ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე – ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს ამოქმედების შედეგი მყისიერი ვერ იქნება

ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო, საბანკო სექტორს, ექსპორტის დაზღვევის პროდუქტს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შესთავაზებს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მსგავსი სტრუქტურები მაქსიმალურ შედეგს 3 წლის განმავლობაში აღწევენ და შესაბამისად, სააგენტოს ამოქმედების შედეგი მყისიერი ვერ იქნება.

“ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტომ ფუნქციონირება დაიწყო. სტრუქტურულად ის იქნება საპარტნიორო ფონდის ერთ-ერთი შვილობილი ორგანიზაცია. ჩვენ ამ მიზნით აყვანილი გვყავდა უმსხვილესი იტალიური კომპანია “საჩე”, რომელმაც დაამთავრა ჩვენთან მუშაობა და სტრუქტურა შემოგვთავაზა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მათთან ერთად ჩვენ მოვახერხოთ იმ პროცედურების დანერგვა, რომლებიც პროდუქტების განვითარების სასუალებას მოგვცემს. ამ ეტაპზე გვაქვს ორი პროდუქტი – ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით დაზღვევა და რისკების განაწილება. დაზღვევა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ქართული ბანკებისათვის. მზაობა აქვთ როგორც ბანკებს, ასევე ექსპორტიორებსაც. ამ სტრუქტურას მოკლევადიანი ეფექტები არ ახასიათებს. საერთაშორისო გამოცდილებასაც რომ გადახედოთ, მსგავსი სტრუქტურა თავის მაქსიმალურ შედეგს აღწევს დაფუძნებიდან 3 წლის თავზე”

– განაცხადა კოვზანაძემ.

შეგახსენთ, რომ ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო რამოდენიმე თვის წინ დაფუძნდა და მისი მთავარი მიზანი ქართული პროდუქტის ქვეყნის საზღვარს გარეთ გატანის ხელშეწყობაა.