მსოფლიო

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ბრიტანეთსა და ევროკავშირს ემუქრება

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა “სერიოზულ რეგიონულ და გლობალურ ზარალს გამოიწვევს”. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი პანიკის გამომწვევ პროგნოზში დაადანაშაულეს. მაგრამ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ბრიტანელმა ხალხმა ვაშინგტონში მდებარე ინსტიტუტის გაფრთხილებას აუცილებლად უნდა მოუსმინოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი “მსოფლიო ეკონომიკურ პროგნოზში”, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოდის, ამბობს, რომ 23 ივნისის რეფერენდუმის შემდეგ ბრიტანეთის გასვლამ “შესაძლოა, სავაჭრო კავშირების გაწყვეტის შედეგად სერიოზული რეგიონული და გლობალური ზიანი გამოიწვოს”. ფონდში აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ რეფერენდუმის დანიშვნამ გამოიწვია “ინვესტორებში გაურკვევლობა”.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის სასარგებლოდ ხმის მიცემა “მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს როგორც დიდი ბრიტანეთისთვის, ასევე დანარჩენი ევროპისთვის”, – აცხადებენ სავალუტო ფონდში.

“მოლაპარაკებები ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ ღონისძიებებთან დაკავშირებით, შესაძლოა, გაჭიანურდეს. ეს კი, ფინანსური ბაზრის მერყეობის დონის ზრდის ფონზე, გაურკვევლობის გახანრძლივებულ პერიოდს გამოიწვევს. რაც თავის მხრივ, სავარაუდოდ, მძიმე ტვირთად დააწვება ინვესტიციებსა და ნდობის ფაქტორს”, – განმარტავენ ფონდში.

ასევე ფონდის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის საცალო ბაზრიდან გასვლა “დააზიანებს და შეამცირებს ორმხრივ ვაჭრობას და ფინანსურ მიმოქცევასაც”.