საზოგადოება

როდის ამოქმედდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური და რა ეტაპზეა წინასამშენებლო სამუშაოები

საუკუნის პროექტად შეფასებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამუშაოები დაახლოებით 1 თვეა, რაც მიმდინარეობს.

კერძოდ, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პორტის მშენებელი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა უთხრა, ამ ეტაპზე ფსკერის შემსწავლელი, გეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

ამ მიზნით, ანაკლიაში მყოფ ერთ გემს რამდენიმე დღეში მეორეც დაემატება. კვლევები დაახლოებით, 6-8 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც უშუალოდ პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

პორტი, რომლის სიღრმეც 16 მეტრი იქნება და ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ღრმაა შავი ზღვის აკვატორიუმში, ყველაზე დიდ – სიგრძით 300 მეტრიან საკონტეინერო გემებს მიიღებს. ნავსადგურში შესვლა და გაჩერება 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდებს შეეძლება, მაშინ როცა დღევანდელ ქართულ პორტებს ყველაზე დიდი 1 400-1 500 კონტეინერიანი გემის მიღების შესაძლებლობა აქვს.

ახვლედიანის ცნობით, პორტი მხოლოდ სატვირთო გემებს მიიღებს და თავდაპირველად, 2020 წლიდან მხოლოდ საკონტეინერო ტერმინალი ექნება.
ანაკლიის პორტის პროექტი 9 ეტაპიანია. აქედან პირველი ფაზა 3 წელში დასრულდება, რის შედეგადაც 2020 წელს, უკვე პირველი გემის მიღებას შეძლებს. რა დროისათვისაც პორტის გამტარუნარიანობა წლიურად 7 მილიონი ტონა უნდა იყოს.

ახვლედიანი განმარტავს, რომ კონტრაქტის მიხედვით, დაახლოებით 30 წელიწადში ნავსადგურის ტვირთბრუნვამ წელში 40 მილიონი ტონა უნდა შეადგინოს. რის შემდეგაც პორტის გამტარუნარიანობა ბაზრის მოთხოვნის მიხედვით გაფართოვდება.

ჯამში, პროექტის 9-ვე ეტაპის განხორციელება დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარი, მხოლოდ პირველი ფაზის დასრულების ღირებულება კი 590 მილიონია.

აღსანიშნავია, რომ პორტის მართვის უფლება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 49 წლით აქვს, რის შემდეგაც ის სახელმწიფოს გადაეცემა.
ანაკლიის პორტი, რომლის მშენებლობაზეც 3400 ადგილობრივი, უშუალოდ პორტში 6400 ადამიანი დასაქმდება, 400 ჰა მიწის ფართობზე აშენდება, რომლის მიმდებარედ 600 ჰა, ინდუსტრიული ზონის მშენებლობაა დაგეგმილი. ამ ტერიტორიაზე ადგილობრივების, კერძოდ, 110 ოჯახის საცხოვრებელი ფართიც ხვდება, თუმცა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას ცნობით, მესაკუთრებისგან საკუთრების გამოსყიდვა კანონით დადგენილი ნორმებითა და საბაზრო ფასებით მოხდება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ „TBC ჰოლდინგისა“ და „კონტი ინტერნეშენალის“ მიერ ერთობლივად დაარსებული კომპანიაა. „კონტი ინტერნეიშენალი“ აშშ-ში ინფრასტრუქტურული და კაპიტალური პროექტების მიმართულებით ცნობილი დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის ასწლოვანი გამოცდილება აქვს.

მთავრობის პროგნოზით, ახალი პორტი „აბრეშუმის გზის“ კონცეფციის სრულმაშტაბიანად ამოქმედების უმთავრესი წინაპირობაა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. რადგან ეს ნავსადგური ყველაზე მოკლე გზა იქნება ჩინეთიდან ევროპამდე. „აბრეშუმის გზის“ ამოქმედება კი ახალი პორტის გავლით ჩინეთიდან ევროპისკენ ტვირთის გადატანის დროს ორ კვირამდე შეამცირებს.

საქართველოში დღესდღეობით 2 საზღვაო ტერმინალი – სუფსა და ყულევი და ასევე 2 საზღვაო ნავსადგური – ბათუმი და ფოთი მოქმედებს, სადაც წყლის სიღრმისა და საჭირო ტექნოლოგიების არარსებობის გამო მეგასაზღვაო ლაინერების შემოსვლა ვერ ხერხდება.

ცნობისთვის, 2015 წლის მონაცემებით, გადაზიდული ტვირთების რაოდენობა წინა წელთან შედარებით ფოთის პორტში 8,6 მილიონი ტონიდან 6,8 მილიონ ტონამდე, ბათუმში კი 6,3 მილიონი ტონიდან 5,7 მილიონ ტონამდე შემცირდა.

წყარო: Bpn.ge