29/03/2024
Latest:
ეკონომიკა

ყველაზე დიდი ამოცანაა, მომავალშიც ვიყოთ სტაბილურობის შუქურა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა რეგიონში

ჩვენ წინაშე მდგარი ყველაზე დიდი ამოცანა ისაა, რომ მომავალშიც ვიყოთ სტაბილურობის შუქურა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა რეგიონში, რომელშიც ჩვენ რთულ გამოწვევებს ვაწყდებით” – ასე პასუხობს პრემიერი კვირიკაშვილი ატლანტიკური საბჭოს სარედაქციო დირექტორის მოადგილის აშიშ კუმარ სენის კითხვას – რა არის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს საქართველოსთვის.

კვირიკაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლებში საქართველომ მიაღწია „დიდ პროგრესს ეკონომიკური განვითარების, საზოგადოების გაერთიანებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია”.

“2008 წლის აგვისტოს ომში რუსული აგრესიის შედეგად, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია და ასობით ათასმა ადამიანმა იძულებით დატოვა საცხოვრებელი ადგილი. ამ ტრაგედიის შედეგებს ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ და 2008 წლის აგვისტოს გამოცდილება გვარწმუნებს, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, რომელიც გამიზნულია უფრო ძლიერი და თავდაცვისუნარიანი სახელმწიფოს მშენებლობისკენ. სწორედ ამიტომ ვუთმობთ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნას და ისეთი ქვეყნის მშენებლობას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ყველა ქართველის კეთილდღეობა”, – აღნიშნავს საქართველოს მთავრობის მეთაური.

ინტერვიუს დროს მან საშინაო საქმეებში მთავარ პრიორიტეტად რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელება დაასახელა, რომელიც მისი თქმით, მიზნად ისახავს ქვეყნის მოდერნიზაციის დაჩქარებას და სარგებელს მოუტანს ყველა საქართველოს მოქალაქეს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

ამ გეგმის ფარგლებში პრიორიტეტულ მიმართულებებში შედის გადასახადების შემდგომი ლიბერალიზაცია, მთავარი გზატკეცილების მშენებლობის დაჩქარება და ტურიზმის ხელშეწყობა, განათლების სისტემის რეფორმა და ღია მმართველობის ხელშეწყობა.

წყარო: კომერსანტი