28/03/2024
Latest:
საზოგადოება

„აჭარის დღეები“-ს ფარგლებში რეგიონის რეკლამირება გრძელდება

 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით აგრძელებს პიარ კამპანების წარმოებას სამიზნე ქვეყნებში. 29-30 ივლისს, დეპარტამენტი რეგიონს ლიტვაში, ქალაქ კლაიპედაში გამართულ საზაფხულო ფესტივალზე წარადგენს. ფესტივალზე, რომელსაც ყოველწლიურად 10 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს ქართული ფოლკლორი იქნება წარმოდგენილი. აჭარის დღეების გამართვას ლიტვის შემდეგ დეპარტამენტი 13 აგვისტოს პოლონეთში, შემოდგომაზე კი ესტონეთში, ლატვიასა და უკრაინაში გეგმავს. დაგეგმილია პიარ კამპანიების განხორციელება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებშიც.

„ვაგრძელებთ რეგიონის პოპულარიზაციას ჩვენს სამიზნე ქვეყნებში. ჩატარებული პიარ კამპანიებიდან განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა სამიზნე ქვეყნების დედაქალაქებში ჩატარებულ „აჭარის დღეებ“-ს, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ აღნიშნული ღონისძიება წლის ბოლომდე დამატებით 3 სამიზნე და 2 არასამიზნე ქვეყანაში გავმართოთ.  აჭარის დღეებზე ჩვენს სამიზნე აუდიტორიას ადგილზე ვაცნობთ იმ არამატერიალურ კულტურულ ძეგლებს, რაც გაგვაჩნია და რის გამოც ჩამოდის ჩვენთან ტურისტი. ეს არის ჩვენი მდიდარი ფოლკლორი, სამზარეულო და ღვინო. ჩვენ ასევე, ვგეგმავთ არსებული სამიზნე ქვეყნების დივერსიფიკაციას და ვიწყებთ არაბეთის ყურის ქვეყნების ანალიზს. 2017 წლიდან კი შესაძლოა არსებულ 11 სამიზნე ქვეყანას რამდენიმე შეემატოს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „აჭარის დღეები“ გაზაფხულზე ვილნიუსში, ასტანაში, თელ-ავივში, მინსკსა და ვარშავაში გამართა. ღონისძიებებს წამყვანი მედია საშუალებების, ტურსააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოზე წარმოდგენილი იყო ქართული ფოლკლორი, სამზარეულო და ღვინო. ღონისძიებები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებითა და აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდებოდა.

13843515_10207867645583472_221718406_o