ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CineDOC-Tbilisi დასრულდა (ფოტო)

ცოტა ხნის წინ დასრულდა სამხრეთ კავკასიაში პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CineDOC-Tbilisi, რომელიც, ამჟამად, თავის ტურს განაგრძობს მთელ საქართველოში. ფესტივალი 2013 წლიდან დაწყებული, მეოთხედ გაიმართა კინოთატრებში „ამირანი“ და „რუსთაველი“, ასევე, გოეთეს ინსტიტუტში, ფრონტლაინ კლუბსა და კავკასიის სახლში. ნაჩვენები იქნა საფესტივალო ფილმები, ჩატარდა მასტერ-კლასები და სესიები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს მთელი მსოფლიოდან მოწვეულმა კინოპროფესიონალებმა და საერთაშორისო რანგის სტუმრებმა. ფესტივალმა პირველმა მიიღო საქართველოში ევროკავშირის პროექტის „კრეატიული ევროპა“ მხარდაჭერა.

წელს, CineDOC-Tbilisi წარმოდგენილი იყო ბევრად მეტი სექციით, ვიდრე გასულ წლებში, მათ შორის გახლდათ ახალი სექცია CivilDOC, აქ ნაჩვენებ ფილმებში კი წინა პლანზე იყო წამოწეული საყოველთაოდ მნიშვნელოვანი თემები – სოციალური პრობლემები და ადამიანის უფლებები. პროგრამაში შედიოდა ფიჩინგ ფორუმი, სადაც ქართველ დოკუმენტალისტებს პროექტი წარუდგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

საინტერესო იყო მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის გათვალისწინებული სექცია CineDOC-Yung, რადგან აქ ნაჩვენები ფილმები ძალზე შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო ახალი თაობისათვის, რაც ყოველი სეანსის ბოლოს გამართული დისკუსიების დროს აშკარად ჩანდა. ფილმებს ხომ თან ჩამოჰყვნენ რეჟისორებიც და ახალგაზრდებისათვის ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა ფესტივალს. ისინი ეცნობოდნენ ქართველ თუ უცხოელ დოკუმენტალისტებს, რომლებსაც სინამდვილე გადმოჰქონდათ ეკრანზე და შეულამაზებლად აწვდიდნენ მას მაყურებელს. ეს კი მოზარდებისათვის დამაფიქრებელი და ბევრის მასწავლებელია.

რაც შეეხება სექციას Focus Caucasus, აქ ვიხილეთ ფილმები საქართველოდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, რაც მრავალფეროვნებას მატებდა კინოფესტივალს.

ფესტივალის დირექტორია არჩილ ხეთაგური. ფილმების შეფასება დაევალა სპეციალისტებისაგან შემდგარ ჟიურის. ესენი იყვნენ:

საერთაშორისო საკონკურსო სექცია: ელი დერკსი (ნიდერლანდები), პიტერ ფორგაჩი (უნგრეთი), ულა ვესლერი (გერმანია);

Focus Caucasus-ის საკონკურსო სექცია: ლიანა რუოკიტე-იონსონი (ლიტვა), ჟან-ივ ლავუარი (საფრანგეთი), ამრა მეჰიკი (ბოსნია ჰერცოგოვინა);

CivilDOC-ის საკონკურსო სექცია: რეა აპოსტოლიდესი (საბერძნეთი), ერიკ ვან გისენი (ნიდერლანდები), მარიანა კაატი (ესტონეთი).

„ქართული დოკუმენტალისტიკა საკმაოდ მაღალ დონეზეა… უკვე ვიცით, რომ ჩვენთვის, ჟიურისთვის, ძალიან გაძნელდება არჩევანის გაკეთება“ – ამ სიტყვებით გაიხსნა დოკუმენტური კინოს ფესტივალი. შემდეგ წამყვანმა სტუმარი ქვეყანა წარმოგვიდგინა და წელს ეს გახლდათ პოლონეთი. ამას სექციების გაცნობა მოჰყვა და ფესტივალი, რომლის შინაარსი შემოიფარგლებოდა ერთი სიტყვით „ურთიერთობები“, გახსნილად გამოცხადდა ტომ ფასარტის ფილმით „ოჯახური ურთიერთობები“ (ნიდერლანდები), რომელიც რეჟისორის ბებიასთან ურთიერთობაზე გვიამბობს.

95 წლის მარიანე 30 წლის შვილიშვილს სამხრეთ აფრიკაში დაპატიჟებს, ტომს დაბადების დღე აქვს. 1950-იანი წლების ცნობილი მოდელი, ახლა უკვე უბრალოდ ბებია, ასაკს ვერ ეგუება და ახალგაზრდა შვილიშვილს თავსაც კი აწონებს, ეჭვიანობს მასზე, უყვარს და მოსწონს ის, მით უმეტეს, რომ აქამდე მათ ერთმანეთის არსებობის შესახებ გადმოცემით თუ იცოდნენ. თუმცა, ფილმის გადაღების დროს ფასარტი დაუახლოვდება ბებიას და მისი ყველაზე დაფარული ფიქრების თანაზიარიც კი ხდება. „სიყვარულიც და სიბერეც ავადმყოფობაა – ძლიერ განსხვავებული ერთმანეთისაგან“ – ამბობს მარიანე. მისი ვაჟი – ტომის მამა გულწრფელად წუხს, რომ ის „ნიღბიანი“ დედის შვილია. „ვისურვებდი, მოიხსნას ეს ნიღაბი… იმ ქვეყანაში ყოფნას არაფერი სჯობს, სადაც სულ მზე ანათებს, სადაც დედაშენია“, – ამბობს ის, რადგან ოდესღაც ბავშვთა სახლში ჩააბარეს. ფილმში ტომის ბიძასაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს – ეს მათი ოჯახია. ტომი არწმუნებს ბებიას, რომ „ნაკლებად ამაღლებულ თემებზე ლაპარაკიც აუცილებელია“. ქალმა იცის, რომ ტომმა მისი „შინაგანი „მე“ უნდა შეისწავლოს“: „არის ერთი ბედნიერი ადამიანი ჩემი ოჯახიდან, ვისზეც მთელ იმედებს ვამყარებ , ესაა ტომი. მხოლოდ ერთი და ეს ძალიან ცოტაა. იქნებ მისი ნაშრომის მეშვეობით ეს სიტუაციაც გაუმჯობესდეს. ის ჩემში რაღაცას ხედავს“. და ბოლოს, ტომი მამასაც ეკითხება, რა უნდა მას მოხუცი დედისგან, რაზეც მამა უპასუხებს: „სოციალური კავშირი, თანხმობა, ურთიერთგაგება – ის, რაც უნდა შვილს მშობლებისგან“.

ფილმი წარმოდგენილი იყო საერთაშორისო კონკურსის სექციაშიც და ალბათ არ არის გასაკვირი, რომ მან ჟიურის სპეციალური აღნიშვნის ჯილდო მოიპოვა. დოკუმენტური სურათისათვის ერთი შეხედვით ოდნავ გაწელილი, მაგრამ საინტერესო და ემოციურად დატვირთული სურათი საოცრად ამაღელვებელი გამოდგა.

სექციაში Focus Caucasus ნაჩვენები ქართული 11 წუთიანი სურათი „წერილები“ (რეჟ. ქეთი გიგაშვილი) დარბაზში მყოფი მაყურებლისათვის ნაცნობ და მტკივნეულ თემას – აფხაზეთს ეხებოდა. რეჟისორის თხოვნით ქართველებმა წერილები მისწერეს აფხაზ მეზობლებს და უთხრეს ის, რა სათქმელიც დაუგროვდათ 24 წლის განმავლობაში. ეს გაუგზავნელი ბარათები მაყურებლამდე მოვიდა და ახლოს დაგვანახა მშობლიურ კუთხეს მოწყვეტილი ადამიანების ტკივილი. სხვისი წერილების კითხვა ხომ არ შეიძლება, მაგრამ ეს ყველას ტკივილია, აი, ნაწყვეტებიც: „ვფიქრობ, შვილმკვდარი დედები უფრო გაუგებენ ერთმანეთს, ვიდრე სხვანაირად მოაზროვნე ადამიანები“; „ერთი დღე რომ დავდგა ფეხი, ესაა ჩემი ოცნება“; „სიზმარში ვხედავ. მეღვიძება. მერე ხომ აღარ დამეძინება. დავდივარ გარეთ, სახლში ვერ შევდივარ“; „ვიყავი 14-ის, ვარ 37-ის, დღემდე ვერ მიპოვია ჩემი ადგილი. იცით, რატომ? იქ იყო ჩემი ადგილი, სადაც დავიბადე“;  რეჟისორის თქმით, ფილმში გამოყენებული იყო რეალური კადრები აფხაზეთიდან. და მიუხედავად ამისა, რაღაც აკლდა სურათს, ის, რაც უფრო მეტად შემოაღწევდა მაყურებლის სულში. ფილმი ჟიურის ყურადღების მიღმაც აღმოჩნდა.

ამავე სექციაში იყო ნაჩვენები ქართველი რეჟისორის – ზურაბ ინაშვილის ფილმი „პური და სანახაობა“, რომელშიც ვნახეთ, როგორ ჰყავთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანებს დამწყვდეული დათვები და წლობით ამყოფებენ მათ გაუსაძლის პირობებში. ერთი გაათავისუფლეს, ორი მოუკვდათ, ერთი ვერ გაუშვეს, რომ ვინმესთვის საფრთხე არ შეექმნა, დანარჩენები კი ჰყავთ და სანახაობად იყენებენ – რესტორნის ეზოში ქეიფობენ, სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ამბობენ, ხორცს შეექცევიან და იქვე, თავის სიმაღლე გალიაში ორ ნაბიჯს ძლივს დგამს დათვი, რომელსაც ვერავინ ამჩნევს, ის კი სევდიანი თვალებით ძლივს წვდება გალიიდან ხმელ პურს. შემზარავი სანახავია ეს კადრები, ამის მიმხედავი კი დღემდე არ ჩანს. ფილმის რეჟისორის თქმით, ბრაკონიერობა პირველი პრობლემაა, რომ უდედოდ დარჩენილი ბელები სოფლებში არ ჩამოვიდნენ, მერე კი ამ სისასტიკეს უნდა მოეღოს ბოლო. 10 და 17 წელი უმძიმეს პირობებში მყოფი ცხოველებისათვის ტანჯვაა. „თავისუფლება ურჩევნია ყველას, თავისუფლება რომ არ უნდოდეს, მობრუნდებოდა“, – ამბობს იმ დათვის პატრონი, რომელსაც უკეთესი ბედი ხვდა წილად და გაათავისუფლეს. 17 წლის ტყვეობაში მყოფ პირუტყვს კი სევდიანი თვალებით უყურებს დამლაგებელი ქალი, რომელიც ვერაფერს შველის და მათი ცხოვრება ძველებურად გრძელდება.

ამ სექციაში – Focus Caucasus – გაიმარჯვა ფილმმა „ერთი, ორი, სამი“ (რეჟ. არმან იერიციანი, სომხეთი), ჟიურის სპეციალური აღნიშვნის ჯილდო კი ამავე სექციაში წილად ერგო ფილმს „ახალგაზრდა მოჭიდავეები“ (რეჟ. მეთ გუმურჰანი, თურქეთი, ნიდერლანდები). პირველი სურათი ასაკში შესული მოცეკვავეების უკანასკნელი წარმოდგენისათვის მზადებას გვიჩვენებს, რა დროსაც ისინი ხვდებიან, რომ ცხოვრება მშვენიერია ყველა ასაკში და რომ სიბერე არ უშლის ხელს არც სიყვარულს, არც ცხოვრების ხელახლა დაწყებას და ყოველთვის შეიძლება, როგორც ცეკვისას, თავიდან დაიწყო ათვლა: „ერთი, ორი, სამი…“. რაც შეეხება მეორე სურათს, „ახალგაზრდა მოჭიდავეები“, აქ თურქული ტრადიციების ფონზე მებრძოლ ახალგაზრდებს ვხედავთ, რომლებიც სპორტის მეშვეობით ცდილობენ წინსვლას და მიზნების ასრულებას, დაბრკოლებები არ აშინებთ, რადგან გრძნობენ, რომ მომავალი მათ ხელშია.

ასეთივე შემართებით ლახავენ წინააღმდეგობებს აფრიკელი ახალგაზრდები სექცია CivilDOC-ში წარმოდგენილ ფილმში „ისინი, ვინც ხტებიან“ (რეჟ.: მორის სიბერტი, ესტეფან ვაგნერი). მათ ესპანეთში უკეთესი ცხოვრება ეგულებათ და მთელი არსებით მისკენ მიისწრაფიან. მათი საცხოვრებელი ადგილი და მთა გურუგუ სწორედ ესპანურ დასახლება მელილას გადაჰყურებს. ეს ადგილი ჰყოფს ერთმანეთისაგან ევროპის კავშირსა და აფრიკას, გამყოფი კი მაღალი უსაფრთხოების მქონე სასაზღვრო ზოლია. აფრიკული ქვეყნებიდან დევნილი ადამიანები მთის წინ მდებარე ფერდობებზე ცხოვრობენ და აქედან ცდილობენ მაროკოსა და ესპანეთს შორის მდებარე საზღვრის გადაკვეთას. აბუ ბაქარ სიდიბიც ერთ-ერთი ლტოლვილია მალიდან, ის ფილმის თანარეჟისორიცაა და მთავარი გმირიც და იღებს იმ წვალებით გამოვლილ 14 თვეს, როცა მეგობრებთან ერთად ცდილობდა, გადახტომოდა ყველაზე სახიფათო ღობეს, რის იქითაც კეთილდღეობის იმედი არსებობდა. „გვეშინია, რომ ღობეზე გადახტომისას გვესვრიან. მეშინია, რომ ჩავალთ ევროპაში და ყველაფერი ფუჭი აღმოჩნდება“. მის ერთ მეგობარს მართლაც კლავენ, ის ვერ გადალახავს ღობეს და მას იმედთან ერთად სიცოცხლესაც უსპობენ. მანამდე კი ფერადკანიანი ახალგაზრდები ოცნებობენ თეთრ ქალებზე, თითქმის სჯერათ, რომ ევროპაში ისეთი საპნით იბანენ, რომ კანიც კი ღიავდება. აქ კი შიმშილია, მთელ მათ ქონებას წვავენ, ბრინჯს, რომლითაც იკვებებიან, ცეცხლში ყრიან. ეს ამ ბიჭების სიტყვებია, რასაც მათი სიმღერა ემატება: „თუ არასდროს დატანჯულხარ, მაშინ ცხოვრებაზე არაფერი იცი. თუ გინდა, დაიტანჯო, სახლი უნდა დატოვო“. და სახლს მაინც ტოვებენ, უკეთეს მომავალსაც ეძებენ და ალბათ პოულობენ კიდეც ისინი, ვინც ხტებიან. ფილმი, სამწუხაროდ, ჯილდოს გარეშე დარჩა.

დიდი შთაბეჭდილება დატოვა, ასევე, 18 წლის ავღანელი გოგონას ცხოვრების შესახებ გადაღებულმა სურათმა „სონიტა“(რეჟ. როხსარეჰ გაემ მაგამი), რომელიც ნაჩვენები იყო საერთაშორისო კონკურსის სექციაში, თუმცა გამარჯვება ვერ მოიპოვა. სონიტა – რომლის სახელიც „ემიგრანტ მერცხალს“ ნიშნავს, თავის ქვეყანაში გამეფებულ ტრადიციას ეწინააღმდეგება – მათთან გოგონებს ძალით ათხოვებენ, უფრო სწორედ, ყიდიან. სონიტას ფასი 9000 დოლარია. თუ არ გათხოვდება, ძმა ვერ მოიყვანს ცოლს, გოგონას კი ბევრად უკეთესი მიზნები აქვს – მას სწავლა და სიმღერა სურს, მის ქვეყანაში კი სიმღერაც იკრძალება. გოგონა ავღანეთიდან ირანში გადმოდის და თავშესაფარში ცხოვრობს, სადაც აწყობს კიდეც სამომავლო გეგმებს და მეგობართან ერთად სიმღერის ჩასაწერად არაერთ კარზე დააკაკუნებს. საბოლოოდ უმართლებს და მას უკვე უამრავი ახალგაზრდა იცნობს, როგორც ყველაზე ახალგაზრდა რეპერს, ჯილდოვდება კიდეც. რაც შეეხება რეჟისორს, ის მოვალეა, ასახოს დოკუმენტალური სინამდვილე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ადამიანის დახმარების მომხრეა და აშკარად ჩანს მისი ხელი სონიტას ცხოვრების გაუმჯობესებაში. გოგონას სწორედ იმ დროს დაეხმარნენ, როცა უკიდურესობამდე მისული იძულებული ხდებოდა, დედის ნებას დაჰყოლოდა და უარი ეთქვა საკუთარ ოცნებებზე. „ბედნიერებაა თუ არა, ტრადიცია ესაა“, – ეს დედის სიტყვებია. სონიტა კი მღერის: „მე ჩემს ღიმილს გავცვლი ჩემიანების სანაცვლოდ. მე მივატოვებ ჩემს თოჯინას, მაგრამ მასაც ისევე ნუ გაყიდით, როგორც მე გამყიდეთ“. და მაინც, ყველა თავის გზას ირჩევს, სონიტა ალიზადე თავისი ძლიერი ხასიათის წყალობით საკუთარი ოცნებების ერთგული დარჩა და ცხოვრება უკეთესი მომავლისათვის განაგრძო „მდინარეს ვკვეთდით, კედლები ჭუჭყიან ნანგრევებს ჰგავდა“. მთავარი ამ ნანგრევებიდან თავის დაღწევა იყო და გოგონამ ეს შეძლო.

და ბოლოს, ფესტივალის გამარჯვებული ფილმის შესახებ: „ძმები“ (რეჟ. ვოიტეკ სტარონი) ჟიურის რჩეული გახდა. სურათი ორი ძმის ურთიერთობას ასახავს. რეჟისორი მათ 20 წლის განმავლობაში თან დაჰყვებოდა. ძმების სიყვარული, განსხვავებულობა და მაინც ერთად ყოფნის სურვილი, მათი ცხოვრებისეული სირთულეები და ტკივილი, რომელიც სახლის დაწვით გამოსცადეს – იქ ხომ უამრავი ნახატი ინახებოდა. და მაინც, რეჟისორის ინტერესის სფერო მათი აწმყოა და არა წარსული, რადგან წარსულიც იმ ნახატებივით იფერფლება, თუმცა, რაც არ უნდა იყოს,  ჩვენი ცხოვრების ნაწილად მაინც რჩება.

ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე, ფილმის დაჯილდოებისას, აღინიშნა ამ სურათის განსაკუთრებული ოპერატორული ნამუშევარი, პოეტური მონტაჟი, ასევე, ფილმის მუსიკალური გაფორმება, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს სურათს. ალბათ, ამ ყველაფრის გამო, „ძმებმა“ დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი.

გამარჯვებული ფილმები:

  • საერთაშორისო საკონკურსო სექცია− ძმები / რეჟისორი – ვოიტეკ სტარონი / პოლონეთი / 2015 / 70 წუთი.
  • ჟიურის სპეციალური აღნიშვნის ჯილდო, საერთაშორისო საკონკურსო სექცია – ოჯახური ურთიერთობები/ რეჟისორი – ტომ ფასარტი / ნიდერლანდები / 2015 / 110 წუთი.
  • CivilDOC სექცია– სესილია / რეჟისორი – პანკაი ჯოჰარი / ინდოეთი / ნორვეგია / 2015 / 85 წუთი.
  • ჟიურის სპეციალური აღნიშვნის ჯილდო, CivilDOC სექცია – ვინღა შემიყვარებს ახლა?/ რეჟისორი – ბარაკ ჰეიმანი, ტომერ ჰეიმანი / ისრაელი / დიდი ბრიტანეთი / 2016 / 84 წუთი.
  • Focus Caucasus სექცია – ერთი, ორი, სამი/ რეჟისორი – არმან იერიციანი / სომხეთი / 2015 / 75 წუთი.
  • ჟიურის სპეციალური აღნიშვნის ჯილდო, Focus Caucasus სექცია – ახალგაზრდა მოჭიდავეები/ რეჟისორი – მეთ გუმურჰანი / თურქეთი / ნიდერლანდები / 2016 / 90 წუთი.
  • სტუდენტური ჟიური − ძმები/ რეჟისორი – ვოიტეკ სტარონი / პოლონეთი / 2015 / 70 წუთი.
  • მაყურებლის რჩეული –  ტრანზიტ ჰავანა/ რეჟისორი – დანიელ აბმა / კუბა / გერმანია / ნიდერლანდები / 2016 / 86 წუთი.
  • CinéDOC Young სექცია – ვცეკვავ შენთვის / რეჟისორი – ერლენდ ე. მო  / დანია / ნორვეგია / შვედეთი / 2015 / 30 წუთი.

ავტორი: შორენა როსტომაშვილი

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

“კორონავირუსის გავრცელების ფაზაში გადავდივართ, გაიზრდება დაინფიცირებულთა რიცხვი”- მთავრობა შეზღუდვებს ამკაცრებს

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საფრთხის გათვალისწინებით, მთავრობა უკვე დაწესებულ შეზღუდვებს ...