ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

სოსო ცისკარიშვილი – “კობახიძის ზედმეტად კაბინეტური ხასიათი პარლამენტის სპიკერობას არ შეეფერება…”

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ რესპუბლიკურ პარტიაში მიმდინარე მოვლენები დიდი ხნის გადახარშული თემაა. არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პარტიის ლიდერების გუნდიდან წასვლა მოსალოდნელიც კი იყო და შესაბამისად, პოლიტოლოგის აზრით, ეს გასაკვირიც არ ყოფილა. ამბობს, რომ სწორედ ამ ფონზე “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს” პრინციპი უფრო გამართლებული და სწორია, ვიდრე დამარცხებული პარტიის მუდმივი ჭირისუფლის როლში ყოფნა.

ცისკარიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას მინისტრთა კაბინეტსა და პარლამენტში შესაძლო თანამდებობების გადანაწილების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიუხედავად დაუდასტრურებელი ცნობებისა, შფოთვის საფუძველი უკვე არსებობს. მისი შფოთვა კი მომავალი პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურასა და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე განსახილველ პერსონას უკავშირდება. ამ და სხვა საკითხებზე “რეზონანსი” სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

 “რესპუბლიკელებისა” და “თავისუფალი დემოკრატებისთვის” ერთ ქვაბში მოხარშვა სამართლიანი არ იქნება.

როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ ალასანიას ყოფილი თანაგუნდელები ახლა შესაძლოა, მინისტრთა კაბინეტშიც კი ვიხილოთ? თქვენი შეფასებით, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს ამ პარტიის ყოფილმა ლიდერებმა, როცა ფაქტობრივად კვლავ “ქართულ ოცნებას” დაუბრუნდნენ?

 საოცნებო სივრცე გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ერთი პარტია და “ქართული ოცნება”. ასე რომ, ვინ სად აღმოჩნდება, ამას წინასწარ ვერ გავიგებთ. თუ “თავისუფალი დემოკრატების” გამოცდილი და უკვე ყოფილი პროფესიონალი კადრი სამთავრობო თანამდებობას დაიკავებს, ეს მხოლოდ წინ გადადგმული და სახელმწიფოებრივი ნაბიჯი იქნება.

როდესაც ხელისუფლების მქონე პარტია მხოლოდ შიდაპარტიული ინტერესების გარემოში არაა ჩაკიდული, ეს ძალიან კარგია და ამას სრულიად ჯანსაღ მიდგომად მივიჩნევ. მოგეხსენებათ, არებობს თემები, რომლებიც სახელმწიფოს ინტერესს წარმოადგენს. მრავლობით რიცხვში შეიძლება არ მოვიაზროთ, მაგრამ რასაკვირველია, ბატონი ონოფრიშვილის კვალიფიკაცია და მისი დაუსაქმებლობა შესაბამის სისტემაში, ნაკლის ზრდა უფრო იქნებოდა.

რაც შეეხება ჩვენი შეკითხვის მეორე ნაწილს? რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ მარცხის შემდეგ საკუთარი გუნდის დატოვება?

ზოგადად ემოციური ხალხი ვართ და გადაღლილი პოლიტიკოსი უფრო გვაინტერესებს ხოლმე, მაგრამ რეალობა მკაფიო იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დამარცხებული პოლიტიკოსები ან პოლიტიკურ პროცესებს უნდა განრიდებოდნენ ან კიდევ მუდმივი ქელეხის გადახდის პროცესში უნდა გადასულიყვნენ, როგორც დაღუპული პარტიის ჭირისუფლები.

ამ ფონზე “სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო” უფრო სწორი პრინციპია. როცა ფეხბურთის მატჩის მაყურებლები მათთვის მოწინააღმდგე გუნდის სასარგებლოდ 7:0-ს უყურებენ, ისინი სტადიონს ტოვებენ ხოლმე. პოლიტიკაშიც ასე მოხდა და გასაკვირი აქ არც არაფერია.

 რესპუბლიკურ პარტიასა და იქ მიმდინარე მოვლენებზე რას გვეტყვით?

სრულიად სხვა ვითარებაა რესპუბლიკურ პარტიასთან მიმართებაში, ეს თემა პარტიის შიგნითაც ძალიან დიდხანს იხარშებოდა. ხოლო ნაბიჯი, რომელიც უსუფაშვილმა გადადგა, ერთადერთი უმტკვნეული გადაწყვეტილებაა იმ რეალობიდან, რომელიც ამ პარტიას ედგა.

გვახსოვს უწინ ამ პარტიას გარკვეულ ულტიმატუმებსაც უყენებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თუკი ამ პარტიაში ზოგიერთი კადრი არ შეიცვლებოდა, მაშინ არანაირი ფინანსური დახმარება არ იქნებოდა. მაშინ პარტიამ იმარჯვა, არავინ არ გამოიცვალა და წარუმატებლობასაც შეეჩვია, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო.

 უსუფაშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ ოპოზიციურ საქმიანობას პოლიტიკურ ველზე ინდივიდუალურ რეჟიმში გააგრძელებს. ექპერტულ წრეებში უკვე ბევრს საუბრობენ იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, პოლიტიკურ არენაზე ახალი ძალა გამოჩნდეს, რომლის სათავეშიც სწორედაც რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე იქნება. თქვენ რას ფიქრობთ?

 ცხადია, გვარების დასახელება არასერიოზული იქნება, მაგრამ მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ის საკუთარ ახალ პოლიტიკურ სივრცეში “ნაციონალური მოძრაობის” სადისტებს არ მიიპატიჟებს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღევანდელ ვითარებაში ბატონი დავითი საერთაშორისო ასპარეზზე პარტნიორობისთვის ყველაზე წარმატებული და სანდო პოლიტიკოსია. სულერთია, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა.

ვფიქრობ, უსუფაშვილი მაინცდამაინც დამოუკიდებლობას არც ესწრაფვის, უბრალოდ იგი შექმნის სისტემას, სადაც არ მოისაზრება როგორც გერი. მგონია, რომ მას არც კადრების დეფიციტი შეექმნება.

 მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზეც მინდა გკითხოთ, რომელიც სავარაუდოდ მინისტრთა კაბინეტსა და საკანონმდებლო ორგანოში განხორციელდება. თქვენი პროგნოზით ვინ შეიცვლება?

 თქვენ ახლა გსურთ ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესთან უფრო მძაფრად დამაპირისპიროთ? წინმსწრებად რაიმე შეფასება ან პროგნოზი არცთუ ისე მიმზიდველი საქმიანობაა, მაგრამ იმაზე, რაც უკვე მედიის მეშვეობით ვრცელდება, შეფასება შესაძლებელია. ჩემთვის მთავარი მოულოდნელობა ირაკლი კობახიძის პარლამენტის სპიკერად დანიშვნაა. გაკვირვების საფუძველს კი მისი ზედმეტად კაბინეტური ხასიათი მაძლევს, რაც პარლამენტის თავმჯდომარის თანანმდებობას არ შეეფერება. კობახიძე უფრო პრესმდივნის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე რაიმე ახალი აზრის გამვრცელებლისა.

ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში მამშვიდებს, მამამისია, რომელიც ბევრად უფრო კვალიფიციური პოლიტიკოსია. თუკი მას დაუჯერებს, საქმე ცუდად არ წავა, მაგრამ საკითხავი იცით რა არის? ხომ არ გახლავთ უკვე პრივატიზირებული პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე?

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, აქ ჩემი ყურადღება ეკონომიკის სამინისტროსკენაა მიმართული. მაშფოთებს, რომ რატომღაც დღევანდელი ეკონომიკის მინისტრი ფინანსთა მინისტრად მოიაზრდება, ხოლო მის ადგილას ბიზნესომბუდსმენი განიხილება. ეს გახლავთ ჩვენი კადრებთუხუცესის ერთ-ერთი საამაყო კადრი, რომლის დაცული ბიზნესმენი ჩვენ ჯერ კიდევ არ გვახსენდება.

ვისურვებდი, რომ მედიამ მის შესახებ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია გააცნოს. ვფიქრობ, ეს ფაქტი სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, პარლამენტშიც და მის გარეთაც. ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო მაინც პირველი სამი თვე გველოდება, ამიტომ მოვლენებს ძალიანაც ნუ გავასწრებთ, დაველოდოთ მის განვითარებას.

წყარო: “რეზონანსი”

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ცნობით გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: კრწანისის ...