ეკონომიკა

“ფრონტერა” საქართველოში ბუნებრივი აირის მარაგების შესახებ ახალ განცხადებას ავრცელებს

ხელისუფლების გულგრილობა თუ “ფრონტერას” მორიგი აფიორა

ნავთობისა და გაზის კომპანია “ფრონტერა”, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში აწარმოებს ბუნებრივი აირის მოპოვებით და საკვლევ-საძიებო სამუშაოებს, მორიგ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის პოზიციით, რომელიც მათ ვაშინგტონში კომპანიის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე განაცხადეს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არ არის დაინტერესებული ქვეყანაში ბუნებრივი რესურსების ათვისებით. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, სტივ ნიკანდროსმა საქარტველოს ენერგეტიკის სამინისტროში კორუფციის რისკებზე ისაუბრა. მისი მტკიცებით შავი ზღვის ქვეყნებს მათ შორის საქართველოს და უკრაინას გააჩნიათ ენერგორესურსების განსაკუთრებით დიდი მარაგი. თუმცა უკრაინისგან განსხვავებით საქართველო რიგი მიზეზების გამო, არ არის დაინტერესებული ქვეყანაში ბუნებრივი რესურსები განავითაროს.

“საქართველოში აღმოვაჩინეთ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ბუნებრივი აირი, რაც მზად იქნება ბაზრისთვის. ამისათვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და ნოვაციების წახალისება. ამის გასაკეთებლად კი საჭიროა მთავრობა, რომელიც მთელ თავის ძალას ახმარს რეფორმებს. ადრე ვიღაცამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სამინისტროები ზოგადად მიმზიდველია კორუფციის მხრივ, რადგან ბევრი ფული გადის ამ უწყების მეშვეობით. უკრაინაში ჩვენ ვნახეთ გარკვეული რეფორმები ენრგეტიკული ბაზრის რეფორმირებისკენ. საქართველოში კი საპირისპირო ხდება, ჩვენ ვხედავთ ენერგეტიკის სამინისტროს, რომელსაც სხვა მიზნები აქვს და სხვადასხვა მიზეზით ნამდვილად არ სურს ქვეყანაში რესურსების განვითარება წაახალისოს”, – განაცხადა ფრონტერას დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ სტივ ნიკანდროსმა.

მსგავსი ტიპის განცხადებები, რომ ქვეყანაში დიდი მოცულობის ბუნებრივი რესურსები არსებობს, “ფრონტერას” მხრიდან წლებია კეთდება. ეს არც პირველია და ალბათ, არც ბოლო კომპანიის მხრიდან. ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდიდან, მაშინ როცა ქვეყანას ნავთობის დიდი მარაგის “მიგნებაზე” ამცნეს და იმჟამინდელ პრეზიდენტ შევარდნაძეს ნავთობიც კი დააგემოვნებინეს. თუმცა, რეალურად, ასეთი არაფერი “აღმოჩენილა”.

“ფრონტერამ” რამდენიმე თვის წინ ასევე გაავრცელა განცხადება, რომელიც კახეთში 3,8 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესაძლო აღმოჩენას უკავშირდებოდა. ისეთ მოცულობაზე იყო საუბარი, რომ მსგავსი რაოდენობა თვით თურქმენეთსაც კი არ გააჩნია. ეს ქვეყანა ბუნებრივი აირის მარაგების ოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.

ექსპერტებისა და ანალიტიკოსების უმრავლესობა მსგავსი ტიპის განცხადებების მიმართ, რომელიც “ფრონტერას” მხრიდან ვრცელდება, სკეპტიკურად არიან განწყობილები და არარეალურად თვლიან. დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ მხოლოდ ჭორებს ვერ შეაფასებენ და კომპანიამ ერთხელ მაინც უნდა წარადგინოს რეალური კვლევა, დოკუმენტაცია, ჩააყენოს საქართველოს მთავრობა საქმის კურსში. მათი თქმით, საქართველოში “ფრონტერას” მხრიდან სერიოზული კვლევა არ ჩატარებულა და რიგ შემთხვევებში, მსგავსი ტიპის განცხადებები საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ფასების ზრდას ემსახურება, ხოლო რიგ შემთხვევაში ინვესტორების დაინტერესებლად და მათ მოსაზიდად.

“ბანკები და ფინანსები” ნავთობისა და გაზის საკითხებში ექსპერტ ლიანა ჯერვალიძეს დაუკავშირდა და კომპანია “ფრონტერას” მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაზე კომენატარი სთხოვა.

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კომპანია “ფრონტერამ” რამდენჯერმე განაცხადა საქართველოში ბუნებრივი აირის მარაგების აღმოჩენის შესახებ. 2-3 წლის წინ, ყოფილი ელჩი ნორლანდიც კი დაესწრო ამ ბუნებრივი აირის საბადოს გახსნას. მას შემდეგ კიდევ ერთხელ მოხდა კომპანია ,,ფრონტერას” მიერ ამგვარი განცხადების გაკეთება, რომ აღმოჩენილი არის დიდი რესურსი, რომლის განვითარებასაც ისინი აპირებდნენ. მინდა გითხრათ ისიც, რომ თუ კომპანია ,,ფრონტერამ” რეალურად რესურსი აღმოაჩინა, ამის შესახებ მას უნდა ჰქონდეს სათანადო დოკუმენტაცია წარდგენილი ნავთობის და გაზის კოორპორაციაში და მათ ნავთობის და გაზის კოორპორაციასთან  შეთანხმებულად უნდა შეიმუშაოს ამ რესურსის დამუშავების გეგმა.

რაც შეეხება კომპანია ,,ფრონტერას” მუშაობის ფორმებს, კომპანიას აქვს მრავალწლიანი ხელშეკრულება გაფორმებული პრეზიდენტ შევარდნაძის დროს აღმოსავლეთ საქართველოში ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოების წარმოების შესახებ.

ეს არის ხელშეკრულება ცალკეულ საბადოებზე და ნიშნულებზე, სადაც შესაძლოა საბადოები რეალურად იყოს აღმოჩენილი. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილია, ამ კონტრაქტებში არანაირი ცვლილებები არ მომხდარა. მეორეს მხრივ, ,,ფრონტერა” არის საშუალო სიდიდის კომპანია, ასეთი დაბალი ნავთობის და გაზის მარაგების პირობებში დიდი კომპანიებიც კი წყვეტენ ან ამცირებენ თავიანთ საინვესტიციო ვალდებულებებს. ჩემთვის საეჭვოა, რამდენად მზად არის “ფრონტერა” იმისთვის, რომ იტვირთოს ფინანსური რისკები, გაბურღვით და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად ან, ზოგადად, აქვს თუ არა ფინანსური რესურსები ძალიან საეჭვო საბადოების შესასწავლად. თუ კომპანია ფინანსურად არის უზრუნველყოფილი და მზად არის სამუშაოების ჩასატარებლად, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველო, როგორც გაზის იმპორტიორი ქვეყანა, რომელიც ძალიან დაინტერესებულია იმაში, რომ ჰქონდეს საკუთარი რესურსები, ყველა ძალას იხმარს იმისთვის, რონ კომპანიას სანდო დახმარება გაუწიოს.

მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ჩახედულია კორუფციულ სქემებში და გარიგებებში, მაგრამ  არა მგონია საქმე ამასთან გვქონდეს, იმიტომ რომ 2-3 წლის წინ, მანამ სანამ ნავთობზე ფასი დაეცემოდა, ნავთობის და გაზის სააგენტო აპირებდა შავი ზღვის შელფზე სამუშაოების საწარმოებლად ლიცენზიის მოპოვებისთვის ტენდერის გამოცხადებას. ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენს ინტერესებში ეს შედის. რაც შეეხება კომპანიის განცხადებას, მე სხვა რაიმე დამატებითის თქმა არ შემიძლია”, – განაცხადა ლიანა ჯერვალიძემ “ბანკები და ფინანსებთან” საუბრისას.

რაც შეეხება ნავთობისა და გაზის სააგენტოს, ეს სტრუქტურა “ფრონტერას” მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს.

ცნობისთვის, საქართველოში თავისუფალი გაზის დადასტურებული მარაგი შეფასებულია 4 საბადოზე: რუსთავის (შუა ეოცენი), სამგორის (ქვედა ეოცენი), ნინოწმინდის (შუა ეოცენი, გაზის ქუდი) და მწარე ხევის (ზედა პლიოცენი) და მათი ჯამური რაოდენობა შეადგენს 1,874 მილიარდ კუბურ მეტრს.

 

ბაჩანა ჯინჭარაძე