25/04/2024
Latest:
საზოგადოება

„ბანკები და ფინანსები“ “ბანკი რესპუბლიკას” განცხადებას ეხმაურება

,,ბანკი რესპუბლიკა” გაზეთში „ბანკები და ფინანსები“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას („ბანკი რესპუბლიკა“ სკანდალში ეხვევა“) სპეციალური განცხადებით გამოეხმაურება და მედია–საშულებისგან ამ ინფორმაციის იგივე ფორმით  უარყოფა, ან/და მათი განცხადების გამოქვეყნება მოითხოვა. „წინააღმდეგ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას სასამართლოს გზით მოვითხოვოთ ამ ქმედების განხორციელება,“ – ნათქვამია „ბანკი რესპუბლიკას“ განცხადებაში.

„ბანკები და ფინანსები“ და ვებგვერდი  www.bfm.ge აქვეყნებს „ბანკი რესპუბლიკას“ ოფიციალურ განცხადებას.

გამოცემა დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემული პუბლიკაცია ეყრდნობა რამდენიმე წყაროს, რომლებმაც იდენტური შინაარსის ინფორმაცია მიაწოდეს გაზეთს. ბუნებრივია, გამოცემა მსგავსი ხასიათისა და მასშტაბის ინფორმაციას გვერდს ვერ აუვლიდა. პირველი რაც გაკეთდა, იყო ის, რომ შედგა კომუნიკაცია „ბანკ რესპუბლიკას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან, რომლის მხრიდანაც მოხდა ინფორმაციის უარყოფა, რაც აისახა კიდეც პუბლიკაციაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ბანკები და ფინანსების“ მხრიდან ისტორიის გადმოცემისას, პუბლიკაციის არცერთ ნაწილში თხრობა არ ყოფილა მტკიცებით ფორმაში, მიუხედავად იმისა, რომ იმ რამდენიმე წყაროს, რომლებზე დაყრდნობითაც „ბანკები და ფინანსებმა“ ინფორმაცია გაავრცელა, სრულად ენდობა.

მიუხედავად „ბანკი რესპუბლიკას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარმყოფელი განცხადებისა, საკითხთან დაკავშირებით „ბანკები და ფინანსები“ გეგმავს ოფიციალურად მიმართოს, როგორც თავად „ბანკ რესპუბლიკას“, ისე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და „ბანკი რესპუბლიკას“ დამფუძნებელ ფინანსურ ინსტიტუტს –  „სოსიეტე ჟენერალეს“.

„ბანკები და ფინანსები“ მკითხველს დაუყოვნებლივ გააცნობს მიღებული გამოხმაურებების შინაარსს.