ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

1 მოკლული და 2 გაქცეული – ვინ იყო თავდამსხმელთა სამიზნე

რა მოხდა 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე, ამას გამოძიება დაადგენს, რომელიც მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო. როგორც ცნობილია კრწანისის სასწავლო ცენტრში ხშირად სწავლებებს გადიან ამერიკელი და ნატოს ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები.

როგორც ირკვევა, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე შეჭრას

შეეცადნენ უცხო პირები, ისინი არ დაემორჩილენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას დაგუშაგს ცეცხლმაქრი ესროლეს. გუშაგმა კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

თავდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, რამდენადაც თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკის და საფრთხის მქონე, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, გუშაგმა იმოქმედა წესდების შესაბამისად, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ.

სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოჩენილი იქნა ახალგზრდა მამაკაცის გვამი, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია. ის ქალაქ ზუდიდის მკვიდრი 1993 წელს დაბადებული გიორგი შენგელიაა. რაც შეეხება ორ თავდამსხმელს, ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა მათი იდენტიფიცირებისა და ადგილმდებარეობის თაობაზე.

თავდაცვის სამონისტროს ინფორმაციით, გამოძიების მიერ, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერდა როგორც შემთხვევის, ისე გვამის აღმოჩენის ადგილები, საიდანაც ამოღებული იქნა samdungის მარკის მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, 5 ერთეული „АК-74“ მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრა. ასევე, დანიშნულია და ტარდება სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა. შესაბამისი კვლევებისთვის გარდაცვლილისგან აღებულია დაქტილოსკოპიური ნიმუშები.

„კრწანისის“ ეროვნულ საწვრთნელ ბაზასთან მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ გიორგი შენგელიას ოჯახი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გიორგი შენგელიას ძმა „კრწანისის“ საწვრთნელ ცენტრში მსახურობდა, თუმცა, ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ის ნაწილში არ იქნებოდა. გარდაცვლილის მამა არ იზიარებს თავდაცვის სამინისტროს ვერსიას და აცხადებს, რომ მთავარი მოთხოვნაა სწორად გამოიძიონ საქმე და ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარდეს.

„ჩემს შვილს იარაღი არადროს ჰქონია, არც ყაჩაღი ყოფილა და არც ნასამართლევია. ალბათ, გამოძიება ყველაფერს გაარკვევს. ჩემი მეორე შვილი არ იყო მასთან ერთად ბაზაზე, ეს ტყუილია. გამოვრიცხავ იმ საღამოს მის ძმასთან ყოფილიყო. ჩემი მთავარი მოთხოვნაა ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარდეს. ალბათ, გაარკვევენ მასზე რატომ გამოაცხადეს ძებნა.

იმ ვერსიის, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ დადო, არ გვჯერა. სროლა თუ იყო და კაცი თუ მოკლეს, რატომ არ მოძებნეს? განგაში ხომ ატყდა? რატომ მაშინვე არ მივიდნენ? სისხლისგან რომ დაიცალა ბიჭი მერე რომ ნახეს, მაინტერესებს სათვათვალო კამერებმა არაფერი გადაიღო? ვითხოვ სათვალთავლო კამერების ჩანაწერსაც“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას რომან შენგელიამ.

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით:

„დილით, 03:30 საათზე 3 პირი უკანონოდ შეიჭრა სასწავლო ცენტში, რომელიც დაცულია და გუშაგი მოიქცა აბსოლუტურად ნორმების დაცვით. გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს იმ ორი თანხმლები პირის დადგენაც. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში ნაპოვნი იქნა მობილური ტელეფონი და პისტოლეტი. გამოძიება ამომწურავ ინფორმაციას ახლო მომავალში იტყვის ამაზე“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

ექსპერტების შეფასებით, თავდაცვის სამინისტრომ უტყუარი მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს, რომ კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე რეალურად ჰქონდა უცხო პირების მიერ შეჭრას ადგილი. ასევე, დასადგენია რა ვითარებაში განახორციელა გუშაგმა გასროლა, უშუალოდ კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე უცხო პირის შესვლის შემდგომ, თუ სასწავლო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საჭევო პირების მიახლოვების შემდეგ.

სამხედრო ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის იოსებ ჭონქაძის განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგიონს რა მოტივი ამოძრავებდათ სასწავლო ცენტრში შემღწევ პირებს და როგორ მოახერხეს გარდაცვლილის თანამზრახველებმა მიმალვა.

„გამოძიებამ უნდა დაადგინოს კრწანისის სასწავლო ცენტრზე განხორციელბულ შეღწევას რაიმე კავშირი ხომ არ აქვს „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან საქართველოს მიმართულებით ტერორისტული აქტების განხორციელების მუქარასთან. როგორც ცნობილია კრწანისის სასწავლო ცენტრში ხშირად სწავლებებს გადიან ამერიკელი და ნატოს ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები.

საინტერესოა, შეჭრის მსურველების სამიზნეს ხომ არ წარმოადგენდა საქართველოში მყოფი უცხოელი სამხედროები. იმედია სამართალდამცავი ორგანოები ჩაატარებენ ეფქეტურ გამოძიებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რომელიც ყველა კითხვას გასცემს პასუხს“, – განაცხადა gmas.ge-სთან საუბრისას იოსებ ჭონქაძემ

სამხედრო ექსპერტის ზურაბ აგლაძის შეფასებით, გუშაგის ქმედა ჯდება საყარაულო წესდების მე-5 მუხლში, რაც ნიშნავს, რომ გუშაგმა შეასრულა დაკისრებული უფლებამოვალეობა.

„უნდა აღვნიშნო, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ჰქონდა თუ არა პისტოლეტი, ღამის 3 საათზე სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე შესვლა ძალიან დიდ რისკთან არის დაკავშირებული. იმიტომ, რომ ეს არის სამხედრო ობიექტი, მას იცავს შეიარაღებული ადამიანები, მათ აქვთ კანონის მიერ მინიჭებული უფლება, რომ გამოიყენონ იარაღი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ შეჭრას ნაწილის ტერიტორაზე“, – აცხადებს ზურაბ აგლაძე.

აგლაძე ელოდება გამოძიების საბოლოო ვერსიას. მისივე თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოტივი შეიძლება სხვადასხვა იყოს.

„ერთმნიშვნელოვანია, დადგენილი იქნას მოტივი, თუ რა მოტივი ამოძრავებდათ ამ ადამიანებს, რადგან მოტივი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მარტო „ისლამური სახელმწიფოს“ და მეგობრის ნახვის მოტივის გარდა, ძალიან ბევრი მოტივია და შეიძლება საერთოდ სხვა მოტივი ამოძრავებდათ ამ ადამიანებს. თუმცა, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ამ ადამიანის კავშირი მისი წარმომავლობიდან გამოდინარე ნაკლებად სავარაუდოა. გამოძიება იმუშავებს ყველა ვერსიაზე, დაველოდოთ გამოძიების საბოლოო ვერსიას“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.

სამხედრო მიმომხილველი, ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ წესით, გამოძიებას არ უნდა გაუჭირდეს ყველა დეტალის გარკვევა, ვინ სად იდგა და საიდან მოხდა გასროლა.

„ვფიქრობ, რომ ამ საკითხის დრამატიზირება არ ღირს. რამდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვევა. მაგრამ თუ ეს ადამიანები გადასული იყვნენ გუშაგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ასეთ შემთხვევაში გუშაგის, რომლის ამოცანაა დაიცვას ეს პერიმეტრი, ვალდებულია ჯერ გააფრთხილოს სიტყვიერად, თუ არ დაემორჩილა, ერთი გასროლა მოახდინოს ჰაერზე, ამის მერე მას უფლება აქვს ესროლოს პერიმეტრის დამრღვევს, ეს წერია წესდებაში.

თუ გამოძიებამ დაადგინა, რომ შეჭრას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, მაშინ უნდა ეძებონ მოტივი – რატომ გადადის შუაღამით, შუა მინდორში, ტალახში ადამიანი სამხედრო ნაწილში და რა მიზანი შეიძლება ყოფილიყო. წინასწარ მოტივზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილმა.

წყარო: for.ge

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ცნობით გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: კრწანისის ...