ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

რეგბის ამბასადორის „მოპარული სიცოცხლე“ – ტარიელ რატიანიძის რთული გზა

იყო ძიების წლები, ჯერ ჭიდაობა, მერე მკლავჭიდი, ბოლოს მიაგნო: რეგბი მისი ცხოვრება გახდა. საკუთარი თავი აღმოაჩინა, პოტენციალი რეგბისაკენ მიმართა. რთული პერიოდი იყო, ჭირდა ცხოვრება, ფეხით უწევდა სიარული, ტრანსპორტი იშვიათად დადიოდა. მერე მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვიდან პარიზში აღმოჩნდა და ასე დაიწყო მისი ფრანგული კარიერა. ფიზიკურად საფრანგეთშია, ამბობს, თვალებითა და გულით საქართველოში ვარო. როგორი იყო მისი კარიერის დასაწყისი, რა სირთულეების გადატანა მოუხდა და რა გეგმები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ტარიელ (ტატო) რატიანიძე თავად გვიამბობს:

– 9 წლისამ ძიუდოში დავიწყე ვარჯიში. რამდენიმე წელი ვჭიდაობდი, რაღაც წარმატებებიც მქონდა, ავიღე მედლებიც. მერე უნივერსიტეტში ჩავაბარე, უნივერსიადაზე უნდა მეჭიდავა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კონკურენტი არ მყავდა. ხელმძღვანელობამ შემომთავაზა მკლავჭიდში მეცადა ბედი. გავიმარჯვე. იქვე შემამჩნია მკლავჭიდის ფედერაციამ და ნაკრებში მიმიღო. რამდენიმე თვეს ვვარჯიშობდი, მერე რეგბიდან მივიღე შემოთავაზება.
_ ბედი სპორტის სხვადასხვა სახეობაში სცადე, რატომ შეაჩერე არჩევანი რეგბზე? 
_ იმ დროისათვის რეგბი საქართველოში პოპულარობით არ სარგებლობდა, არც მოედნები იყო. საერთოდ, ვარჯიშისათვის არანაირი პირობები არ გვქონდა. ტრანსპორტიც კი ჭირდა, ხშირად ვარჯიშზე ფეხით სიარული მიწევდა, მაგრამ სირთულეებს არ შევუშინებივარ. სპორტის ეს სახეობა პირველსავე დღეს შემიყვარდა. მივხვდი, ეს ჩემი სპორტი იყო და მთელი მონდომება ჩავდე მასში. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ცხოვრება თავიდან რომ დამაწყებინა, ალბათ უფრო ადრე მივიდოდი რეგბზე.
_ როგორი იყო ქართულ რეგბში შენი კარიერა?
_ 1999 წლიდან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვირიცხებოდი. გვქონდა წარმატებები, 2001 წელს ევროპის ჩემპიონები გავხდით, 2003 წელს მსოფლიო საგზური მოვიპოვეთ. „ბორჯღალოსნებმა“ რთული გზა გავიარეთ, ჩვენი ენთუზიაზმით ერთგვარად გზას ვკაფავდით დიდი რეგბისკენ. მახსოვს, ბევრი მაყურებელი არ გვყავდა, მაგრამ, როდესაც მოედანზე გამოვიდოდით, მთელი მცხეთის რაიონი მოდიოდა საგულშემატკივროდ. მადლობა მათ, მადლობა თითოეულ ძეგველს, ისინი მე დიდ სტიმულს მაძლევდნენ.
_ თუმცა საქართველოში დიდხანს არ დარჩენილხარ, საფრანგეთში წახვედი. 
_ 2001 წელს ინგლისში ვითამაშეთ, მაშინ სამი ქართველი წლის საუკეთესო სპორტსმენებად დაგვასახელეს. იქვე მივიღე შემოთავაზება, ინგლისში დავრჩენილიყავი, მაგრამ ჩვენმა ფედერაციამ უარი განაცხადა, იმ დროისათვის საფრანგეთიდანაც ყოფილა მოსული მიწვევა და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ინგლისიდან დაბრუნებულმა გარკვეული პერიოდი ვარჯიში შევწყვიტე, რთული წლები იყო, ოჯახს ჩემი დახმარება სჭირდებოდა, სპორტს და მუშაობას ვერ ვათავსებდი. სახლში ვიყავი, როცა საბუთები მომიტანეს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი შანსი იყო და, რასაკვირველია, დაუფიქრებლად დავთანხმდი.
_ ძეგვიდან საფრანგეთში, როგორი იყო ადაპტაციის პროცესი? 
_ ეს იყო ურთულესი, 8 თვე ჩემს ოჯახს ვერ დავუკავშირდი. არაადამიანური შრომა დამჭირდა. ადაპტაციის პროცესი ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო.
_ უმაღლეს ლიგაში მიგიღეს, ქართული რეგბისთვის ეს სენსაცია იყო.
_ 2 წელი ქალაქ მონტობანში „ტარნ ე გაღონის“ გუნდში გავატარე. შემდეგ ჰეროლტის რეგიონში „ბეზიესთან“ გავაფორმე 6-წლიანი კონტრაქტი, ეს მართლაც წარმოუდგენელი რამ იყო ქართული რეგბის ისტორიაში, უმაღლეს ლიგაში თამაშის საშუალება მომეცა. 2001 წელში გავაფორმე კონტრაქტი და 2005 წელს ტრავმის გამო „ბეზიეს“ დატოვება მომიწია.
_ თუმცა მანამდე საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან მოგიწია წასვლა….
_ 2003 წელს რეგბის მსოფლიო საგზური მოვიპოვეთ. მე ამ დროს „ბეზიეში“ 6 წლიანი კონტრაქტი მქონდა, რაც თავის მხრივ ვალდებულებებსაც მაკისრებდა კლუბთან. ქართული რეგბის ფედერაციამ ვარჯიშზე ჩამოსვლა მთხოვა, კლუბი არ მიშვებდა, რადგან იმ პერიოდში საფრანგეთშიც გვქონდა თამაშები. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ საქართევლოში დაზღვევა არ გვქონდა და ტრავმები ძალიან ხშირი იყო. მსოფლიო თასს წინ ისიც უძღოდა, რომ მოედანზე მყესები გამიწყდა. გასახდელში მარტო დამტოვეს და სასწრაფოც კი არავის გამოუძახებია. მაშინ „ბეზიემ“ იზურნა სასწრაფოდ გადავეფრინე საფრანგეთში და ოპერაცია გამეკეთებინა. აღნიშნულის გამო, კლუბმა ჩემს ხანგრძლივ გამოშვებაზე უარი განაცხადა, შევთანხმდით, თბილსში მოსამზადებელ პერიოდს არ დავესწრებოდი, მაგრამ მსოფლიო თასზე ვიასპარეზებდი. საქართველოს ფედერაციამ კატეგორიულად მოითხოვა ჩემი საქართველოში ჩამოსვლა. აქ კიდევ სხვა პირადი პრობელემიც დაერთო, ჩამოვედი, მაგრამ „ბეზიეს“ ხელმძღვანელობა და საქართველოს რეგბის ფედერაცია ვერ შეთანხმდნენ. მათ არ ისურვეს ამ რეჟიმში ჩემთან თანამშრომლობა და „მოღალატედ“ გამომაცხადეს. ნაკრების დატოვება მომიხდა. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება ჩემი მხრიდან, მაგრამ ამას წინ ძალიან ბევრი რამ უძღვოდა.
_ შემდეგ იყო ტრავმები, 8 ოპერაცია და შეწყვეტილი ლიცენზია.
_ ახალგაზრდა ვიყავი და თავს არ ვზოგავდი. გადაიღალა სხეული და ტრავმებს ვეღარ გაუძლო, ხერხემალი დამიზიანდა. 2005 წელს მსოფლიო სპორტის ფედერაციამ ლიცენზია შემიჩერა. რეგბის თამაშის უფლება დავკარგე. მაშინ ჩემი ცხოვრება დასრულდა. მე შესაბამის დროს, შესაბამის ადგილას ვიყავი და მქონდა საუკეთესო ასაკი სპორტული კარიერის საკეთებლად, მაგრამ შანსს ვკარგავდი. საერთოდ ყველაფერს ვკარგავდი. ეს იყო გაუსაძლისი ტკივილი, აღარ ვიცოდი, რა მეკეთებინა. 2007 წელს საქართველოში ჩამოვედი. მერე ომი დაიწყო და ბრძოლის ველზე მომიწია წასვლა. აქ 1 წელი გავჩერდი. ვერ შევეგუე იმ აზრს, რომ ასე დასრულდა ჩემი სპორტული კარიერა. ისევ საფრანგეთში ჩავედი. მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა, ელექტროობას ვაკეთებდი, 150 ბინა მაქვს გაკეთებული. თან ვჭიდაობდი, საკმაოდ კარგი მიღწევები მქონდა. დაბალ ლიგაში ვთამაშობდი რეგბს, მაგრამ ამ ყველაფერმა ვერ დამაძლევინა ის ტკივილი, რასაც დიდი სპორტის დანაკლისი მაყენებდა. ფსიქოლოგიური პრობლემები დამეწყო. ვფიქრობდი, სად დავუშვი შეცდომა. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრში გამიშვეს, რათა დამეძლია ჩემი ცხოვრების ურთულესი მომენტი და პროფესია შემეცვალა. ცენტრში ექიმმა გამსინჯა, 79%-იანი რახიტი დამიდგინა და ოპერაცია შემომთავაზა. მან დასკვნა დაწერა, რომლის მიხედვითაც განმეორებითი ტრავმა ხერხემალზე ქირურგებს ოპერაციის გაკეთების საშუალებას მისცემდათ. ასე ვთქვათ, ხერხემლის გატეხვის რეკომენდაცია მომცა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ამ დასკვნის საფუძველზე ლიცენზია მომცეს და 2011 წელს კვლავ დავბრუნდი მოედანზე.
_ 5 წლის შემდეგ რთული არ იყო ისევ მოედანზე დაბრუნება?
_ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რატიანიძე სპორტს უბრუნდებოდა, პრესა ახმაურდა. ათასობით კომენტარი მოჰყვა ამ ამბავს. რატიანიძე გაგიჟდა, სპორტის ფანტომი – ცინიზმი არ წყედებოდა. ამდენ წლიანი წყვეტისა და ჩემი ხერხემლის პატრონისათვის რეგბის მოედანზე გასვლა სიკვდილზე წასვლას ნიშნავდა. მე მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა დამემტკიცებინა მათთვის, რომ სცდებიან, ეს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისათვის უნდა დამემტკიცებინა. „ტულინმა“ ჯოკერ მოთამაშედ დამიძახა. შანსი გამოვიყენე – დავამტკიცე, რომ ისევ შემიძლია. ჩემთვის ეს იყო „მოპარული სიცოცხლე“.
_ არ იყო რთული ყველაფრის თავიდან დაწყება?
_ ხანდახან ფსკერს უნდა შეეხო, რომ ამოყვინთო. დღეს ამბასადორი ვარ – რეგბის ელჩი. ამ ტრავმებით საფრანგეთის „ბარბაროსებთან“ რამდენჯერმე ვითამაშე. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ვბრუნდები და ჯერ ისევ ფორმაში ვარ, შემოთავაზებები მივიღე, „ტულინი“ და „პარიზი“ 4-თვიან კონტრაქტებს მთავაზობდნენ. არჩევანი „ლიონზე“ გავაკეთე, ამ გუნდთან ერთად 1 წელი ვითამაშე. შემდეგ იყო „დაქსი“ , 2 წელი ტოპ-14-ში ვითამაშე „აჯენთან“ ერთად, ახლა უკვე 2 წელია „ნორბონაში“ ვთამაშობ და ჯერ კიდევ კარგ ფორმაში ვარ, იმედი, მაქვს რამდენიმე წელს კიდევ შევძლებ ასპარეზობას.
-საკმაოდ დიდი გზა გაქვს გავლილი, ბევრ გუნდთან მოგიწია თამაში, ათეულობით შევხედრა გაქვს ჩატარებული, რომელი იყო შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა?
-საქართველო – რუსეთის შეხვედრა 2003 წელს. რუსეთში ვთამაშობდით. 85 000 მაყურებელი ესწრებოდა თამაშს. ეს იყო ყველასთვის ძალიან დიდი სტრესი და პასუხისმგებლობა. ამ თამაშის ყველა ქმედება, ყველა დეტალი მახსოვს.
-აქტიური სპორტის დასრულების შემდეგ რა გეგმები გაქვს, აპირებ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?
– მე ჯერ ისევ საქართველოში ვცხოვრობ. ფიზიკურად საფრანგეთში ვარ, მაგრამ გული და გონება აქ მაქვს. ორი ვაჟი მყავს, უფროსი მორბენალია და თან თეატრალური ნიჭი აქვს, თეატრში თამაშობს. უმცროსი მომავალი რეგბისტია, აქტიურად ვარჯიშობს და თან ხატავს. ალბათ გარკვეული ეტაპი კიდევ საფრანგეთში მომიწევს ცხოვრება, სანამ ბავშვები სრულწლოვანები არ გახდებიან და არ გადაწყვეტენ, რა უნდათ.
-და ბოლოს, როგორ შეაფასებ ქართულ რეგბს?
-ქართულ რეგბს დიდი პერსპექტივა აქვს, ჩვენ ძველი „ბორჯღალოსნები“ ენთუზიაზმით ვთამაშობდით, ახლა სიტუაცია უკეთესია და იმედი მაქვს, ჩვენი ბიჭები სულ უფრო ხშირად გაგვახარებენ, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სპორტის ამ სახეობას, რაიონებში უნდა გაიხსნას კლუბები, ბავშვები უნდა დავაინტერესოთ და მივცეთ განვითარებისა და ჩართულობის საშუალება. იმისათვის, რომ კარგი რეგბისტი გახდე, სპორტული ჟინი და სიყვარულია საჭირო, ქართველებს არც ერთი არ გვაკლია. ძალიან კარგი თაობა მოდის. უყურებ ბავშვებს და ხვდები, როგორი სამუშაო მასალაა თითოეული მათგანი, მოედანი სჭირდებათ და დახმარება, საკუთარი პოტენციალი იპოვნონ და განავითარონ. მაქვს გარკვეული გეგმები და სურვილები, იმედია, შევძლებ, მომავალი ქართული რეგბის განვითარებაში საკუთარი წვლილი შევიტანო.

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი

პროექტი: “გახდი შენი ქალაქის რეპორტიორი”

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათზე მეტია გრძელდება დასრულდა

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც უკვე 20 საათზე მეტია სპეცოპერაცია მიმდინარეობს დასრულდა. როგორც GNN-ის კორესპოდენტი ადგილიდან ...