25/04/2024
Latest:
საზოგადოება

თბილისში უძველესი ისტორიული შენობის რეაბილიტაცია იწყება

შალვა დადიანისა და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთაზე კულტურული მემკვიდრეობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.  შალვა დადიანის ქ. N34/17- სა და N32-ში მდებარე ისტორიული შენობების სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი თბილისის განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

პროექტის პრეზენტაციას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი და კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი დაესწრნენ. ასევე ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის ავტორი „საქართველოს icomos” კავშირი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ადგილობრივი მოსახლეობა.

„ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია. შენობის აღდგენა მოხდება იმ სახით, როგორც ის არის ისტორიულად. ასევე თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. მათ შორის, გუდიაშვილის, ღვინის აღმართის სრულ რეაბილიტაციას და ახალი თბილისის პროექტის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას“ – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართებზე მდებარე შენობები, განსაკუთრებით, კი შალვა დადიანის N34/17 -ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც XIX საუკუნის შუა ხანებშია აგებული, ქვემო კალას განაშენიანების უნიკალური ნიმუშია. აღსანიშნავია, რომ შენობა ძველი ქალაქის გალავნის გოდოლ-ბურჯზეა აშენებული. ისტორიის თანახმად, სახლი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ნაგებობად ითვლება და ძველი არქიტექტურის ღირსეულ ნიმუშს წარმოადგენს. შენობის განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი აჟურული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია. რეაბილიტაციის შედეგად, შენობა ისტორიის მიხედვით აღდგება და ძველ იერსახეს დაიბრუნებს.
შალვა დადიანის N34/17 და N32-ში მდებარე ისტორიული შენობების სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოები, ტენდერის დასრულებიდან 9 თვის ვადაში განხორციელდება.