29/03/2024
Latest:
ეკონომიკა

რას მოუტანს საქართველოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა

 

ჩინეთში ამჟამად იმყოფება საქართველოს სამუშაო ჯგუფი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. მხარეებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი ივლისშია დაგეგმილი. საქართველოს ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ახალი ეტაპი იქნება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე საუბარი საქართველოში გასულ წელს დაიწყო. გასულ წელსვე ორგანიზაცია PMCG-მ, საქართველოს ხელისუფლების დაკვეთით, ჩაატარა კვლევა, რომელიც იმ რისკებსა და პერსპექტივებზე მიანიშნებდა, რაც მსგავს ხელშეკრულებას შეიძლება მოეტანა.

უკვე 2014 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. 2014 წლის მდგომარეობით, ჩინეთთან მთლიანი სავაჭრო ბრუნვა 823.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი ბრუნვის 7.2 % გახლდათ.

2016 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით კი, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის ექსპორტის მიხედვით, ჩინეთი კვლავ მეორე ადგილს იკავებს, თუმცა ეს მონაცემი უკვე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 10 %-ია. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ჩინეთში ექსპორტის ზრდამ 68 პროცენტი შეადგინა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში იყო აღნიშნული, მოსალოდნელია, რომ,საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, მოკლევადიან პერიოდში (2-3 წელი), საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 9.0 %-ით (2.1 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდოს. კვლევის ავტორთა აზრით, მოსალოდნელია, აგრეთვე, მნიშვნელოვნად გაიზარდოს ღვინისა (28.5 %) და უალკოჰოლო სასმელების (36.7 %) ექსპორტი, ასევე მცირედით გაიზარდოს სპილენძისა და ალუმინის ჯართის ექსპორტი (3.3 %).

კვლევის მეთოდმა არ გაითვალისწინა შესაძლო ეფექტები იმ პროდუქტებზე, რომელთა ექსპორტი ჩინეთში აქამდე არ განხორციელებულა და რომელთა საექსპორტო პოტენციალზეც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ხელშეკრულების გაფორმებამ.

რაც შეეხება იმპორტის ზრდის რისკებს, კვლევა ამბობს, რომ საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, მოსალოდნელია, მოკლევადიან პერიოდში (2-3 წელი), ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი გაიზარდოს 1.7%-ით (12.4 მლნ. აშშ დოლარით). ჩინეთიდან გაზრდილი იმპორტის 48 % მოდის ე. წ. ~ჩანაცვლების ეფექტზე”, ხოლო 52 % ე. წ. ~მოთხოვნის ეფექტზე”. ჩინეთიდან გაიაფებული იმპორტი ძირითადად ჩაანაცვლებს იმპორტს თურქეთიდან. 2014 წლის მდგომარეობით, იმპორტის კუთხით თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია (მთლიანი იმპორტის 20.1 %), რიგით მეორე პარტნიორი კი ჩინეთია (მთლიანი იმპორტის 8.6 %).

2014 წელს ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: გამომთველელი მანქანები (6 %), მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონისაგან (4 %), სატელეფონო აპარატები (3 %), ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისგან (3 %) და მაცივრები, საყინულეები (3 %).

თუ რამდენად რეალისტურია ეს პროგნოზები, ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ ხანებში გაირკვევა, თუმცა უკვე ცხადია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა გააქტიურებულია და ამ აქტიურობის პირველი შედეგები უკვე დამდგარია.

მთავარი კითხვა ახლა ისაა, საქართველოსთვის უფრო მაღალი მოგების მომტანი იქნება ეს ურთიერთობა თუ რისკების. ჯერჯერობით პასუხი პოზიტიურია.