28/03/2024
Latest:
საზოგადოება

საქართველოში პირველი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმი იხსნება

1 ოქტომბერს,  თბილისში (9 აპრილის ქ. #5), სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი – „ექსპერიმენტორიუმი“ გაიხსნება. უპრეცედენტო შემეცნებით-გასართობ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის 80-მდე ექსპონატი.

გახსნით ღონისძიებაზე, ექსპონატების გარდა, წარმოდგენილი იქნება თხევადი აზოტის ულამაზესი შოუ.

„ექსპერიმენტორიუმი“ მეცნიერული კანონებისა და სამყაროს შესწავლისთვის საუკეთესო ადგილია, რომელიც მოზარდებს ცოდნის გაღრმავების კიდევ უფრო დიდ სურვილს გაუჩენს.

ინტერაქტიული ექსპონატების მონახულების გარდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგანმანათლებლო სივრცეში შესაძლებელი იქნება ქიმიისა და ფიზიკის სფეროებში სხვადასხვა სახის ცდის, სემინარისა და ღია გაკვეთილის ჩატარება, მუზეუმის კვალიფიციური პერსონალის ზედამხედველობით. მუზეუმში შესაძლებელია ოჯახური ტურების მოწყობაც.

წარმოიდგინეთ ადგილი, რომელიც თანაბრად მიმზიდველი და საინტერესოა სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და ახალგაზრდებისთვის!