29/03/2024
Latest:
ეკონომიკა

აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი საქართველოში პროექტების განხორციელებას დაიწყებს

საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი პროექტების განხორციელებას დაიწყებს, – ეს განცხადება ბანკის პრეზიდენტმა ლიცუნ ძიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ორჯერ იმყოფებოდა საქართველოში, რომელმაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი სატრანსპორტო, საგზაო და ენერგეტიკული სექტორით ინტერესდება.

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს მთავრობის მეთაური აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში ბიზნესსექტორისთვის არსებულ ხელსაყრელ პირობებზე, ქვეყნის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობასა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე.

“რეგიონში არ არის ქვეყანა, რომელიც საქართველოზე მეტად იქნებოდა ღია ჩინური ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის, ჩინელი ხალხისა და კულტურისთვის, ჩინური ინოვაციებისა და იდეებისთვის…როდესაც ჩემი მთავრობა 2012 წელს მოვიდა ქვეყნის სათავეში, ჩვენ მკაფიოდ გავაცხადეთ ჩვენი ამბიცია ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ადამიანთა შორის კონტაქტების მხრივ მტკიცე გლობალური პარტნიორობების შექმნასთან დაკავშირებით.ცხადია, ჩინეთი გათვალისწინებული იყო ერთ-ერთი პირველი ამ მხრივ,”

– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაში არის ბევრი სფერო, რომლებიც დააინტერესებთ ჩინურ კომპანიებს. კერძოდ ინვესტორებისთვის საინტერესო შეიძლება იყოს ტრანსპორტის (რკინიგზა, პორტები), ენერგეტიკის (განახლებადი ენერგია, ჰიდრორესურსები), მრეწველობის, ტურიზმის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორები.

საქართველო აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის დამფუძნებელი წევრი ქვეყანაა, წინასწარ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2015 წლის 29 ივნისს პეკინში. საქართველო არის 45- ე ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ამ ბანკს და პირველი ქვეყანა, რომელმაც განახორციელა ბანკის წინასწარი ხელშეკრულების რატიფიცირება. სავარაუდოდ, ბანკი ფუნქციონირებას 2015 წლის ბოლომდე დაიწყებს. აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკში გაწევრიანება საქართველოს დაეხმარება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული ფინანსური რესურსების მოძიებაში.

 

[wpolling id=”4″ width=”” height=””]