საზოგადოება

,,ბოლო 5 თვის განმავლობაში მედიკამენტებზე ფასები 23%–ზე მეტით შემცირდა”

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – ,,აფბამ’‘ ,,ფანასკერტელის ინდექსის’‘ მარტის თვის კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ინდექსი წინა თვის მონაცემთან შედარებით 12,5%–ით არის შემცირებული და 11.1 პუნქტს შეადგენს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ  მედიკამენტების ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია. კვლევასთან დაკავშირებით ვესაუბრებით ,,აფბას’‘ პრეზიდენტ შოთა გულბანს.

– თქვენი კვლევა უკვე მე–5 თვეა მიმდინარეობს, ამ პერიოდის განმავლობაში მედიკამენტების ფასებზე უმნიშვნელო, თუმცა მუდმივი კლება ფიქსირდება, ხოლო მარტის თვეში ინდექსი  საკმაოდ მნიშვნელოვნად შემცირდა, რას უკავშირებთ ამ ფაქტს?

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს შემცირება არ არის ის ნიშნული, რაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის, განსაკუთრებით კი სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის მისაღები იქნება. შემცირება უმნიშვნელოა, თუმცა ტენდენცია ერთგვაროვანია კლების მიმართულებით. თუ, მაგალითად, ფანასკერტელის ინდექსის პირველი თვის მონაცემს შევადარებთ ბოლო თვის შედეგს, ვნახავთ, რომ ინდექსი ჯამში 23,4%–ით შემცირდა. ახლა საჭიროა მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდეს.

ჩვენ ვაკვირდებით 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მედიკამენტს, საიდანაც ბოლო კვლევის მიხედვით 76 მათგანზე ფასების შემცირება დაფიქსირდა. ვფიქრობთ, ეს განპირობებულია ორი ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი გარემოებით. პირველი მიზეზია, უკანასკნელ პერიოდში, ეროვნული ვალუტის გამყარება დოლართან მიმართებაში, რამაც სტიმული მისცა იმპორტიორ კომპანიებს და შესაბამისად, სააფთიაქო ქსელებს, ფასები შეემცირებინათ უმეტესი დასახელების მედიკამენტზე. ხოლო მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ბაზარზე კონკურენციის გამძაფრება.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ფარმაცევტულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები დაფიქსირდა. კერძოდ, სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად ხელი შეეწყო ბაზარზე იაფი ჯენერიკული მედიკამენტების შემოსვლას. არის მოლოდინი, რომ ,,ჰუმანითი ჯორჯიას’‘ მსგავსად, გახსნილი კონკურენციის პირობებით ასევე ისარგებლებენ სხვა ახალი იმპორტიორები თუ მწარმოებლები. ასევე მნიშვნელოვანია ,,საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის’‘ მიერ სააფთიაქო ქსელის, GPჩ–ის შეძენის ფაქტიც, რამაც ტრადიციულ ფიგურანტებთან მიმართებაში კონკურენცია კიდევ უფრო უნდა გაამძაფროს და შედეგად მედიკამენტების გაიაფების ტენდენციას უნდა შეუწყოს ხელი.

– თქვენ ბრძანეთ, რომ მთავრობამ ყველა ღონე უნდა იხმაროს კლბადი ტენდენციის შესანარჩუნებლად, კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია მას?

ორი მიმართულებით შეუძლია მთავრობას პოლიტიკის განხორციელება ფარმაცევტულ სექტორში. პირველი ეს არის პირდაპირი ჩარევა კომპანიების საქმიანობაში და ,,კარნახი’‘ მათთვის, თუ მოგების რა მაქსიმუმის მიღება შეეძლებათ, ან რამდენი იქნება მედიკამენტებზე ფასნამატის ზედა ზღვარი ან სხვა განვითარებულ სამყაროში აპრობირებული რომელიმე მექანიზმის გათვალისწინება ბაზრის კონტროლის შესახებ. თუმცა საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის კონიუნქტურა, კერძოდ ძლიერი კომპანიები, სუსტ მთავრობას არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ მსგავსი ჩარევა განახორციელოს, რის გამოც მთავრობას რჩება მეორე გზა, ანუ ბაზრების დივერსიფიცირება, კიდევ უფრო აქტიური და გახსნილი პოლიტიკის გატარება, როგორც მწარმოებლების, ისე იმპორტიორი კომპანიების მოზიდვის კუთხით. ამ პროცესის პარალელურად კი მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიების მშენებლობისთვის, რომლებიც მედიკამენტების ხარისხის კონტროლს განახორციელებენ და დაადგენენ ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობას. ანუ ისე არ უნდა მოხდეს, რომ მხოლოდ ფასების შემცირების მიზნით გავზარდოთ მიმოქცევაში არსებული მედიკამენტები და ხარისხის კონტროლი ყურადღების მიღმა დაგვრჩეს.

– მედიკამენტებზე ფასების შემცირების ტენდენციის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, თუმცა, ხომ არ შეიძლება, რომ ეს პროცესი უსასრულოდ გაგრძელდეს?

– სწორი შენიშვნაა, თუმცა აქ საუბარია ფასების შემცირებაზე იმ ლოგიკურ  ნიშნულამდე, რაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მსყიდველობით უნართან შესაბამისი იქნება. დღეს ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა იმისა, რომ ასე მოიქცნენ. მთავრობამ ირიბი გზებით უნდა აიძულოს ისინი, რომ დაწიონ ფასები, ისე, რომ საინვესტიციო გარემო არ დაზიანდეს და უცხოელი იმპორტიორი არ შეფერხდეს იმის გამო, რომ მთავრობა ერევა მათ საქმიანობაში რაიმე სახით. ამ პროცესში ყველაზე ლოგიკური და რეალური გზა ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ფორმირებაა.

იზი ალადაშვილი