ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

საქართველო შავი ზღვის დაცვაში ერთვება

ნატო 300 000 ჯარისკაცის მობილიზებას ორ თვეში გეგმავს

ნატო რუსეთის აგრესიის შესაკავებლად უკვე უპრეცედენტო ზომებს იღებს და, როგორც ჩანს, ამაში ჩართვას საქართველოც აპირებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

სპეციალისტების ნაწილი მისმა განცხადებამ დააბნია, რადგან მათი თქმით, გაუგებარია, როგორ უნდა დაიცვას საქართველომ შავი ზღვის უსაფრთხოება მაშინ, როცა ქვეყანას საზღვაო ძალა არ გააჩნია. მეორე ნაწილი კი ჩვენს ქვეყანასა და ალიანსს შორის ურთიერთობის უფრო ინტენსიურ ფორმაზე საუბრობს და დასძენს, რომ ამ დროისათვის გაურკვეველი დეტალები სულ რამდენიმე თვეში გვეცოდინება.

საკმაოდ შთამბეჭდავი განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოცემა “თაიმსთან” საუბარში გააკეთა. მისი თქმით, რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ნატოს ასი ათასობით სამხედრო საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმში იქნება გადაყვანილი და აქვე დასძინა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სურს, მოამზადოს არსებითი სახმელეთო ძალები, რომლებიც რუსეთის აგრესიის შეკავებას შეძლებენ.

“ჩვენ ვნახეთ რუსეთი, რომელიც ბევრი მიმართულებით გააქტიურდა. ჩვენ ვნახეთ უფრო ხისტი რუსეთი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სამხედრო პოტენციალს არსებითად აძლიერებს, რომელმაც 2 000 წლის შემდეგ თავდაცვის ხარჯები გაასამმაგა, ავითარებს ახალ სამხედრო შესაძლებლობებს, წვრთნის საკუთარ ძალებს და იყენებს სამხედრო ძალას მეზობლების წინააღმდეგ.

“ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთი, რომელიც ევროპაში, ნატოს მოკავშირე ქვყენებში პროპაგანდას იყენებს და სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ რეაგირებს ნატო. ჩვენ ვპასუხობთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი გაძლიერებით ცივი ომის დასრულების შემდეგ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ადამ ტომსონმა კი “თაიმსთან” საუბარში ისიც განაცხადა, რომ ნატოს გეგმაა, საჭიროების შემთხვევაში, 300 000-მდე ჯარისკაცისგან შემდგარი ძალების მობილიზება ორ თვეში შეძლოს. ამჟამად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ამისთვის დაახლოებით 6 თვე სჭირდება.

ამ ყველაფრის პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მნისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის საქართველოს როლზე ისაუბრა და დასძინა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან ერთად ამისათვის საქართველოც აუცილებლად იბრძოლებს.

“შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში საქართველო არის ჩართული. ეს განისაზღვრა ნატოს სამიტზე და ამის შემდეგ ამ მიმართულებით კონსულტაციები არ წყდება. ჩვენ შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი ვიქნებით ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან ერთად და შესაძლოა საქართველო იყოს ჩართული პატრულირებასა და სხვა ასეთი ტიპის ოპერაციებში. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მთლიანად ეს პროცესი ჩვენი ნატოში ინტეგრაციის განუყოფელი ნაწილია”, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელი გიორგი მუჩაიძე ნატოს გეგმებს ლოგიკურად მიიჩნევს იმ ფონზე, რომ 2014 წლის შემდეგ ნატომ რუსეთი ევროპისათვის საფრთხედ აღიარა და ამას შესაბამისი ნაბიჯებიც მოჰყვა – ალიანსის სამხედრო სტრატეგია შეიცვალა და აღმოსავლეთ ფლანგზე მოკავშირეებთან შესაბამისი ნაწილების განლაგება ხდება.

მუჩაიძის თქმით, შეიქმნა სპეციალური შტაბები და იქმნება ბაზა იმ შემთხვევისათვის, თუ რუსეთმა თავისი აგრესიული ქმედებები გააგრძელა და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ნატოელ მოკავშირეებს დაემუქრა, რათა სწრაფი რეაგირების ძალების გადმოსროლა და ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა მოხერხდეს.

სპეციალისტი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ეს გეგმები უკვე რამდენიმე წელია მუშავდება, მაგრამ ახლა უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა, საკომანდო პუნქტები მომზადდა, შესაბამისი კონტინგენტი გადასროლილ იქნა და რამდენიმე ბატალიონის დისლოკაცია მიმდინარეობს, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში და ასევე რუმინეთშიც.

“სტოლტენბერგის ნათქვამი იმაზე, რომ სამჯერ მცირდება დრო საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირების ძალების მობილიზებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია. არ ვფიქრობ, რომ რუსეთთან ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს. პირიქით, ეს მიზანმიმართული და სტრუქტურიზებული პასუხი თავიდან აიცილებს რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების განხორციელებას.

“ანუ, ეს უკვე ძალიან სერიოზული სიგნალია და არა მხოლოდ განცხადებები, რომლის შემდეგაც, რუსეთი უკვე დაფიქრდება, სანამ ევროპის აღმოსავლეთით აგრესიულ ქმედებებს განახორციელებს.

“მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა ნატოს თავდაცვის მინისტრების სხდომა, მინისტერიალი, სადაც უკვე ფოკუსი გაკეთდა შავ ზღვაზე უსაფრთხოების გაზრდასთან დაკავშირებით. როცა ნატოს გენერალურ მდივანს კონკრეტიკაზე ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ თავდაცვის შემდეგ მინისტერიალზე, რომელიც სავარაუდოდ თებერვალში გაიმართება, კონკრეტულ გეგმებსაც წარმოადგენენ.

“ალიანსის მხრიდან ხაზი გაესვა იმასაც, რომ ეს მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების მიერ არ იქნება განხორციელებული და აქ ნატოს პარტნიორი, შავი ზღვის ქვეყნებიც იქნებიან ჩართულები. მათ შორის უკრაინა და საქართველო”, – ამბობს სპეციალისტი.

რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის ჩართულობა იგულისხმება ამაში, მუჩაიძე ამბობს, რომ ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო ყოფნა ერთ-ერთი მნიშნელოვანი კომპონენტი იქნება, ასევე წვრთნები, ვიზიტები და ა.შ. უფრო მეტი დეტალი კი, მისივე თქმით, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კონკრეტული ფორმების შემუშავება დასრულდება.

აქ მნიშვნელოვანი, სპეციალისტის თქმით, ისაა, რომ ქართული მხარე აქტიურად იყოს ჩართული და უსაფრთხოების უზურუნველსაყოფად მაქსიმუმი გააკეთოს, რაც ყოველდღიურ აქტიურობას გულისხმობს თავდაცვის სამინისტროს, პრემიერისა და პრეზიდენტის მხრიდან. ეს ყველაფერი კი, მუჩაიის აზრით, იძლევა იმის საფუძველს, რომ თამამად ვთქვათ – ნატო-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდება.

ამბობს, რომ აქცენტი უკვე შავ ზღვაზე კეთდება. საქართველოს კი, შავი ზღვის რეგიონში, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად მოიაზრებენ.

“კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს რუსეთის აგრესიას არათუ გაზრდის, არამედ ხელს შეუწყობს რუსეთის მხრიდან აგრესიის შეკავებას. როცა ყირიმის ოკუპაცია მოხდა, უკრაინის მხრიდან არცერთი ტყვია არ ყოფილა ნასროლი და არანაირი აგრესული სამხედრო ქმედება და პროვოკაცია არ ყოფილა, მაგრამ ამის მიუხედავად რუსეთმა აგრესიული ქმედება მაინც განახორციელა.

“ანუ, ლოგიკა პირიქითაა – ნატო უფრო აქტიური უნდა იყოს, სერიოზული სიგნალები გაგზავნოს არა მხოლოდ განცხადების, არამედ სამხედრო განლაგების გაზრდით და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება იმის მოლოდინი, რომ რუსეთის აგრესიის შეკავება მოხერხდება და უსაფრთხო გარემო შეიქმნება”, – აცხადებს მუჩაიძე.

სიტუაციას რთულს უწოდებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია. ამბობს, რომ, როგორც ჩანს, ალიანსმა თავისი დანაყოფების გაძლიერება და საბრძოლომ მზადყოფნაში მოყვანა უკვე უშუალოდ დაიწყო. ამბობს, რომ ამ გაერთიანებაში მთლიანობაში 500 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე ირიცხება.

ეს ყველაფერი კი, მაისაიას არ აკვირვებს იმ ფონზე, რომ რუსეთი ჰუმანურობის ფარგლებიდან საერთოდ გამოვიდა. მისი თქმით, პუტინი უკვე საგანგებო საბჭოს შეკრებას აპირებს. ამერიკელებმა კი, ამ ფონზე, კიბერ-ომის დაწყება დააანონსეს.

“მათ რუსეთს ოფიციალურად განუცხადეს, რომ კიბერშეტევას იწყებენ კრემლის მიერ მართულ სტრუქტურებზე და მათ პროპაგანდისტულ ელემეტებზე. ორიოდ დღის წინ კი რუსეთმა არარიგგარეშე სამხედრო საჰაერო წვრთნები დაიწყო, სადაც ყაზახეთის, სომხეთის, ბელორუსიისა და რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალები მონაწილეობენ.

“ასევე, რუსეთმა დააფიქსირა სტრატეგიული დამრტყმელი ავიაცია. ანუ, ის უკვე ფაქტობრივად ბირთვული იარაღის გამოყენებით საბროლო ოპერაციების განვითარების სცენარსაც კი იხილავს. ეს ყველაფერი ამ წვრთნების ფარგლებში მოხდა.

“როგორც ხედავთ, სიტუაცია თანდათანობით სულ უფრო და უფრო იძაბება და სტოლტენბერგის განცხადებაც ცხადჰყოფს, რომ ამ ყველაფერს მეორე მხრიდანაც ადეკვატური რეაგირება მოჰყვა”, – აცხადებს მაისაია.

რაც შეეხება კვირიკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვაში საქართველო აქტიურად იქნება ჩართული, მაისაია გაუგებარს უწოდებს და ამბობს, რომ არ იცის თუ რამ მისცა პრემიერს ამ ყველაფრის თქმის საფუძველი მაშინ, როცა საქართველოს საზვაო ძალები და ფლოტი არ გააჩნია.

ამ კომპონენტის გარეშე კი ჩვენი ჩართულობა შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების მოდელში, მისი თქმით ნონსენსია. დასძენს, რომ მისი განცხადება ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა.

“შეიძლება ის იგულისხმა, რომ თუკი ნატოს ამ სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების შექმნის შემთხვევაში იგი საქართველოს ტერიტორიაზეც გავრცელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ნატომ მეხუთე მუხლით ნაკისრი ვალდებულება კოლექტიური დაცვის თაობაზე საქართველოს საზღვაო აკვატორიაზეც გაავრცელა. ასე რომ, ეს ცოტა გაუგებარია.

“ან შეიძლება სახმელეთო-სანაპირო დაცვის ღონისძიებებში მივიღოთ მონაწილეობა. ან ჩვენ პორტებში ნატოს სამხედრო გემები შემოვიდნენ და ისინი მატერიალურ ბაზად გამოიყენონ, ან ერთობლივი წვრთნები ჩატარდეს. ჩვენი ჩართულობის სხვა ფორმას ვერ ვხედავ”, – დასძენს მაისაია. წყარო: რეზონანსი

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

ლარის კურსი დღეს

აშშ დოლარი გამყარდა და 2.4217 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4104 ლარი იყო. შესაბამისად, ...