24/04/2024
Latest:
საზოგადოება

იან კელი: მსოფლიო ვალშია ქართველების წინაშე

მსოფლიო მართლაც ვალშია ქართველების წინაშე, მათი კონტრიბუციისთვის საერთაშორისო მისიებში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ვაზიანში ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, დიდი პატივია ესწრებოდეს ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას.

„ჩვენ ყველანი ამაყები ვართ იმით, რასაც აკეთებთ თქვენ და საქართველო, რომ მსოფლიოში მშვიდობა განმტკიცდეს. ექსტრემისტები კვლავაც ცდილობენ საფრთხეში ჩააგდონ ჩვენი უფლებანი და თავისუფლებანი. თქვენი ჯარები კი დგანან მშვიდობის სადარაჯოზე, მოშორებული თავისი ოჯახებიდან. მსოფლიო მართლაც ვალშია ქართველების წინაშე, მათი კონტრიბუციისთვის საერთაშორისო მისიებში. თქვენ ხართ ელჩები მშვიდობის“, – ასე მიმართა ელჩმა ქართველ სამხედროებს.

როგორც იან კელიმ აღნიშნა, 2009 წლიდან მოყოლებული აშშ და საქართველოს შეიარაღებული ძალები ავითარებენ მტკიცე ურთიერთობას, რაც ეფუძნება საერთო ფასეულობებს, ინტერესებს და თავდადებას.

„ჩვენი ურთიერთობა, მეგობრობა კიდევ უფრო იზრდება. ჩვენ ერთმანეთს მხარში ვუდგავართ. ავღანეთში ქართველებთან შვიდწლიანი თანამსახურების შემდეგ ამერიკელებმა ყველაზე კარგად ვიცით ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე, თავგანწირვა და სანდოობა ბრძოლის ველზე. თქვენი სიმამაცე, თავგანწირვა, ღირსება უდიდეს კვალს ტოვებს და დატოვებს თითოეულ ჩვენთაგანზე, რადგან თქვენით სამყარო უფრო უსაფრთხო ხდება მომავალი თაობისთვის. ჩვენ ყოველთვის ვალში ვიქნებით თქვენს წინაშე, ქართველი ხალხის მიმართ გულწრფელი აღფრთოვანებით და იმ სიყვარულით, რასაც განვიცდით თქვენი ულამაზესი სამშობლოს მიმართ, გისურვებთ ღვთის შემწეობას და მშვიდობით დაბრუნებას თქვენს სამშობლოში, ამაყ, მამაც და უმშვენიერეს საქართველოში“, – აღნიშნა ელჩმა.