საზოგადოება

ბათუმში UEFA-ს სტანდარტების სტადიონის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება

”ბათუმის სტადიონის პროექტს ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის პრინციპული დატვირთვა აქვს და ყველაფერს გავაკეთებ პროექტის განხორციელებისთვის. ჩვენ საზოგადოებას ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის განხორციელების პირობა მივეცით და მე ამ პროცესს აუცილებლად ბოლომდე მივიყვან. ქალაქს მალე ღირსეული საფეხბურთო სტადიონი ექნება“ – განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ სტადიონის პროექტთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

რამაზ ბოლქვაძეს დეტალური ინფორმაცია შპს „სტადიონის“ დირექტორმა გიორგი ზირაქაშვილმა მიაწოდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა პროექტში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს ახალი დავალებები მისცა და სამუშაო პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებისკენ მოუწოდა.
„კარგად ვხედავ, სტადიონის მშენებლობას უამრავი სპორტსმენი, ფეხბურთის გულშემატკივარი, თუ ჩვენი უბრალო თანაქალაქელი დიდი ინტერესით ელოდება და მათი ეს სურვილი მინისტრის რანგში ჩემს მიერ მოსახლეობასთან გამართულ ყველა შეხვედრისას იკვეთება. დღეს კიდევ ერთხელ დეტალურად გავეცანი პროექტის მიმდინარეობის პროცესს და მინდა აღვნიშნო,რომ სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი მოიწონა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ტექნიკური და სამშენებლო ნებართვების სააგენტომ.
შემდგომი ეტაპი საზედამხედველო კომპანიის შერჩევის მიზნით ელექტრონულ ტენდერს მოიცავს,რის შემდეგაც უკვე სტადიონის მშენებლობის ტენდერის გამოცხადების პროცედურები დაიწყება.
პროექტი ქალაქისთვის და არამარტო უმნიშვნელოვანესია. საფეხბურთო მატჩების გარდა, სტადიონი სხვადასხვა მასშტაბური კულტურული ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს, რაც რა თქმა უნდა ტურისტულ ქალაქს ახალ დატვირთვას შეძნს. სპორტული მოედნის ტრიბუნების ქვედა სივრცეში კომერციული ობიექტები განთავსდება, რაც სამომავლოდ ტერიტორიას განავითარებს და საზოგადოებრივად აქტიურს გახდის“ – განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ სამუშაო შეხვედრაზე.
სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენდება. საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება. სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს.
სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება. იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.
სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე 1000-ზე მეტ მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. ბათუმის საფეხბურთო სტადიონი BAHADIR KUL ARCHITECTS -ის პროექტით აშენდება. კომპანიას 22 სტადიონი და 17 სპორტული ცენტრი აქვს დაპროექტებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, ყაზახეთში, კამერუნში და ა.შ
 სტადიონის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.