ეკონომიკა

“ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გაუმჯობესება აუცილებლად უნდა აისახოს რეალურ ეკონომიკაზე”

გლობალურ ეკონომიკურ თავისუფლებაში ცვლილებებია. საქართველო თანაბარი შეფასებით V-IX  ადგილებს იყოფს 159 ქვეყანას შორის. რეიტინგი ემყარება მონაცემებს 2014 წლიდან და ზომავს ეკონომიკური თავისუფლების დონეს (არჩევანის თავისუფლების, ბაზრებზე შეღწევადობის, კერძო საკუთრების დაცულობის, მართლწესრიგის და ა.შ.) 159 ქვეყნის პოლიტიკის და ინსტიტუციების ანალიზით.

2015 წელს საქართველო მე-11 ადგილს იკავებდა აღნიშნულ რეიტინგში. განახლებული, 2016 წლის მონაცემებით კი ექვსი საფეხურით წაიწია წინ და მეხუთე პოზიციაზე გადავიდა.

საქართველო 159 ქვეყანაში, რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს – ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2016, შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით. შედეგებს ავრცელებს  კანადური ~ფრაზერის ინსტიტუტი”. ფრეზერის ინსტიტუტი ყოველწლიურ შემაჯამებელ რეიტინგს – ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში, შეიმუშავებს ეკონომიკური თავისუფლების ქსელის წევრ დამოუკიდებელ მკვლევარებთან და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან ერთად მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან. ეს კვლევა არის ყველაზე მასშტაბური შედარება და შემდგომ რანჟირება ქვეყნების 5 ძირითადი სფეროს მიხედვით: მთავრობის ზომა; საკუთრების უფლების დაცულობა და სასამართლო; მყარი ფულადი პოლიტიკა; საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება; კრედიტების, დასაქმებისა და ბიზნესის რეგულაციები.

საქართველოს მონაცემების ცვლილებები 5 ძირითადი სფეროს მიხედვით ასეთია (1-დან 10-მდე შკალაზე, სადაც მაღალი კოეფიციენტი ნიშნავს ეკონომიკური თავისულების ზომის მაღალ დონეს):

– მთავრობის ზომა: ბოლო წლის განმავლობაში შეიცვალა 7.85-დან 7.83-მდე – მცირედი გაუარესება;

– საკუთრების უფლების დაცულობა და სასამართლო: ბოლო წლის განმავლობაში შეიცვალა 6.19-დან 6.61-მდე – საგრძნობი გაუმჯობესება;

– ჯანსაღი ფულადი პოლიტიკა: ბოლო წლის განმავლობაში შეიცვალა 8.92-დან 9.11-მდე, გაუმჯობესება;

– საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება: ბოლო წლის განმავლობაში არ შეცვლილია და 8.45 უდრის;

– კრედიტების, დასაქმებისა და ბიზნესის რეგულაციები: ბოლო წლის განმავლობაში შეიცვალა 7.91-დან 7.90-მდე – მცირედი გაუარესება.

ანუ ორ სფეროში გაუარესება, ორ სფეროში გაუმჯობესება და ერთ სფეროში შედეგის გამეორება ფიქსირდება.

რაც შეეხება მთლიანი რეიტინგის შედეგებს, ჰონგ-კონგი კვლავ პირველია და მისი მაჩვენებელი 10 ქულიან შკალაზე 9.03 შეადგენს, შემდეგი განაწილება ასეთია:  2. სინგაპური 8.71; 3. ახალი ზელანდია 8.35; 4. შვეიცარია 8.25; 5. კანადა 7.98; 5. საქართველო 7.98; 5. ირლანდია 7.98; 5. მავრიმის კუნძულები 7.98; 5. არაბეთის გაერთიანებული ემირატები 7.98; 9. ავსტრალია 7.93 და 10. დიდი ბრიტანეთი 7.93.

უკანასკნელი ათეულის ქვეყნებს წარმოადგენენ: ირანი, ალჟირი, ჩადი, გვინეა, ანგოლა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, არგენტინა, კონგოს რესპუბლიკა, ლიბია და სულ ბოლოს ვენესუელა. ხოლო ისეთი დიქტატორული ქვეყნები როგორებიც ჩრ. კორეა და კუბა არიან, საერთოდ ვერ ხვდებიან რეიტინგში მონაცმებების არ არსებობის გამო.

რეიტინგში სხვა დიდი ეკონომიკის ქვეყნების ქულები ასეთია:

აშშ 7.75; 30. გერმანია 7.55; 40. იაპონია 7.42; 58. საფრანგეთი – 57; 102 რუსეთი 6.66; 113. ინდოეთი 6.50, 113. ჩინეთი 6.45; 124. ბრაზილია.

საქართველოს მეზობელი ქვეყნები: 18. სომხეთი 7.71; 90. თურქეთი 6.86; 107; აზერბაიჯანი 6.55; 135. უკრაინა 6; 150. ირანი 5.27.

კვლევის და ყველაზე რეიტინგული ჟურნალების თანახმად ის ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ მაღალი ეკონომიკური თავისუფლების დონის მქონე ქვეყნებში, უფრო სწრაფად მდიდრდებიან და სარგებლობენ მეტი პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებით, ასევე იქ სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის გამოკვეთილი ტენდენციაა.

მაგალითისთვის, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის პირველი ოთხეულის ქვეყნების მშპ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 41 228 აშშ დოლარს შეადგენს, როცა უკანასკნელი ოთხეულის იგივე მონაცემი მხოლოდ 5 471 აშშ დოლარია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეიტინგის შედეგები პოზიტიურ სიახლედ შეაფასა და მთავრობის წევრებს აღნიშნული ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებისკენ მოუწოდა.

ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი, მიიჩნევს რომ რეიტინგში ცვლილება აუცილებლად უნდა აისახოს რეალურ ეკონომიკაზე და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობაზე საუბრობს.

– ეკონომიკური თავისუფლება პირველი, ეს არის საკუთრების დაცვის თავისუფლება, საკუთრების დაცვა ფასიანი ქაღალდების მიხედვით ამ შემთხვევაში ჩვენ არ გაგვაჩნია, განუვითარებელია ფასიანი ქაღალდების ბაზარი, პრაქტიკულად არ არსებობს ღია ტიპის სააქციო საზოგადოებები, კანონი სააქციო საზოგადოებების შესახებ არ არსებობს. მეორე მომენტი, რაც ეკონომიკურ თავისუფლებას ნიშნავს, არის დაბალი უმუშევრობის დონე, ჩვენთან ეს საკმაოდ მაღალია. მესამე მომენტი არის სასესხო დამოკიდებულება, როდესაც მეტ-ნაკლებად მოსახლეობა და ბიზნესი არ არის დამოკიდებული სესხებზე და სასესხო კაპიტალზე, რაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შედგენისას უნდა იყოს გათვალისწინებული. არ ვიცი რამდენად არის იქ ეს ყველაფერი გათვალისწინებული, მაგრამ რეალურად ესეა. ცვლილება აუცილებლად უნდა აისახოს რეალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, პორტფელურ ინვესტიციებზე და ა.შ. ამიტომ ჩვენთან იმაზე, რომ ეს მომენტი დავუშვათ გაუმჯობესდა არაფერი პრინციპში არ გაუმჯობესდა ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე შეიძლება სხვა სახით შეფასდეს, ეს არის, მაგალითად, იგივე ტურისტული ნაკადი, გამარტივებული სავიზო რეჟიმი და სხვა. რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა. ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია სიტუაციის ასეთი გაუმჯობესება როგორც ისინი თვლიან.