საზოგადოება

კრწანისში 250 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება

შემოდგომაზე, კრწანისის რაიონში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.
კრწანისის #21, 900 კვ.მ მიწის ფართზე ორსართულიანი არასტანდარტული შენობის მშენებლობა უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე ფასადის შეღებვა და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

ობიექტი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად, დაათვალიერა.

ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა 6 ჯგუფი შეიქმნება, მთლიანობაში კი, 250-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს. ბაღში 40 -მდე ადამიანი დასაქმდება.

შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

„სრულდება კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელსაც სექტემბერში გავხსნით. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, მხოლოდ ეზოს კეთილმოწყობა და ფასადის შეღებვაა დარჩენილი. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს მივეცი დავალება, უკვე დაიწყონ შენობაში ავეჯისა და სხვა საჭირო ინვენტარის შეტანა. დაწესებულება 250 აღსაზრდელს მიიღებს. ამის გარდა, სექტემბერში კიდევ ორი ახალი ბაღი გაიხსნება. ასე რომ, ამ სასწავლო წლიდან, ჯამში, 1 000-მდე ბავშვს მივიღებთ სკოლამდე სასწავლო დაწესებულებაში. ახალი პროექტების მიხედვით აშენებული ყველა ბაღი ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ამასთან, კვება, შენობაში არსებული სივრცისა და გასართობი კუთხის მოცულობა ზედმიწევნით აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს. გარდა ამისა, წელს კიდევ რამდენიმე ახალი ბაღის მშენებლობა იწყება, სპეციალურად მომზადდა ენერგოეფექტური პროექტები, რათა მომავალში ელექტროენერგიისა და სხვა სახის ხარჯები მნიშვნელოვნად შევამციროთ. ასე რომ, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკითხებზე, რასაც მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დავპირდით. ნელ-ნელა ვუახლოვდებით წერტილს, როცა არც ერთი ბავშვი არ დარჩება ბაღის გარეშე “, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

13892319_1397408996942363_2174589924365524430_n13902624_1397408903609039_8893854503996037628_n13925143_1397408753609054_9165280130867912116_n