ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პროექტი „კინო სკოლაში“  

ბლიც ინტერვიუ

უკვე 2 წელია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „კინო სკოლაში“, რომელიც რეგიონებში არსებულ საჯარო სკოლებში კინოჩვენებების ჩატარებასა და სხვა საინტერესო აქტივობებს გულისხმობს. ამ ყველაფრის შესახებ მოცემულ ინტერვიუში დაწვრილებით წაიკითხავთ. საგარეჯოს მე-4 საჯარო სკოლის კოორდინატორი მთვარისა ბაღათრიშვილი ესაუბრა კინომცოდნე შორენა როსტომაშვილს, რომელიც ეს ორი წელია, რეგიონის სხვა სკოლებთან ერთად, ზემოხსენებულ სკოლაშიც უძღვება კინოჩვენებებს.

მ. ბ.  – რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროექტი კინო-სკოლაში?

შ. რ. – ჩემთვის პროექტი „კინო სკოლაში“ არის შესაძლებლობა, გავაერთიანო ორი საყვარელი რამ – ჩემი სპეციალობა და ბავშვების სიყვარული, შემდეგ კი მოზარდებს გავუღვიძო კინოს, როგორც ხელოვნების დარგის, მიმართ ინტერესი, რათა მათ კინოხელოვნებას სერიოზული თვალით შეხედონ და ფილმებში დაინახონ ბევრი საჭირბოროტო საკითხი, რისი გარკვევაც მომავალში გამოადგებათ. ზოგადად კი, ეს პროექტი https://www.facebook.com/kinoskolashi/?fref=ts ემსახურება კინოხელოვნების პოპულარიზაციას საქართველოში, მისი მიზანია, მოზარდებმა იცოდნენ ქართული თუ უცხოური კინოშედევრები, რეჟისორები, მსახიობები, იმსჯელონ ფილმებზე, გამართონ დისკუსიები, დაწერონ სცენარები, გადაიღონ ფილმები და სხვა.

მ. ბ. – რა კრიტერიუმებით არის შერჩეული ფილმები მოსწავლეებისთვის?  ცნობილია, რომ ფილმების შერჩევაზე დიდი გუნდი მუშაობდა: რეჟისორები, კინომცოდნეები, ფსიქოლოგები.

შ. რ. – დიახ, პროექტს სათავეში უდგას კომპეტენტური ჯგუფი. მისი ხელმძღვანელები არიან კოტე ჩლაიძე და თეა გაბიძაშვილი. ფილმების სიის შედგენაზე ვიმუშავეთ კინომცოდნეებმა, რეჟისორებმა და ფსიქოლოგებმა. ფილმები შეირჩა მოზარდების ასაკის გათვალისწინებით, ვინაიდან ჩვენებებს ესწრებიან მე-7-მე-11 კლასების მოსწავლეები. შევარჩიეთ ისეთი კინოსურათები, რომლებიც კინოკლასიკას მიეკუთვნება, მაგრამ, ამავე დროს, ბავშვებისთვისაც იოლი საყურებელია. მთავარია, ფილმში წამოწეული იყოს ისეთი საკითხები, რაზეც მოზარდებს საინტერესო დისკუსიის გამართვა შეეძლებათ.

მ. ბ. – თქვენ როგორ არჩევთ, ყოველ კვირას, რა ფილმი უნდა ნახონ მოსწავლეებმა?

შ. რ. – ყოველი ჩვენების წინ, სიიდან ვარჩევ ისეთ ფილმს, რომელიც წინა კინოჩვენებისაგან განსხვავდება ან ჟანრით, ან თემატიკით, ან პერიოდით, რათა ჩვენებებმა საბოლოო ჯამში მრავალფეროვანი სახე მიიღოს და მოსაბეზრებელი არ გახდეს. ზოგჯერ კი ფილმს წინასწარ არც ვარჩევ და ადგილზე ვწყვეტ, რისი ნახვა იქნება იმ დღეს უპრიანი (დამსწრე მოსწავლეების გემოვნებისა და განწყობის გათვალისწინებით, თუმცა არა ყოველთვის).

მ. ბ. – თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, წაღებული გქონდათ ფილმი რაც უნდა გვენახა და სხვა ფილმით ჩაგინაცვლებიათ?

შ. რ. – კი, რა თქმა უნდა, სპონტანურობა ყველაფერს უხდება. მეც ყოველთვის რამდენიმე ფილმი მაქვს თან (ჩვენ გვაქვს კინოცენტრის სპეციალური ვინჩესტერები წინასწარ ჩაწერილი ფილმებით) და არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი ფილმი მეორით ჩაგვინაცვლებია, რადგან ფილმის დაწყებამდე სხვა საკითხს შევხებივართ, ამიტომ ამის გამო შეგვიცვლია სურათიც, ანდა,  უბრალოდ, ბავშვებს უთხოვიათ, რომ იმ დღეს რომელიმე სხვა ჟანრის ფილმი გვენახა და არა ის, რომლის ნახვასაც ვაპირებდით. თუმცა, ბუნებრივია, ეს ჩანაცვლება ისევ წინასწარ შედგენილი სიის ფარგლებში ხდება. აქვე დავამატებ, რომ ჩვენ საერთოდაც შეგვიძლია, სიას შევმატოთ ესა თუ ის ფილმი, რომელიც მანამდე არ ყოფილა განსაზღვრული, მაგრამ ეს კვლავაც კინოცენტრთან საერთო შეთანხმებით წყდება.

მ. ბ. – ვინ უნდა დაეხმაროს მოზარდს ფილმის სწორად  შერჩევაში, მაშინ როცა ტელევიზიას ძირითადი აქცენტი ტელესერიალებზე აქვს გაკეთებული?

შ. რ. – ამ შემთხვევაში მოზარდის ასაკსაც და გავითარების დონესაც გააჩნია. თუ პატარაა ბავშვი, ჯობია მშობელმა შეუქმნას სათანადო ნიადაგი და ასაკისათვის შესაფერის ფილმებს მიაჩვიოს, ანდა ეს შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, ვისაც ეს სფერო ან ბავშვის ფსიქოლოგია კარგად ესმის. გარკვეულ ასაკში მოზარდი უკვე თვითონ შეძლებს, შეარჩიოს ფილმი საკუთარი გემოვნებით. თუკი მას, ამავე დროს, კინოსპეციალისტი ან ამ საკითხით დაინტერესებული მასწავლებელი, მაგალითად, კინოჩვენებების კოორდინატორი სკოლაში მიუთითებს, რომ მდარე ხარისხის ფილმები (მით უფრო, ასეთი სერიალები) გემოვნებას გაუფუჭებს, რასაკვირველია, უკეთესი იქნება. მე ვცდილობ, ყოველთვის დავაფიქრო ამ პრობლემაზე მოზარდები და პარალელურად მივუთითო წიგნებზეც, რადგან დღეს ესეც არანაკლები პრობლემაა, მით უმეტეს, რომ ფილმების შერჩევისას არაერთი ეკრანიზაცია ხვდებათ და თუ წიგნი წაკითხული აქვთ, ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმის ნახვაც ბევრად საინტერესო ხდება.

მ. ბ. – ძირითადად რა ჟანრის ფილმებზეა მოთხოვნა დღეს?

შ. რ. – როგორც იცით, დღეს, ახალგაზრდობა სანახაობრივ კინოზეა გადართული, ასეთ ფილმებს კი აზროვნება ნაკლებად სჭირდება. კომერციული კინო ვერ ჩამოაყალიბებს ახალგაზრდაში იმ აზროვნების უნარს, რაც კარგ კინოს შეუძლია. ჩვენს კინოჩვენებებზე კი ჟანრი, რომელსაც მოზარდები თითქმის უცვლელად ითხოვენ, არის კომედია ან საშინელებათა ფილმი. ჩემი აზრით, მათ (ყველას თუ არა, უმეტესობას) ამ დროს ნაკლებად უნდათ ფიქრი, რადგან გართობა და ახალი შეგრძნებები ურჩევნიათ, ამიტომ ეს მოთხოვნაც ბუნებრივად მიმაჩნია. თუმცა დრამის ნახვის შემდეგ საკმაოდ საინტერესოდ მსჯელობენ, ფიქრობენ და განიცდიან კიდეც. მელოდრამა არ ხიბლავთ, თუმცა კი სიყვარული მათთვის ასევე საინტერესო თემაა, მაგრამ ძველ ფილმებში ნაჩვენები რომანტიული სიყვარული მათი ინტერესის არეალში არ ჯდება.

მ. ბ.  – თავად როგორ ფილმებს ანიჭებთ უპირატესობას?

შ. რ. –  მე დოკუმენტური კინო მომწონს, მხატვრულ კინოში კი ნეორეალისტური ხანის ფილმებს ვანიჭებ უპირატესობას. ვერ ვუყურებ ბანალურ კინოს, მიყვარს ვიტორიო დე სიკა, ფრანსუა ტრიუფო, ფედერიკო ფელინი. თუმცა სიამოვნებით ვუყურებ და განუმეორებელია ჩემთვის უილიამ უაილერის „რომაული არდადეგები“, რომელიც თავიდან არ გვქონდა სიაში და ინიციატივა გამოვთქვი, დაგვემატებინა ეს ფილმი, ამიტომ ყველა სკოლაში იციან ბავშვებმა ოდრი ჰეპბერნი და გრეგორი პეკი, რომელთა შესახებ ზოგს გაგონილიც არ ჰქონდა. ქართულ კინოში 60-იანელებს გამოვარჩევდი, ჩვენი რეჟისორებიდან კი თენგიზ აბულაძე მიყვარს.

მ. ბ. – მოსწონთ მოზარდებს „შავ-თეთრი“ კინო?

შ. რ. – შავ-თეთრი კინო თავიდან აშინებდათ კიდეც ბავშვებს, მაგრამ მერე მოეწონათ. რასაკვირველია, ფერადი ფილმი ურჩევნიათ, მაგრამ შავ-თეთრის გაგონებაზე თავდაპირველი რეაქცია აღარ აქვთ. მაგალითად, უყვართ და უკვე ნანახი აქვთ ჩაპლინის ყველა ფილმი, ასევე, განურჩევლად ყველას ერთნაირად მოეწონა ისეთი შავ-თეთრი ფილმი, როგორიცაა „12 განრისხებული მამაკაცი“, რომელშიც მოქმედება ერთ ოთახში მიმდინარეობს. წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მე ისეთ ეტაპზე ვაჩვენე მათ ეს ფილმი, რომ უკვე მზად იყვნენ იმისათვის, მოსწონებოდათ ასეთი კინო და არც შევმცდარვარ.

მ. ბ. – თქვენ გქონიათ ფილმების ჩვენების დროს ურთიერთობა ქალაქის, რაიონისა და სოფლის ბავშვებთან, ემთხვევა მათი ინტერესები და აზრები ერთმანეთს?

შ. რ. – რა თქმა უნდა, ემთხვევა. ისინი ერთ დროში ცხოვრობენ, თან დროში, როცა არსებობს ინტერნეტი და ყველაფერზე ერთნაირად მიუწვდებათ ხელი. ახლა უკვე კინო შევიდა მათთან სხვა სახით – კარგი კინო დიდ ეკრანზე და ისინიც თანდათან ერთნაირად იწყებენ მსჯელობას. ყოფილა, რომ სოფლებში ნანახი ჰქონდათ ბავშვებს ჩაპლინი და ქალაქში – არა, ყოფილა პირიქითაც. სხვა დანარჩენ საკითხზე მსჯელობისასაც არის ხოლმე გარკვეული სხვაობა შეხედულებებში, თუმცა საერთო ჯამში მათი ინტერესები და აზრები საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს.

მ. ბ.  – რაიონში ჩატარდა გამოკითხვა ახალგაზრდებში,  უმეტესობამ მოითხოვა კინოცენტრის დაარსება, მისი ფუნქციონირება. არადა თავიდან, რამდენიმე კინოჩვენებისას, იყო ძალიან დაბალი აქტივობა. რით არის ეს გამოწვეული?

შ. რ. – მიხარია, თუ ამ და სხვა კინოპროექტების (მაგ. კინოფესტივალ „ჯიფონი საქართველოს“) გაცნობის შემდეგ ახალგაზრდებს კინოს გავითარებასთან დაკავშირებით სერიოზული მიზნები აქვთ, ეს უკვე თავისთავად ნიშნავს, რომ ჩვენს ჩვენებებს უკვალოდ არ ჩაუვლია. რაც შეეხება დაბალ აქტივობას, ასეთი რამ შეიძლება იყოს გაურკვევლობის ბრალი პირველ ეტაპზე, რასაც ადგილი ჰქონდა განურჩევლად ყველა რეგიონში. როდესაც ბავშვებმა არ იციან, რა პროექტია ეს, ელიან გასართობ ფილმებს და ხვდებათ სხვანაირი კინო, უფრო რთული, უფრო დასაფიქრებელი, ამას ისიც ემატება, რომ ფილმის ნახვის შემდეგ უნდა იმსჯელონ, ეს აფრთხობთ, მერე უკვე, პირიქით, იხსნებიან და თვითონ კითხულობენ, როდის განახლდება კინოჩვენებები. არდადეგებზე ისინი უკვე იმ ფილმებს უყურებენ, რასაც ვნახულობდით, ან მწერენ და მეკითხებიან, რას უყურონ, ასე რომ, ის, ვინც მიხვდა, რომ ჩვენ „სხვა კინო“ გვაქვს, ჩვენებებზეც ინტენსიურად დადის. ყველა არა, მაგრამ საკმაოდ ბევრი ბავშვია უკვე ისეთი, ვინც ამ პროექტის ერთგული მონაწილეა. მათ უკვე იციან, რომ „კინო სკოლაში“ საინტერესო და სასარგებლო პროექტია, რომელმაც მათ სულ სხვა თვალით დაანახა კინოხელოვნება.

მ. ბ. – რამდენიმე სიტყვით რომ გვითხრათ ჯიფონის ფესტივალზე

შ. რ. – „ჯიფონი“ – ეს საერთაშორისო ახალგაზრდული იტალიური კინოფესტივალია, რომელიც სამჯერ ჩატარდა საქართველოში. ამ ფესტივალზე ჟიურის წევრები 13-დან 18 წლამდე მოზარდები არიან. ფესტივალის „ჯიფონი-საქართველო“ მონაწილეები 4 დღის მანძილზე ნახულობენ ფილმებს, არჩევენ საუკეთესოს, ესწრებიან საინტერესო მასტერ-კლასებსა და ვორქშოფებს, ეცნობიან ქართველ და უცხოელ რეჟისორებს, მსახიობებს, კინოსა და სხვა დარგების სპეციალისტებს, უახლოვდებიან უცხოელ თანატოლებს, გამორჩეული მონაწილეები კი იტალიაში, ამავე ფესტივალზე იგზავნებიან. პროექტის „კინო სკოლაში“ მონაწილე ბავშვებმა და არა მხოლოდ მათ იციან ამ კინოფესტივალის შესახებ, ისინი ავსებენ შესაბამის აპლიკაციას, რომელიც თავის დროზე გამოქვეყნდება „ჯიფონი ჯორჯიას“ ფეისბუქ-გვერდზე https://www.facebook.com/GiffoniGeorgia/ , შერჩეული აპლიკანტები კი მოხვდებიან ისეთ შესანიშნავ კინოფესტივალზე, როგორიც „ჯიფონია“.

მ. ბ. – დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის

შ. რ. – არაფერს, მადლობა თქვენ.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სამტრედიაში სასულიერო პირმა ადგილობრივი ქალი და მისი მეუღლე სცემა

სამტრედიაში სასულიერო პირმა, რამდენიმე კაცთან ერთად ადგილობრივ ქალს და მის მეუღლეს სცემა, რომელიც უცხო ქვეყნის ...