25/04/2024
Latest:
საზოგადოება

ორსართულიანი მატარებლებით მგზავრობა ივლისის ბოლოდან იქნება შესაძლებელი

ორსართულიანი მატარებლებით ბათუმისკენ გადაადგილებას მგზავრები ივლისის ბოლოდან შეძლებენ. როგორც „საქართველოს რკინგიზაში“ განმარტავენ, ოთხივე მატარებელი სატესტო რეისებს ასრულებს, რის შემდეგაც სხვა მატარებლების მსგავსად ბათუმისკენ დაიწყებენ მოძრაობას და მგზავრების გადაყვანას.

„საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ მატარებლებმა სატესტო რეჟიმში 5 ათასი კილომეტრი უნდა გაიარონ, მატარებლების უმრავლესობას კი ამ გზის ნახევარი უკვე დაფარული აქვს.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ორსართულიანი მატარებლების სატესტო რეისები 7-10 დღეში დასრულდება და თვის ბოლოდან მგზავრთა გადაადგილებაც დაიწყება.

უწყებაში განმარტავენ, რომ ახალი ორსართულიანი მატარებლებით მგზავრობის ტარიფები არ მოიმატებს და ისეთივე იქნება, როგორიც სხვა მატარებლებში. ამჟამად მეორე კლასის ბილეთი თბილისი-ბათუმის მიმართულებით 23 ლარი ღირს, პირველი კლასის კი 40 ლარი.

შვეიცარიული კომპანია შტადლერის მიერ საქართველოსთვის დამზადებული ორსართულიანი მატარებლები თბილისში რამდენიმე დღის წინ შემოიყვანეს.

საქართველოს რკინიგზამ შტადლერს 4 ახალი, ორსართულიანი მატარებელი 2016 წლის გაზაფხულზე შეუკვეთა, რაშიც 40 მილიონი ევრო გადაიხადა.

საქართველოს რკინიგზისა და კომპანია შტადლერის ინფორმაციით, შვეიცარიელი სპეციალისტები მატარებლების დამზადებამდე საქართველოში იმყოფებოდნენ, შეისწავლეს ინფრასტრუქტურა, მათ შორის გვირაბები, ბაქნები, ლიანდაგების სისტემა. შესაბამისად, ახალი მატარებლები მთლიანად ადგილობრივ სისტემაზეა მორგებული.

წყარო: commersant.ge