საზოგადოება

როდის ჩართავენ ყვითელ მიკროავტობუსებში კონდიციონერს

ზაფხულის დადგომასთან ერთად, დედაქალაქის მაცხოვრებლების, კონკრეტულად კი მათი, ვინც ყვითელი მიკროავტობუსით ხშირად მგზავრობს, პრობლემა სიცხე და უჰაერობაა, ამის მიზეზი კი სამარშუტო ტაქსიში არსებული გამორთული კონდიციონერებია.

იმის გასაგებად თუ რა შემთხვევაში შეუძლია კონდიციონერის ჩართვა მძღოლს და ვის უნდა მიმართოს მგზავრმა მძღოლის ურჩობის დროს, კომპანია “თბილისის მიკროავტობუსს” მივმართეთ. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, ნათია მიქიაშვილმა Allnews.ge-ს განუცხადა, მიკროავტობუსის მძღოლებს კონდიციონერის ჩართვის ვალდებულება იმ შემთხვევაში აქვთ, თუ ჰაერის ტემპერატურა 27°C-ზე მაღალი იქნება.

“კომპანიის მითითების მიხედვით, ყველა მძღოლი ვალდებულია კონდიციონერი ჩართოს თუ ტეპერატურა 27°C-ზე მეტია. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ივნისი, ივლისი თუ აგვისტო”.

იმ შემთხვევაში თუ მძღოლი ამ დროსაც არ რთავს კონდიციონერს, რა უნდა გააკეთოს მგზავრმა, ამ კითხვაზე კომპანიაში ასე პასუხობენ: “უნდა დარეკონ საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე, რომ შეგვატყობინონ რომელი მძღოლი არ რთავს კონდიციონერს.

კომპანიის მონიტორინგის სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს მონიტორინგს, მაგრამ ეს მარტო კონდიციონერებს არ ეხება, ეს ეხება შინაგანაწესს, ნებისმიერ დარღვევას, მაგრამ არის შემთხვევა, როდესაც ყველა სამარშუტო ტაქსიში ვერ ხერხდება ჩვენი წარმომადგენლის ყოფნა. ამიტომ უმორჩილესად ვთხოვთ მგზავრებს შეგვატყობინონ საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით.

მძღოლი ვალდებულია წინა საქარე მინასთან ჰქონდეს განთავსებული საკუთარი სახელი და გვარი, თუ მას ეს არ აქვს, ესეც დარღვევად ითვლება, ამ შემთხვევაში მგზავრმა სამარშუტო ტაქსის სახელმწიფო ნომერი მაინც უნდა გვითხრას და კომპანიიდან მყისიერად იქნება რეაგირება. პირველ შემთხვევაში, მძღოლს მიკროავტობუსის ტარება ორ კვირიანი ვადით აეკრძალება, მეორე შემთხვევაში ერთი თვის ვადით აეკრძალება, ხოლო მესამე შემთხვევაში, საერთოდ კონტრაქტის გაწყვეტამდეც კი შეიძლება მივიდეს საქმე”, – ამბობს ნათია მიქიაშვილი.

წყარო: Allnews.ge