28/03/2024
Latest:
ეკონომიკა

რა პერსპექტივებს ბადებს EBRD -ის მიერ საქართველოს საფონდო ბირჟაზე ობლიგაციების განთავსება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ( EBRD ) 2016 წლის 17 ივნისს, პირველი საჯარო ობლიგაცია გამოუშვა 107 მილიონი ლარის ოდენობით, რომლის განთავსებაც, აუქციონის შედეგად მიღებული განაცხადის საფუძველზე, საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება.

პიონერული გამოშვება ხუთწლიანია და ცვლად პროცენტიანი კუპონი გააჩნია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის სამთვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატის განაკვეთთან. მისი საწყისი კუპონი 6.45 პროცენტია, სადეპოზიტო სერტიფიკატის ბოლო აუქციონიდან შემდგომი სამი თვის განმავლობაში.

ევრობანკისთვის ეს ლარით დენომინირებული ობლიგაციების მესამე წარმატებული გამოშვებაა საქართველოში. პროცესს წარმართავს “საქართველოს ბანკის” შვილობილი კომპანია სს გალთ & თაგართსი.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, ევრობანკის რეგიონალურ დირექტორთან, ბრუნო ბალვარენასთან ერთად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, ეს არის საქართველოს კაპიტალის  ბაზრების განვითარების ახალი საეტაპო მოვლენა, როდესაც ევრობანკი წარმატებით განათავსებს ლარში ნომინირებულ, პირველ საჯარო გამოშვებას – “ეს მოვლენა ცხადყოფს რამდენად დიდია ნდობა ქართული ლარისა და ადგილობრივი დარგობრივი პოლიტიკისადმი. ლარით ობლიგაციების ემისია, ადგილობრივ ბაზარზე, მაღალი ნდობის დასტურია ლარისა და ადგილობრივი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ის ფაქტი რომ ქვეყანაში არსებობს მცურავი გაცვლითი კურსი, ზრდის ნდობას ეროვნული ვალუტის მიმართ და შესაბამისად ინტერესს ინვესტორების, მათ შორის არარეზიდენტი ინვესტორების მხრიდან. ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში, ლარით დენომინირებულ ფასიან ქაღალდებზე გაზრდილ მოთხოვნას, რაც საპროცენტო განაკვეთებზეც ახდენს გავლენას”, – განაცხადა გვენეტაძემ.

ბრუნო ბალვარენამ კი, აღნიშნულ გამოშვებასთან დაკავშირებით ორ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, პირველი ის, რომ რომ ხუთწლიანი ვადა აქვს, წინა გამოშვებები იყო ორწლიანი და მეორე, განსაკუთრებული თვისება არის ის, რომ საჯაროდ მოხდება ამ ობლიგაციებით ვაჭრობა – “მინდა ასევე ვთქვა, რომ ეს ბონდები საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ ინვესტიციები მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის, რათა მოხდეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება”.

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” პრეზიდენტის, შოთა გულბანის განცხადებით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია რამოდენიმე ფუნდამენტალურ საკითხზე ყურადღების გამახვილება – “ცხადია ეს დადებითი მოვლენაა რამოდენიმე მიმართულებით, პირველი ის, რომ ევრობანკის მიერ საქართველოს საფონდო ბირჟაზე ობლიგაციების ემისია უკვე მეტყველებს ნდობის ხარისხის ზრდაზე და რაც სხვა საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც პოზიტიური სიგნალი იქნება, ეს გაზრდის ლარზე მოთხოვნას, გაზრდის საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციას, პლუს, მოზიდული სახსრებით ევრობანკი ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტების პროგრამასაც წაახალისებს, რომელიც 2009 წლიდან გააჩნია და მცირე და საშუალო ბიზნესის და ქალი მეწარმეების დაფინანსებას ისახავს მიზნად. თუმცა ვფიქრობ, რომ პრობლემა სხვა რამეშია. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ მოხდება ამ ობლიგაციების საჯარო განთავსება, მიუხედავად ამისა, მე მეეჭვება, რომ ბანკების გარდა სხვამ ვინმემ შეძლოს მათი შესყიდვა, საფონდო ბირჟაზე რეალურად ყველაფერს ბანკები განაგებენ, როგორც სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები არის მხოლოდ მათთვის ხელმისაწვდომი, ასევე ევრობანკის ობლიგაციებსაც ისინი არავის დაუთმობენ,  რომც იყოს ამის შესაბამისი საკანონმდებლო გარემო და შესაძლებლობა არასაბანკო ბიზნესის წარმოადგენლებისთვის, აღარაფერს ვამბობ ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებზე. სამწუხარო რეალობაა, რომ საფონდო ბირჟაზე ბანკების მონოპოლიზმი არ აძლევს ჩვენს ქვეყანაში ბიზნესს საშუალებას, მსგავსი შესაძლებლობით ისარგებლონ”, – აცხადებს გულბანი.

 

შოთა კორინთელი