29/03/2024
Latest:
საზოგადოება

ყველაზე ძვირად ღირებული სახლები თბილისში

უძრავი ქონების ვებგვერდების მონაცემებით, თბილისში მდებარე იმ ბინებისა და საცხოვრებელი სახლების რიცხვი, რომელთა ფასი 1 000 000 დოლარს აღემატება, 200-ზე მეტია. თბილისში ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სახლი ვაკეში მდებარეობს და მისი ფასი 5 000 000 დოლარია. სახლი 4-სართულიანია და 300 კვ. მეტრი ეზო აქვს. სახლში არის აუზი, საუნა და მოპირკეთებულია მარმარილოთი.

Saqme.ge-ის მონაცემებით, 4 მილიონ დოლარად იყიდება დიღომში მდებარე 3-სართულიანი სახლი, რომელიც 30 ოთახისგან შედგება. სახლს 1 740 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი და 10 000 კვ. მიწის ფართობი აქვს.

ასევე 4 მილიონ დოლარად იყიდება კერძო, 4-სართულიანი სახლი ვაკეში, რომელიც 5 აბაზანისგან, აუზისგან და საუნისგან შედგება. სახლი ვარდის ხის პარკეტით არის გაწყობილი. ოდნავ ნაკლებად, 3 700 000 დოლარად იყიდება საბურთალოზე მდებარე კერძო, 5-სართულიანი სახლი. სახლში აუზისა და საუნის გარდა, არის ლიფტიც.

საბურთალოზე მდებარე კერძო სახლი 3 000 000 დოლარად იყიდება. სახლი 4-სართულიანია. სახლს აქვს დახურული საცურაო აუზი, საუნა, სამრეცხაო, გალერეა, გამწვანებული ეზო და ხედი ქალაქზე.

2 მილიონ დოლარად თბილისში 4 სახლი იყიდება. მათგან ერთი წყნეთში, ერთი ვერაზე და ორი ვაკეში მდებარეობს. Saqme.ge-ის რედაქტორის ლელა არაბულის თქმით, ამ ეტაპზე ვებგვერდზე ძვირად ღირებული სახლების 7 განცხადებაა.

”ამ სახლების ფასები 1 250 000 დოლარიდან 4 მილიონამდე მერყეობს. ასეთი მაღალი ფასის მქონე კერძო სახლების გაყიდვის განცხადებები ძირითადად დიღმის მასივიდან და საბურთალოდან შემოდის, შეიძლება იყოს მთაწმინდიდანაც. მსგავსი ფასებით სახლები კერძო დასახლებებში გვხვდება, იშვიათია ასეთი მაღალი ფასი ახლადაშენებულ ბინებში შეგხვდეს. მილიონს რომ გადააჭარბოს ბინის ფასმა, მაშინ მას ძალიან დიდი ფართი უნდა ჰქონდეს, ასეთი შემთხვევები თითქმის არ გვხვდება”, – ამბობს ლელა არაბული.

უძრავის ქონების სააგენტო ”რემაქსის” წარმომადგენელი მაია მეშვილდიშვილის თქმით, ბევრი ძვირად ღირებული ბინა მდებარეობს ძველ თბილისში და მათი ფასი 1 000 000 დოლარს აჭარბებს.

„ძველ თბილისში სახლები ავთენტურობის მიხედვით იყიდება, რათა მომავალში სასტუმრო ან სხვა დაწესებულება განთავსდეს. ინვესტორები მზად არიან ძველ თბილისში მდებარე მოუწყობელ ფართებში გარკვეული თანხები დახარჯონ და მათთვის სასურველი ობიექტი მიიღონ. ძვირად ღირებული ფართებით დაინტერესებული არიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ინვესტორებიც, მათ შორის ევროპიდან და გაერთიანებული საემიროებიდან”, – ამბობს მაია მეშვილდიშვილი.

წყარ: BPN | ავტორი: თათია ახვლედიანი