ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

მიხეილ მაჭავარიანი – სააკაშვილისთვის პარტია არ აგვიხევია; მომდევნო ოთხი წელი ლაითი ნაციონალი ვიქნები

აახიეს თუ არა მიხეილ სააკაშვილს პარტია, რა აზრი აქვს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას, გადაუხადა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების „გაპრავებისთვის“ ფული? – ამ თემებზე „ახალ თაობას” “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ესაუბრება.

30 ოქტომბერს 50 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთის კონკურენტებად ნაციონალები და ოცნება ხართ. ნაცმოძრაობის მომხრეების ნაწილი მეორე ტურების წინააღმდეგია. მათი თქმით, მეორე ტურში მონაწილეობით თქვენ ივანიშვილს არჩევნებსუპრავებთ. მართლა ასეა?

– რას ჰქვია, არჩევნებს „ვუპრავებთ“?! არჩევნების „გაპრავება“ ის იქნებოდა, ხელები ჩამოგვეშვა და გველაპარაკა, რომ უსამართლოდ ჩაატარეს. არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების პრეცედენტები საქართველოში არაერთხელ ყოფილა, რაც, ჩემი აზრით, არასწორია. თუკი შენ გყავს ამომრჩეველი, უნდა იბრძოლო. ბრძოლისთვის თავის არიდებით მათ იმედებს გაუცრუებ და შეაგუებ უსამართლობას. ყველამ თუ ხელები ჩამოვუშვით და დაველოდეთ, რომ უსამართლობა თავისით გადაივლის, მაშინ პოლიტიკას უნდა შევეშვათ, ექსპერტობას მივყოთ ხელი და ტელევიზორში ვაჯამოთ რაღაცები.

პირადად თქვენ მხარს უჭერდით მეორე ტურში მონაწილეობას თუ მეგობრების პოზიციას სცემთ პატივს?

– მე მეორე ტურსაც მხარს ვუჭერდი და პარლამენტში შესვლასაც. მიმაჩნია, რომ პარტიამ ყველა არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. არჩევნები პარტიებისთვის არის ტესტი. არჩევნების შედეგების მიხედვით ხვდები, რამდენად სწორად იქცევი.

ამ არჩევნების შედეგების მიხედვით ტესტის პასუხი როგორია?

– ცუდი არ არის. შედეგების მიხედვით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩვენი ამომრჩევლის რაოდენობა გაიზარდა.

ექნება აზრი პარლამენტში მცირერიცხოვანი ნაციონალების შესვლას? ოპონენტები ამბობენ, რომოცნების უმრავლესობის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობთ. რა უნდა გააკეთოს ნაცმოძრაობამ პარლამენტში?

– რასაც ამ 4 წლის განმავლობაში ვაკეთებდით. 2012 წელს პარლამენტში 63 კაცი შევედით, ბოლოს დავრჩით 45. მართალია, რიცხობრივ უმცირესობაში ვიყავით, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს ვაკეთებდით. ახლაც ასე იქნება, ჩვენი მეგობრები იმას გააკეთებენ, რასაც ჩვენ ვაკეთებდით.

ახლა ბევრად ცოტანი იქნებიან და არ გაუჭირდებათ?

– არ გაუჭირდებათ. „ოცნებას“ ტყუილად უხარია ეს გამარჯვება. მართალია, არჩევნები მოიგეს, მაგრამ ამაში კრიმინალები დაეხმარნენ და ეს მათ ძალიან ცუდად შემოუტრიალდებათ. ახლა ისინი ბევრად მეტნი იქნებიან პარლამენტში, მაგრამ ბრძოლას მაინც აქვს აზრი.

რა აზრი აქვს? რა შედეგს მიაღწევენ?

– რა აზრი აქვს? ხალხს თეთრსა და შავს დაანახებენ. ეს არ არის პატარა ამბავი. მცირერიცხოვანი ჯგუფი არც ისეთი ხელწამოსაკრავია. მინდა გავახსენო ყველას 15 წლის წინ პარლამენტში განვითარებული მოვლენები. როცა ზურაბ ჟვანიამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მის გარშემო პატარა ჯგუფმა მოვიყარეთ თავი. ნაციონალებს ჩვენზე პატარა გუნდი ჰყავდათ. ჩვენ მაშინდელ ხელისუფლებას ვამხელდით. ნელ-ნელა გავძლიერდით და 2003 წლის ნოემბერში ხელისუფლებაშიც მოვედით.

ფიქრობთ, რომ ახლაც იგივე იქნება?

– ვფიქრობ კი არა, აუცილებლად ასე მოხდება.

ამ 4 წლის განმავლობაში რატომ ვერ გაძლიერდით?

– როგორც ჩანს, ეს 4 წელი არ იყო საკმარისი და აქ მხოლოდ ჩვენი ბრალეულობა არ არის.

აბა, ვისი ბრალია?

– საზოგადოების ნაწილი შეშინდა. მინდა, ერთ რამეს თქვენმა მკითხველმა მიაქციოს ყურადღება – 8 ოქტომბრის მერე ნაციონალებზე არანაირი ფარული ჩანაწერი არ გავრცელებულა, არც ის უთქვამს ვინმეს, რომ ჩვენ გადატრიალებისთვის ვემზადებოდით. ასეთ რამეებზე სუსი არ ისმის, რაც ნორმალურად არ მიმაჩნია.

რატომ არ მიგაჩნიათ ნორმალურად?

– ერთი წლის წინ სახელმწიფოს გადატრიალების მუხლით ჩვენ წინააღმდეგ აღიძრა საქმე. ერთი წელი გადის და ამ თემაზე ხმას არავინ იღებს. უკვე ყველასთვის ნათელია, თუ რატომ დაიწყო ეს გამოძიება – „ოცნებას“ ხალხის შეშინება უნდოდა. არჩევნების წინაც მხოლოდ იმაზე ლაპარაკობდნენ, რომ არეულობა და უბედურება იქნება. ვერც თქვენ გამახსენებთ და ვერც მე გაგახსენებთ, რა საარჩევნო დაპირება გასცა ბიძინა ივანიშვილმა. ის გამუდმებით იმაზე აკეთებდა აქცენტს, რომ ნაციონალების დაბრუნების საფრთხე არსებობს. აი, ეს იყო მათი დაპირება. ახლა, იცით, რა მოხდება? ხალხი არსებულ ვითარებას თუ გააპროტესტებს, გამოვა ის ბრძენი კაცი და იტყვის, არაფერს დაგპირებივართ და რა უნდა შეგისრულოთო. მართალიც იქნება, ვერ შეედავები.

მისი მთავრობის წევრებმა ხომ მისცეს ხალხს დაპირებები?

– მერე რა. ეგრე დაპირებები 2012 წელს რომ დაარიგეს, მსგავსი არსად თქმულა, მაგრამ ვერ გაიმართლეს თავი? ხალხს იქით სდებდნენ ვალს, თქვენ მხოლოდ იმიტომ მოგვეცით ხმა, რომ სამართლიანობა აღგვედგინაო. ახლა იტყვიან, ხმა იმიტომ მოგვეცით, რომ ნაციონალები არ მოგვეშვაო.

ბრძენი კაცი ახსენეთ და ბოროტი ხმები ამბობენ, რომ მან ნაცმოძრაობის ნაწილი იყიდა. საუბარია იმ ნაწილზე, რომელიც მეორე ტურის ჩატარებას უჭერდით მხარს. ამაზე რას იტყვით?

– ვაიმე! რა ყიდვა და რა გაყიდვა. ეს არის უნამუსო ჭორი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ააგორეს. მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში თუ ხარ, აუცილებლად უნდა იბრძოლო.

კარგია, საბრძოლო განწყობა რომ გაქვთ, მაგრამ თავად პარტიაში არის ასეთი სულისკვეთება? ამბობენ, ნიკა მელია პარტიიდან გიგი უგულავას კადრებს უშვებსო. ეს განცხადება პარტიიდან გარიცხულმა ქეთი ქოჩორაშვილმა გააკეთა...

– რა გაყრა? მსგავსი არაფერი მომხდარა. ქეთი ქოჩორაშვილის ამბავი გიგისთან შეთანხმებული იყო.

უგულავას ეს გადაწყვეტილება როგორ შეუთანხმეთ, ის ხომ ციხეშია?

– ადვოკატის მეშვეობით. ის ჩვენს გადაწყვეტილებას დათანხმდა. ამ გადაწყვეტილებას მეც დავუჭირე მხარი.

რატომ იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული? სიის მიხედვით, ირაკლი აბესაძის ნაცვლად თბილისის საკრებულოში შესვლა ქეთი ქოჩორაშვილის ეკუთვნოდა...

– ეკუთვნოდა, მაგრამ პარტიამ გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე დედაქალაქის საკრებულოში დავით ავალიანი უნდა შესულიყო.

ავალიანი რატომ უნდა შესულიყო?

– იმიტომ, რომ ის არის გამოცდილი და მებრძოლი ადამიანი. სიიდან, ქოჩორაშვილის გარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანი ამოიღეს, მაგრამ მათ ამაზე ერთი ამბავი არ მოუწყვიათ. ისინი გაგებით მოეკიდნენ ამ ამბავს.

გინდათ თქვათ, რომ პარტიაში ყველაფერი რიგზეა, დაპირისპირება არ არის და მაგრად ხართ?

– გარეთ როცა გამოვდივართ, ძალიან მაგრად ვართ. უფრო მაგრადაც უნდა ვიყოთ.

გამოდის, რომ შიგნით დაპირისპირებაა...

– რაც დღეს ჩვენს პარტიაში ხდება, დაპირისპირება არ არის. ამას ჰქვია დისკუსია. ასეთი რამე ნაცმოძრაობაში ხშირად ყოფილა. საკმაოდ ცხარე დისკუსია იყო აღმასრულებელი მდივნის არჩევაზე. ადამიანის ნაწილს უნდოდა გიორგი ვაშაძე, ნაწილს, მათ შორის მეც, უნდოდა რატიანი. ავირჩიეთ სერგო რატიანი და აღმოჩნდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.

რატომ ფიქრობთ, რომ მისი არჩევით სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ?

– აბა, ვაშაძე უნდა აგვერჩია? ძალიან მალე ვნახეთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც, თავისას თუ ვერ გაიტანს, გაგყიდის.

ვაშაძე ახსენეთ და მის გუნდში ამბობენ, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ნაცმოძრაობა უარყო. მათი თქმით, მისი სიმართლე ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა...

– რა სიმართლე? ეგენი საერთოდ ვისზე რას ლაპარაკობენ. მეც მოვისმინე ეს განცხადება და თურმე ჩვენ პარტიის განახლებას ვუშლიდით ხელს. ხომ შექმნა ამ სუბიექტმა თავისი პარტია და ერთი მითხრას, ახალი ხალხი მიიყვანა იქ? ერთი თავისი პარტია განაახლა, მეორე – ბურჭულაძე და მესამე ჩვენ განგვაახლებდა. ბიჭო, სხვის თვალში რომ ბეწვს ეძებ, საკუთარ თვალში დირე არ უნდა დაინახო? მაგან მიხედოს თავის თავსა და ბარიერს მიღმა დარჩენილ პარტიას.

მისი გუნდი ამბობს, რომ ლიდერშიფი თქვენ, ბოკერია, ნადირაშვილი სააკაშვილს არ აგებინებდნენ, პარტიაში რა ხდებოდა. მართალია ეს ამბავი?

– რანაირად არის მართალი, კაცო? მიშა სააკაშვილი ყველაფრის საქმის კურსში იყო.

არჩევნების შემდეგაც ყველაფრის საქმის კურსშია, ამბობენ, ბოკერიას ფრთამ პარტია აახიაო...

– ესეც სისულელეა, არანაირი ახევა არ მომხდარა. მიშა რჩება ჩვენი პარტიის ლიდერად.

ლიდერად კი რჩება, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღებაში რამდენად მონაწილეობს?

– თუ მისი ჩართვის საჭიროება არსებობს, მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღებაში, თუ არ არის საჭიროება, არ მონაწილეობს.

ანუ ისეთი აქტიური აღარ არის?

– ყველაფერი ისეა, როგორც აქამდე იყო. ის თავის პოზიციას აფიქსირებს და გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო იღებს. მეორე ტურზე და პარლამენტში შესვლაზეც ასე იყო, მიშამ დააფიქსირა თავისი აზრი. დავით ბაქრაძე წავიდა და რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. აღმოჩნდა, რომ პარტიის უმრავლესობა მხარს უჭერდა ბრძოლის გაგრძელებას. საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ მიიღო. მართლა არ მესმის, ამაზე რატომ არის ასეთი ამბავი ატეხილი. აქამდე იმას აპროტესტებდნენ, სააკაშვილი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებსო. ახლა პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა და სააკაშვილი ჩახსნესო.

ფაქტია, რომ მისი აზრი არ გაითვალისწინეთ...

– ეს ჩახსნას არ ნიშნავს. ის არის ჩვენი პარტიის ლიდერი. ჩვენ გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე ვიღებთ.

მოდით, პირადად თქვენზეც ვისაუბროთ, პარლამენტში არ მოხვდით და რის გაკეთებას აპირებთ, სხვებივით პოლიტიკიდან წახვალთ?

– მთლად არ წავალ. მინდა, ცოდნა გავიღრმავო. ვაპირებ დისერტაციის დაწერას და მინდა, ლექციების კითხვა დავიწყო. ვაპირებ, ოჯახს მეტი დრო დავუთმო. აქედან გამომდინარე, პარტიისთვის ისე აქტიურად ვეღარ მოვიცლი, მაგრამ რჩევებით ყოველთვის დავეხმარები.

პარტიიდან წახვალთ?

– პარტიიდან შორს არ წავალ, მაგრამ ისევ ისე ვეღარ ვიმუშავებ.

ლაითი ნაციონალი იქნებით?

– მომდევნო 4 წელი ლაითი ნაციონალი ვიქნები.

4 წლის მერე რა იქნება?

– ამას 4 წლის მერე ვნახავთ.

წყარო  : „ახალი თაობა“

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათზე მეტია გრძელდება დასრულდა

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც უკვე 20 საათზე მეტია სპეცოპერაცია მიმდინარეობს დასრულდა. როგორც GNN-ის კორესპოდენტი ადგილიდან ...