ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

არჩევნების წინ ქვეყანა მონეტარულ ხაფანგშია!

არჩევნების მეორე ტურის წინ ლარის საქმე უკან-უკან მიდის. ბოლო ერთი თვეა, ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ოპტიმისტურ პროგნოზსაც ვერავინ აკეთებს. ლარი უკვე იმ მაჩვენებელზეა, როცა გამყარებაზე საუბარი აღარც მიდის. მინისტრები დრო და დრო აცხადებენ, რომ ლარი გამყარდება საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუმცა თვეები გადის და სასიკეთო ცვლილება სავალუტო ბაზარს არ ეტყობა. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ეროვნული ვალუტა როგორმე დასტაბილურდეს. საუკეთესო შემთხვევაში ლარი გაჩერდება არსებულ ნიშნულზე ან ცოცვა-ცოცვით გააგრძელებს გაუფასურებას.

ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.41-ს მიუახლოვდა, ხოლო სავალუტო პუნქტებში 2,42-საც გადაცდა. ეს ნიშნავს, რომ ბოლო 8 თვის განმავლობაში ასეთი მაღალი კურსი არ გვქონია. რაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა შეიცვალა, ასეთი გაუფასურებული ეროვნული ვალუტა არ ყოფილა.

საქმე იმდენად რთულადაა, რომ მთავრობა ბრმა იმედსაც კი ვერ უსახავს ხალხს. ხელისუფლება კარგავს სიტუაციაზე კონტროლს, მაგრამ კარს მომდგარი მეორე ტურის წინ კვლავაც “კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე” ლაპარაკობს. ასეთ პირობებში როგორ უნდა მოხერხდეს ეკონომიკური წინსვლა, ძნელი სათქმელია. ლარის ვარდნის გამო ხალხი გაღიზიანებულია და არჩევნების მეორე ტურის წინ დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს.

ექსპერტების უმრავლესობა რატომღაც ფიქრობს, რომ ფუნდამენტური ფაქტორები ლარის სასიკეთოდაა, არადა დევალვაციის კონკრეტული მიზეზის დასახელებისგან ყველა თავს იკავებს. ეს კი კურსთან დაკავშირებულ პერსპექტივას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ამბობს, რომ ბოლოდროინდელი სავალუტო ცვლილება საფინანსო სექტორში განხორციელებულ მსხვილ ტრანზაქციას, კერძოდ, “თიბისი ბანკის” მიერ ბანკი “რესპუბლიკას” შესყიდვას უკავშირდება.

“დღესდღეობით ვერ ვხედავ მიზეზს, რაც გვაფიქრებინებს, რომ არსებული კურსი არჩევნების შედეგზე ზემოქმედებას მოახდენს. თავიდან ბოლომდე ვიზიარებ მთავრობისა და ეროვნული ბანკის პოზიციას, რომ ბოლოდროინდელი ცვლილებები დაკავშირებულია ტრანზაქციებთან, მხედველობაში მაქვს “თიბისი ბანკის” მიერ ბანკი “რესპუბლიკას” შესყიდვა, რამაც გამოიწვია ვალუტის გაუფასურება. მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, არ იკვეთება ისეთი მიზეზი, რასაც შეეძლო ლარის ვარდნა გამოეწვია.

ქვეყანაში მოქმედებს მცურავი კურსის რეჟიმი, რაც გულისხმობს მოთხოვნა-მიწოდებაზე დამოკიდებულებას. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში პროგნოზი, ვისი მხრიდანაც არ უნდა გაკეთდეს, სწორად არ მიმაჩნია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც რამდენიმე მიმართულებით არის გაუმჯობესებული. ეს შეიძლება იყოს უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვები, ტურიზმიდან შემოსავალი და სხვა, რამაც კურსი უფრო მეტი გაუფასურებისგან იხსნა”, – აღნიშნავს გვიდიანი.

მას არც საგარეო ვალი ავიწყდება, რომელიც ქვეყანამ წლის ბოლოს უნდა გაისტუმროს. როგორც აფბა-ს ანალიტიკოსი ამბობს, უახლოეს პერიოდში 900 მლნ ლარის გასტუმრება მოგვიწევს, რაც კურსზე უარყოფითად აისახება.

საფინანსო სექტორში განხორციელებული მსხვილი ტრანზაქციის კურსზე გავლენასთან დაკავშირებით განმარტება “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემაც გააკეთა. ჟურნალისტის შეკითხვას, რეალურად იგრძნობა თუ არა ტრანზაქციის გავლენა კურსზე, ბუცხრიკიძემ უპასუხა, რომ შეიძლება ამ პროცესს ეფექტი მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში ჰქონოდა. ამასთან, ბანკის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ლარის კურსი სტაბილურობას შეინარჩუნებს.

“ბანკი “რესპუბლიკას” შემთხვევაში ჩვენი ტრანზაქცია 100 მილიონ დოლარს მოიცავდა. როდესაც დავიწყეთ ამ გადარიცხვაზე მუშაობა, იმ მომენტიდან დავიწყეთ მომზადება და მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ სავალუტო ბაზარზე ამას გავლენა არ მოეხდინა. მნიშვნელოვანია ფუნდამენტური ფაქტორები, რომელიც მოქმედებს ლარის სტაბილურობაზე. ჩვენი პროგნოზით და ასევე სხვადასვხა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების გათვლით, საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში იგივე სიტუაცია შენარჩუნდება, რაც დღეს არის, ლარი საკმაოდ სტაბილური უნდა იყოს მომავალი 2 წლის განმავლობაში”, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ლარის კურსთან დაკავშირებით სასიკეთო ცვლილებას საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი ჯერჯერობით არ ელოდება. ეკონომიკამ ჯერჯერობით ვერ იპოვა ის ძირითადი ღერძი, რომლის საშუალებითაც მოხდებოდა გარდატეხა და ცვლილება ლარის გაცვლით კურსთან მიმართებით.

“დღეს ქვეყანა მოქცეულია მონეტარულ ხაფანგში. ეკონომიკის ზრდის ტემპი ზომიერია, ინფლაცია – ძალიან დაბალი. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ მეტი სტიმული მიეცეს ეკონომიკის განვითარებას. თუმცა, ყოველი ხელოვნური იმპულსი, თუნდაც რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, საგრძნობლად მოქმედებს ლარის გაუფასურებასზე. ბუნებრივია, ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად ხდება ეკონომიკის გადასვლა ისეთ მდგომარეობაში, როცა მომავალი გაურკვეველი ხდება და პროგნოზირება ჭირს.

ამგვარი მონეტარული ხაფანგიდან გამოსვლის ფუნდამენტური გზაა ინვესტიციების შემოსვლა, ფულადი გადმორიცხვები, ექსპორტის სტიმულირება და სხვა. თუმცა ვხედავთ, რომ ნაბიჯები, რომელიც უზრუნველყოფს ლარის სტაბილურობას, არ არის ისეთი ეფექტური, რომ გაუფასურების მოლოდინი გაანეიტრალოს. შესაბამისად, კურსიც დროთა განმავლობაში მდორედ უფასურდება”, – აცხადებს თოქმაზიშვილი.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ მეგაპროექტები ამუშავდეს და დიდი ინვესტიციები შემოვიდეს, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, კურსი დააბალანსოს. მხედველობაშია ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც არჩევნების შემდეგ არის დაგეგმილი.

წყარო: “რეზონანსი”

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

x

ასევე ნახეთ

დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ცნობით გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: კრწანისის ...