28/03/2024
Latest:
ეკონომიკა

დამწყებ ბიზნესმენებს 100 000 ლარიანი დაფინანსების მოპოვება შეეძლებათ

სტარტაპების დაფინანსების პროგრამის დეტალები უკვე ცნობილია.

10 მილიონიანი ბიუჯეტით ახალ ბიზნეს და ინოვაციურ იდეებს „საპარტნიორო ფონდი“ და „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“ დააფინანსებს.

პროექტში უკვე ჩადებულია, რომ ჯამური ბიუჯეტის 60% რეგიონებში განსახორციელებელ პროექტებზე იქნება მიმართული, მხოლოდ 4 მილიონი გამოიყოფა თბილისში განსახორციელებელ ბიზნეს იდეებზე.

არ იზღუდება პროექტისთვის დაფინანსების მოზიდვა კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებიდან, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებიდან.

თითო პროექტისთვის არანაკლებ 15 ათასი და არაუმეტეს 100 000 ლარია გათვალისწინებული.

განსხვავდება თანამონაწილეობის სქემაც. თუ სტარტაპს „საპარტნიორო ფონდი“ აფინანსებს არანაკლებ 10%-იანი თანამონაწილეობა და არამატერიალური აქტივი მოითხოვება, მიღებული მოგებიდან  50%-ი რჩება იდეის ავტორს, მაშინ როდესაც ინოვაციების სააგეტო 100%-ით აფინანსებს პროექტს და მოგების 5%-ზე მეტის მიღებაც არ შეეძლება.

სააგენტოში ამბობენ, რომ მათ მიერ შედარებით ნაკლები ოდენობის პროექტები დაფინანსდება, ისინი, რომლებიც განსაკუთრებულად ინოვაციურია, პროექტების შერჩევაში კი, საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან.

ამასთან,  პროგრამის ბენეფიციარის კაპიტალში ფონდი არ შეიძლება ფლობდეს 50%-ზე მეტს, ხოლო პროგრამის ბენეფიციარის კაპიტალში მისი დამფუძნებლის მონაწილეობა განისაზღვრება არანაკლებ 50%-ით, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამის ბენეფიციარში განმცხადებლის მიერ შესატანი არამატერიალური აქტივის სანაცვლოდ ფონდის პარტნიორი მიიღებს კაპიტალის 40%-ს, თუ პარტნიორების მიერ შეთანხმებული წესით შედგენილი აუდიტორული შეფასებით არამატერიალური აქტივის ღირებულება უფრო დიდი ღირებულებით არ შეფასდება.

კიდევ ერთი ვალდებულება რაც ფონდს ეკისრება პროექტიდან გასვლაა, დაფინანსების დღიდან არაუმეტეს 10 წელიწადში.

შეგახსენებთ, პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც აქვს ინოვაციური, საინტერესო ბიზნესწინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება დაფინანსება.

მთავრობას იმედი აქვს, რომ პროგრამა გარდატეხას შეიტანს  ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

წყარო: GBC