25/04/2024
Latest:
ეკონომიკა

რა დადებით და ნეგატიურ შედეგებს მოუტანს საქართველოს მსოფლიო ბანკის რეიტინგში დაწინაურება

რას ეფუძნება ეს მაჩვენებელი, რას ნიშნავს იგი ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქისათვის, რატომ გამოიწვია ამ ამბავმა აზრთა სხვდასხვაობა ექსპერტებს შორის

მსოფლიო ბანკი: საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა

ექსპერტთა შეფასებები – რა დადებით და ნეგატიურ შედეგებს მოუტანს საქართველოს მსოფლიო ბანკის რეიტინგში დაწინაურება

მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა.

მსოფლიო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ყოველწლიურად ბანკი აქვეყნებს მსოფლიო ეკონომიკების ანალიტიკურ კლასიფიკაციას, რომელიც ეფუძნება მთლიანი ეროვნული შემოსავლის (მეშ (GNI)) მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე.

2015 წელს მსოფლიო ბანკის მიერ, დაბალი შემოსავლების მქონე ეკონომიკად დასახელდა ქვეყნები, სადაც მეშ-ის მაჩვენებელმა ერთ სულ მოსახლეზე 1,025 აშშ დოლარი ან ნაკლები შეადგინა, საშუალოზე დაბალ ეკონომიკად დასახელდა ქვეყნები, სადაც მეშ-ის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 1,026-3,035 აშშ დოლარია, საშუალოზე მაღალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებად – სადაც ანალოგიურმა მაჩვენებელმა 4,036-12,475 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მაღალი შემოსავლების მქონე ეკონომიკებად დასახელებულია ქვეყნები, სადაც მეშ-ის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 12,476 აშშ დოლარს ან მეტს.

რუსეთის მთლიანი ეროვნული შემოსავალი 14,330 დოლარიდან (2014) 11,400 დოლარამდე (2015) შემცირდა. ამასთან, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მოსაზღვრე სხვა სახელმწიფოების GNI ასევე შემცირებულია: აზერბაიჯანი (7,600 დოლარიდან 6,560 დოლარამდე), სომხეთი (4,020 დოლარიდან 3,880 დოლარამდე) და თურქეთი (10,630 დოლარიდან 9,950 დოლარამდე). გასულ წელს მსოფლიო ბანკმა საქართველოს ახალ კატეგორიაში გადასვლა ივარაუდა და მის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებს შეეხო.

«ამა თუ იმ კატეგორიაში ყოფნა მსოფლიო ბანკის დახმარების მოცულობაზე დიდ მნიშვნელობას ახდენს, შესაბამისად მომდევნო წლებში საქართველო ნაკლებ დახმარებას მიიღებს. რაც შეეხება დადებით მხარეს, მაღალი მთლიანი ეროვნული შემოსავლის შედეგად საქართველოში უფრო მეტი უცხოური კაპიტალი დაიწყებს შემოდინებას. მსოფლიო ბანკის მიხედვით, ახალ კატეგორიაში გადასვლა არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში სიღარიბე არ არსებობს, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო ბევრ სარგებელს მიიღებს. ამასთან, «თუკი საქართველოს მოსახლეობის საშუალო შემოსავალი გაიზრდება, ქვეყანა ევროკავშირისთვის უფრო მიმზიდველი პარტნიორი გახდება», – აღნიშნავს მსოფლიო ბანკი.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ბოლო 15 წლის განმავლობაში, საქართველოს ამ მხრივ წინსვლა არ ჰქონია, ამიტომ ცვლილება დადებითად აისახება ქვეყნის იმიჯზე, საინვესტიციო პოტენციალსა და ცნობადობაზე.

«ეს არის მსოფლიო ბანკის ყოველწლიურად გამოქვეყნებული ქვეყნების კლასიფიკაცია შემოსავლების მიხედვით. ეს კლასიფიკაცია ეფუძნება თითოეული ქვეყნის ეროვნული შემოსავლის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებას და მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლის ქვეყნების ჯგუფიდან გადავიდა საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება და ვფიქრობთ, რომ კლასიფიკაციის წინსვლა არ გვქონია ბოლო 15 წლის განმავლობაში. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო, საინვესტიციო იმიჯის და ცნობადობის ამაღლების კუთხით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზეთი «ბანკები და ფინანსები» ეკონომიკის ექსპერტებს დაუკავშირდა და საქართველოს საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადასვლასთან დაკავშირებით, ასევე, ამის გამოწვევ მიზეზებსა და სამომავლოდ ეკონომიკაში მის ასახვის პერსპექტივაზე გაესაუბრა.

«საქართველოს, როგორც განვითარებად ქვეყანას, გააჩნია შესაძლებლობა, რასაც სწრაფი სტარტის ეფექტის მიღწევა ჰქვია”

ვახტანგ ხომიზურაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი.

«საერთოდ, მსოფლიო ბანკი პერიოდულად აკეთებს შეფასებებს და მის პრინციპებში შედის რომ, თუნდაც ყოველ წელს იცვლებოდეს მონაცემები. ის საშუალოდ სამი წლის საერთო მონაცემს დააკვირდება, დაელოდება და მერე მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რომელ კატეგორიაში შეიყვანოს ქვეყანა. რეალური ეკონომიკის ზრდა სახეზე არ გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბიზნესის გათავისუფლებამ წნეხისგან გაზარდა ის ოფიციალური შემოსავლები, რაც ბიზნესს გააჩნია. ამ ფაქტორმა გარკვეულწილად დადებითად იმოქმედა თვითონ შემოსავლების ზრდაზე, იმიტომ რომ ბევრი ბიზნესი გამოვიდა ჩრდილიდან, ბევრმა ლეგალიზაცია გააკეთა თავისი შემოსავლების და ა.შ. ეს რასაკვირველია, პოზიტიური მოვლენაა საინვესტიციო თვალსაზრისით, ანუ უცხოელი ინვესტორების ხედვიდან გამომდინარე რასაკვირველია ეს დადებითია და პოზიტიური ნებისმიერი ქვეყნისთვის. აქ, ალბათ, გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ საქართველოს როგორც განვითარებად ქვეყანას გააჩნია შესაძლებლობა, რასაც სწრაფი სტარტის ეფექტის მიღწევა ჰქვია. ეკონომიკური ზრდის ტემპი გაცილებით მეტი უნდა იყოს, ვიდრე ახლა არის. ჩემი აზრით, მსოფლიო ბანკს, ისე როგორც სავალუტო ფონდს, ცოტა ზედაპირული შეფასება აქვს ქვეყნის ეკონომიკის და გაცილებით საინტერესოა, რა შეფასებას გააკეთებს იგივე Mოოდყ ან და სხვა სარეიტინგო სააგენტო კომპანიები. საჭიროა უფრო დეტალური შესწავლა იმ ტენდენციების, რაც დღეს გვაქვს ქვეყნის ეკონომიკაში».

«რეიტინგში მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს მოსახლეობის 700 000-ით შემცირებამ შეიტანა»

ბესო ნამჩავაძე, «საქართველოს რეფორმების ასოციაციის» ანალიტიკოსი 

«პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ის, რომ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ამ მეთოდით დათვლით მსოფლიო ბანკისგან, 2015 წლის მონაცემით, შეადგინა 4160 დოლარი. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს მოსახლეობის შემცირებამ. მსოფლიო ბანკმა დააკორექტირა წინა წლების მონაცემები გამომდინარე საქართველოს მოსახლეობის რაოდენობიდან, რადგან ბოლო აღწერით საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 700 000 ადამიანით. არამარტო 2015 წლის მონაცემი შეიცვალა, არამედ 2013 წლიდან მოყოლებული ყველა მონაცემი შეცვალა. აღმოჩნდა, რომ 4036 დოლარი, რაც არის ზღვარი საშუალოზე მაღალკლასიანი ქვეყნებისა, ჩვენს ქვეყანაში ყოფილა 2013 წლიდან.

2013 წლიდან საქართველო უკვე უნდა ყოფილიყო ამ ჯგუფში. ტენდენცია არც არის ბოლო წლის კარგი, რადგან 2014 წელს აღმოჩნდა, რომ იყო 4490 დოლარი და 2015 წელს 4160 დოლარი. ანუ, ბოლო მონაცემით, შემცირებულიც კი არის. დავრჩით ზღვარს ზემოთ შემცირებული მოსახლეობის გამო. თუმცა, აქ სხვა ბევრი ინდიკატორია და არ არის მხოლოდ იმაზე დამოკიდებული თუ ქვეყნის ეკონომიკა რამდენია ერთ სულ მოსახლეზე გაყოფილი. აქ ასევე არის შედარება ბანკების მიმართ ვალუტის კურსის მიხედვით, ინფლაციის დონის, მსყიდველთუნარიანობის პარიტეტის მიხედვით და სხვა, დაახლოებით ასეთი მეთოდოლოგიაა. აქედან გამომდინარე, ბევრ სხვადასხვა შეფასების ინდიკატორებს მოიცავს.

არის კიდევ ერთი ფაქტორიც, რაც უფრო მაღალ ჯგუფში გადავალთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ საქართველო არ არის უღარიბესი ქვეყანა, არც ღარიბი ქვეყანა. ეს შეიძლება ნეგატიური იყოს ერთი კუთხითაც, – როდესაც ქვეყანა მსოფლიო ბანკის უფრო მაღალ ჯგუფში გადადის, დახმარების პროგრამები, რაც გვაქვს სესხების სახით შეიძლება გაგვიძვირდეს, უფრო მეტ პროცენტში მოგვცენ კრედიტები. ღარიბ ქვეყნებს უფრო შეღავათიან გრანტებს და სესხებს აძლევენ, ვიდრე ქვეყანას, რომელიც უკვე უფრო მაღალ ჯგუფში გადადის. ამ მხრივ შეიძლება ნეგატიური იყოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის გამო ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ».

«ეს გადასვლა მოხდა პირველად, რაც სამომავლოდ უფრო მეტ ინვესტიციას გულისხმობს»

მიხეილ დუნდუა, საზოგადოება 20/30-ის წევრი, ეკონომიკის ექსპერტი,

« მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების სიაში გადასვლა ძალიან კარგი შედეგია, ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ საინვესტიციო დაინტერესება გაიზრდება. ეს კი უფრო მეტ ინვესტიციას გულისხმობს და სხვადასხვა რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებას. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს გადასვლა მოხდა პირველად. აქამდე ჩვენ ვიყავით დაბალი საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში. 2013-14-15 წლები კი უკვე არის მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ეკონომიკებს შორის პერიოდი. ჩვენ ვიცით, რომ გაზრდილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით შემომავალი ნაკადები. მაგალითად, 2014 წელს საინვესტიციო ნაკადებმა 2,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, 2015 წელს კი 2,4 მილიარდი შეადგინა. 2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების მაჩვენებელმა უკვე 1,3 მილიარდს გადააჭარბა. საბოლოო ჯამში ასეთი მაჩვენებლები დადებით ასახვას ჰპოვებს შემოსავლების ზრდაზე. ჩვენ ამ სიკეთეს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ბოლომდე. მოსახლეობის ფართო ფენებზე ეს ჯერ არ აისახა, რადგან საქართველომ დაიწყო ვალის მასშტაბური გადახდის პროცესი. მარტო წელს მშპ-ის 34% არის საქართველოს გრაფიკით გადასახდელი. ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 2017 წელს ეს მონაცემი ნახევრდება და მთლიანი შიდა პროდუქტის 16.6% ხდება. შემდგომი წლები საქართველოს აძლევს საშუალებას მოსახლეობის ფართო ფენებმა ნახონ სიკეთე მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ეკონომიკიდან გამომდინარე. ვალების გადახდის ძალიან აქტიურ ფაზას ვასრულებთ 2017 წელს, შესაბამისად ამ კატეგორიაში ყოფნის შედეგი მოსახლეობისთვის შესამჩნევი გახდება».

«ქვეყნის მოსახლეობა 700 ათასზე მეტი ადამიანით შემცირდა და ერთ სულზე მექანიკური ზრდა გამოვიდა”

რომან გოცირიძე – «ნაციონალური მოძრაობის» წევრი

აღნიშნულ საკითხს თავის ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე, რომელიც მთავრობას ტყუილში ადანაშაულებს და რეიტინგში ცვლილებას მოსახლეობის დაკორექტირებული რაოდენობით ხსნის.

«მთავრობამ ჩვეულებისამებრ ხალხი რომ არ მოატყუოს განვმარტავ: მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველომ საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიიდან საშუალოზე მაღალ კატეგორიაში გადაინაცვლა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის მიხედვით.

ეს იმიტომ მოხდა, რომ ახალი აღწერით, ქვეყნის მოსახლეობა 700 ათასზე მეტი ადამიანით შემცირდა და ერთ სულზე მექანიკური ზრდა გამოვიდა.

სინამდვილეში ეს მაჩვენებელი 2011 წლისაზე დაბლაა შემცირებული. ან სხვანაირად რომ ვთქვათ, ამ მეთოდიკით ამ კატეგორიის ქვეყნებში ხუთი წლის წინათაც ვიქნებოდით.

კიდევ შვიდასი ათასით თუ შემცირდება მოსახლეობა, მაგრამ ქვეყნის სიმდიდრე იგივე დარჩება, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს გადავასწრებთ. ასე რომ, არავის მოატყუებინოთ თავი», – წერს «ნაციონალური მოძრაობის» წევრი გოცირიძე.

«700 ათასით მოსახლეობის შემცირებას, ამ ფაქტთან არანაირი კავშირი არ აქვს”

ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ჭიჭინაძე კი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის აღწერის შედეგად 700 000–ით  მოსახლეობის შემცირებას, ამ ფაქტთან არანაირი კავშირი არ აქვს.

«როგორი მანიპულაციაც არ უნდა ჩავატაროთ, როგორც არ უნდა გადავთვალოთ, სუბიექტურადაც და ობიექტურადაც, ფაქტი არის ერთი – საქართველო მაღალი საშუალო შემოსავლების კატეგორიის ქვეყნებში პირველად გადავიდა 2013 წელს და არამც და არამც რომელიმე სხვა წელს. მოსახლეობის აღწერის შედეგად 700 ათასით მოსახლეობის შემცირებას, ამ ფაქტთან არანაირი კავშირი არ აქვს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ცვლილებებიც, რაც ჩვენი სტატუსის შეცვლას უკავშირდება. დაბალშემოსავლიანი ქვეყნების კატეგორიიდან გადასვლა ნიშნავს იმას, რომ “მსოფლიო ბანკის” დახმარების პროგრამაც იცვლება და დაფინანსების აქცენტები გაკეთდება უფრო განვითარებაზე და არა სიღარიბის დაძლევაზე. შეიძლება ამ ცვლილების გამო, აღარ მივიღოთ იმდენი საგრანტო რესურსი, რამდენიც დაბალშემოსავლიანი კატეგორიის ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა, ეს არათუ საწყენი ფაქტი, არამედ სასიხარულოა, ვინაიდან ეს ნიშნავს ქვეყნის განვითარების დონის გაზრდას, გრანტებზე დამოკიდებულების შემცირებას და საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას”, – აცხადებს ჭიჭინაძე.

 ბაჩო ჯინჭარაძე