკებები ეწარმოებინა „Gazprom“-თან. თბილისში მოკლე ვიზიტის დროს ელჩმა „ბიზნეკონტაქტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ გაცილებით უსაფრთხო და მომგებიანი საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობისთვის სხვა მარშრუტები იქნებოდა. – მარაგები, რაც „სოკარს“ კასპიის ზღვაში აქვს ძალიან დიდია. – აცხადებს რიჩარდ მაილსი.

საქართველოს მთავრობას „Gazprom“-თან ფრთხილად მოქმედება ურჩია „Brookings Center“-ის უფროსმა მკვლევარმაც- სერგეი ალექსაშენკომ, რომელიც წარსულში სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა რუსეთის ფედერაციაში.

„Gazprom–ი არ არის ადვილი კომპანია მოლაპარაკებების საწარმოებლად და რუსეთის მთავრობა Gazprom-ს იყენებს, როგორც პოლიტიკურ იარაღს. შეხედეთ უკრაინას. გაზის კონტრაქტები წინის წინა ხელისუფლებამ გააფორმა ისე, რომ სამომავლო შედეგებზე არ უფიქრია. არ დაუთვლია რა იქნებოდა ხარჯი და რა ბენეფიტი. ასე თუ მოიქეცით, თქვენც დაზიანდებით.

იგივე პოზიცია ქონდა „ბიზნეკონტაქტთან“ საუბრისას კიდევ ერთ ექსპერტს – Chevron-ის ყოფილ ხელმძღვანელს ედვარდ ჩოსაც. მისი თქმით სჯობდა საქართველოს მთავრობას აქცენტი შაჰ დენიზის პოტენციალის ათვისებაზე გაეკეთებინა და ამით დაებალანსებინა მოხმარებასთან არსებული პრობლემები.

„დღეს უფრო უსაფრთხო და თან რეალისტურია, ვისაუბროთ მომავალ გაზზე, რომელიც შესაძლოა ამავე კორიდორმა გამოატაროს. როგორიცაა მაგალითად, კიდევ მეტი აზერბაიჯანის გაზი. შაჰ დენიზის შემდეგ კიდევ არსებობს მარაგები, რომელთა განვითარება თავისუფლად არის შესაძლებელი.“ – აცხადებს ედვარდ ჩო.

Gazprom-თან საქართველოს მთავრობის მხრიდან მოლაპარაკებების თაობაზე რუსული წყაროებით ინფორმაციის გავრცელების და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის Gazprom-ის თავმჯდომარესთან ალექსეი მილერთან უკვე მეორედ ლუქსემბურგში შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ეწვია. მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი „ბიზნესკონტაქტის“ პირდაპირ ეთერში ხსნიდა ამ მიმართულებების ენერგო თვალსაზრისით ათვისების აუცილებლობას: პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ენერგო უსაფრთხოებაზე, თუ ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობაზე, თუ ჩვენს ვსაუბრობთ საქართველოს შემდგომ როლზე ევროპის ენერგო უსაფრთხოების თვალსაზრისით და ევროპის ენერგო დამოუკიდებლობის თვალსაზრისით ამ კუთხით ნებიმსიერი სახის დივერსიფიკაცია უნდა ემყარებოდეს აღმოსავლეთ – დასავლეთის მიმართულებას ანუ სამხრეთის გაზის კორიდორის მიმართულებას, რაშიც იგულისხმება თურქმენეთიდან, კასპიის ზღვის ქვეყნებიდან მომავალი ბუნებრივი აირით დივერსიფიკაცია. საინტერესოა, რომ Gazprom-ზე მკვეთრი რეაქცია საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს არცერთხელ არ გამოუთქვამს.

წყარო: ბიზნესკონტაქტი

[wpolling id=”12″ width=”” height=””]