ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

ვაზიანში “ნატო-საქართველოს სწავლება 2016” დაიწყო

ვაზიანში, IV მექანიზირებულ ბრიგადაში “ნატო-საქართველოს სწავლება 2016” ოფიციალურად გაიხსნა. სწავლების დაწყებამდე ბრიგადის შტაბის საკონფერენციო დარბაზში მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა საქართველოში სწავლების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქართველი სამხედროებისთვის უნიკალურ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

“ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში დაარსებული წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) პირველად მასპინძლობს ნატო-საქართველოს ერთობლივ სიმულაციურ სწავლებას.

ასევე, პირველად ხდება ნატოს ისტორიაში, როდესაც დაგეგმვის პროცესიდან აღსრულებამდე საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ახორციელებს ქმედებებს. მნიშვნელოვანია ამ სწავლების ჩატარება საქართველოში, რადგან ეს ნატოს მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის დასტურია საქართველოს მისწრაფებებისადმი, რომელსაც განუხრელად ახორციელებს ქვეყანა და ქვეყნის ყველა სახელმწიფო უწყება.

„ნატო-საქართველო 2016“ სწავლების ჩატარების შემადგენელ ელემენტს კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირება წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქართველ სამხედროებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ნატოელ მოკავშირეებთან და ყველა ჩართულ ელემენტთან ერთად შეიძინონ და განიმტკიცონ უნარები, რომელიც შემდეგ საშუალებას მისცემს თვითონვე უწყებათაშორის ფორმატში რეაგირება განახორციელონ ნებისმიერი ხასიათის კრიზისზე“, – აღნიშნა ლელა ჩიქოვანმა და სწავლების მონაწილეებს წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

“სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანია საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება, რათა სამხედროებმა საერთაშორისო სწავლებებისა და ოპერაციების დროს ერთობლივად და შეთანხმებულად იმოქმედონ.

დარწმუნებულები ვართ, რომ სწავლების დასრულების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო თავსებადი გახდება ნატოსთან და ჩვენი სამხედროები შეძლებენ ეფექტურად დაგეგმონ და კოორდინაცია გაუწიონ მრავალეროვნულ ქვედანაყოფებს კრიზისების მართვის ოპერაციების დროს“, – განაცხადა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

‘წვრთნა უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომელსაც უკვე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის და ალიანსის კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ამგვარი თანამშრომლობა და პარტნიორობა კი, უსაფრთხო გარემოს შექმნის საწინდარია, რაც ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს“, – აღნიშნა ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ლადისლავ იუნგმა.

ნატო-საქართველოს სამხედრო ურთიერთობებზე ისაუბრა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პოლკოვნიკმა ტორსტენ კიოლერმა. როგორც მან აღნიშნა, სწავლება საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობაში წინგადადგმული ნაბიჯია და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს: „ნატო-საქართველოს სწავლება საუკეთესო შესაძლებლობაა ურთიერთთავსებადობის გაზრდისა და შემდგომში საქართველოს კონტრიბუციისთვის საერთაშორისო მისიებში ავღანეთსა თუ სხვაგან. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში პირველად ხდება, როდესაც წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი მრავალეროვნულ სწავლებას მასპინძლობს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციას და ქართულ მხარეს უნიკალური წვრთნისა და განვითარების შესაძლებლობები მისცეს“.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) 10-20 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. მრავალეროვნული ბრიგადის დონის სიმულაციური სამეთაურო-საშტაბო სწავლება რიგით მეორეა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) იმართება.

სწავლების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი პირველად უხელმძღვანელებს ალიანსის კრიზისებზე რეაგირების პროცესს. ასევე, პირველად ხდება, როცა სწავლება ნატოსა და ქართული მხარის მიერ თავიდანვე ერთობლივად დაიგეგმა და კიდევ უფრო მეტი ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებების ციკლის წინაპირობას წარმოადგენს.

სწავლება მიზნად ისახავს დაგეგმარებაში, კოორდინაციასა და აღსრულებაში მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის წარმომადგენლების უნარ-ჩვევების განვითარებას. ღონისძიების სცენარი მაქსიმალურადაა მიახლოებული რეალურ გარემოსთან.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016” ნატოს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT), ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM), ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC), პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერითა და ორგანიზებით იმართება.

მასში ქართველ ოფიცრებთან ერთად ალიანსის 11 წევრი (თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგია, სლოვენია, გაერთიანებული სამეფო, აშშ) და 2 პარტნიორი ქვეყნის (უკრაინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია) 250 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება; პირველი სწავლება, „Agile Spirit 2015”, დაფუძნებული იყო აშშ-საქართველოს ყოველწლიურ ორმხრივ სწავლებაზე.

აღნიშნულმა წვრთნამ წელს უკვე ფორმატი შეიცვალა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

დაცვის 17 თანამშრომელი გაანთავისუფლეს საპატრიარქოდან

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაცვის 17 წევრი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “იბერია” სანდო წყაროზე დაყრდნობით ...