25/04/2024
Latest:
ეკონომიკა

ქართულ ციტრუსს რუსულ ბაზარზე მეტი შანსი უჩნდება

ქართულ ციტრუსს რუსულ ბაზარზე მეტი შანსი უჩნდება. როგორც ცნობილია, რუსეთმა ეგვიპტიდან ხილისა და ციტრუსის შეტანა შეაჩერა. ეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ციტრუსის იმპორტის 37,1 %-ი სწორედ ეგვიპტეზე მოდიოდა. ქართველი მეწარმეები ფიქრობენ, რომ გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა შეიქმნას, თუმცა ქართულ ციტრუსს, შესაბამისი ხარისხის შემთხვევაში, რუსეთის ბაზარზე წილის ზრდის დიდი შანსი აქვს.

„ნუ გვექნება წარმოდგენა, რომ რუსეთის ბაზარი გაიხსნა და ახლა ჩვენთვის ყველა კარი ღიაა. ამ ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაც ცდილობს კონკურერნტთა უმეტესობა. შესაბამისად ჩვენ უნდა მოვერგოთ ბაზრის მოთხოვნებს და ვაჯობოთ კონკურენტებს. ერთ-ერთი პირობაა ფასი, მაგრამ არა მთავარი პირობა – მნიშვნელოვანია ხარისხი, დამუშავების სტანდარტები და სხვა. ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ქართული ციტრუსი იმდენად მოთხოვნადია, რომ გინდა არ გინდა გაიყიდება“, აცხადებს TCF Georgia-ს ხელმძღვანელი კახა შავაძე.

მისვე განმარტებით, ეგვიპტური ბაზრის დაკარგვის შემდეგ, ქართულ მანდარინს რუსეთში მოხვედრის უფრო მეტი შანსი ეძლევა, თუმცა ამისათვის „უნდა მოვერგოთ სნადრატებს. პირველ რიგში მაღალი ხარისხი უნდა შევთავაზოთ, უნდა შევძლოთ ასევე მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფა“.

TCF Georgia-ს ხელმძღვანელის განმარტებით, 2015 წლის სეზონზე TCF Georgia-მ 2500 ტონამდე სტანდარტული და 3000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი აწარმოა. „გასულ წელს 2500 ტონამდე სტანდარტული მანდარინი ვაწარმოეთ და აქედან ჩვენს მიერ რუსეთში 800 ტონამდე მანდარინი გადაიტვირთა“, აცხადებას შავაძე. TCF Georgia-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მაქსიმალური სიმძლავრე, რასაც კომპანია შეძლებს გადაამუსაოს და შესაბამისად ბაზარს მიაწოდოს ეს არის 20 ათასი ტონა.

“ამაზე მეტის მიწოდებაზე ჩვენ კონტრაქტებს ხელს ვერ მოვწაერთ. გეტყვით, რომ დღეისათვის 15 ათას ტონაზე კონტრაქტების დრაფტი უკვე გაქვს და ხელმოწერას გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც ადგილობრივ ბაზარზე ციტრუსის ფასი განისაზღვრება“, განმარტავს შავაძემ. მისივე ინფორმაციით, წელს ციტრუსის კარგი მოსავალი იქნება. „შარშან ციტრუსის მოსავალი რაოდენობრივად შესაძლოა მეტი იყო, მაგრამ წელს გაცილებით მაღალი ხარისხია. რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ წელს სტანდარტების უკეთ დაკმაყოფილებას შევძლებთ. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფერმერებს ცრუ მოლოდინი არ უნდა გავუჩინოთ. ქართულ მანდარინზე 50-60 თეთრი არის ნორმალური ფასი, რასაც შემდგომ საწარმოო, ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯები ემატება. ჩვენ უნდა შევძლოთ და სხვა ბაზრებზე ფასის მხრივაც უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები“, აცხადებს კახა შავაძე.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონზე რეგიონში საპროგნოზო მონაცემებით მოსალოდნელია 55 – 60 ათასი ტონა ციტრუსის წარმოება. 2016 წლის სეზონისთვის 1 კილოგრამი ციტრუსის მინიმალური ღირებულება 70 თეთრით განისაღვრა. აღსანიშნავია, რომ ამ მოცულობის მიღება-გადამუშავება დაფასოებისათვის რეგიონში მოქმედი ციტრუსის საწარმოები და სამაცივრე მეურნეობები სრულ მზადყოფნაში არიან.

წყარო: bpi.ge