28/03/2024
Latest:
საზოგადოება

ეკონომიკური რჩევები საარჩევნო მარათონში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ამომრჩევლებისთვის

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ვლადიმერ ბასარია

შესავალი

წინასაარჩევნო კამპანია თანდათან აქტიურ ფაზაში შედის. პოლიტიკური სუბიექტებმა უკვე წარადგინა პროგრამული შეთავაზებები და გაგვიზიარა საკუთარი ხედვები ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა და მათი მოგვარების შესახებ.

სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული მოლოდინი იმისა, რომ პარტიები შედარებით მეტი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით მოეკიდებოდნენ მეურნეობრივ პრობლემატიკას, არ მქონდა: პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ეკონომიკური საკითხებისადმი ზედაპირული, ხშირად გულგრილი დამოკიდებულება ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ ფართო საზოგადოება დიდად არ არის გარკვეული ეკონომიკურ საკითხებში.

ეს სამწუხარო გარემოება მეტად უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.

შექმნილ სიტუაციაში პოლიტიკური სუბიექტებისთვის, განსაკუთრებით კი ამომრჩევლისთვის, ვფიქრობ, მეტად სასარგებლო იქნება ეკონომისტების რჩევების მოსმენა იმის თაობაზე, თუ რეალურად რა არის გასაკეთებელი უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისაგან თავის დასაღწევად და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის მათი დროულად აღმოფხვრა.

შევეცდები, საზოგადოებას ზემოაღნიშნულთან დაკავშირებული საკუთარი მოსაზრებები და რჩევები გავუზიარო.

(გაგრძელება, დასაწყისი იხილეთ “ბანკები და ფინანსების” 476 და 478 ნომრებში)
რჩევა #3

რჩევა პარტიებს:

პარტიებმა უნდა დაარწმუნონ ამომრჩეველი, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ისინი:

ა) დაუყოვნებლივ შეუდგებიან მუშაობას სახელმწიფო ხარჯების რეალური ოპტიმიზაციის საკითხზე: გააანალიზებენ და გაიანგარიშებენ იმ თანხის მოცულობას, რომლის გამოთავისუფლება, ერთი მხრივ, მაქსიმალურად იქნება შესაძლებელი ბიუჯეტის არამწარმოებლური მიმართულებებიდან და, მეორე მხრივ, აუცილებელი იქნება იმ მიმართულებების დასაფინანსებლად, რომლებიც, უპირატესად რესურსების უკუგებიანობის პოზიციიდან გამომდინარე, სხვასთან შედარებით, უფრო ეფექტიანია

ბ) რეალურად გაამკაცრებენ კონტროლს სახელმწიფო შესყიდვებზე და საბიუჯეტო ასიგნებების მიზნობრივ ხარჯვაზე.

რჩევა ამომრჩეველს:

თუ ამომრჩეველი ორჭოფობს იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა მისი რჩეული პარტია სახელმწიფო უწყებებში ყველა საფინანსო – ეკონომიკური დანაშაულის სწრაფად და ეფექტიანად გამოძიებას, სჯობს ასეთ პარტიას ხმა საერთოდ არ მისცეს!

***

როგორც ვიცით, ხელისუფლების ამოცანა ეკონომიკის ფუნქციონირებაში მინიმალურ ჩარევაში უნდა მდგომარეობდეს. ეს უმთავრესად განპირობებულია იმით, რომ კერძო სექტორს სახელმწიფოსთან შედარებით უფრო ეფექტიანად ხელეწიფება მთლიანობაში დოვლათის შექმნა: დიდი ხანია, რაც დასავლელ ეკონომისტებს დასაბუთებული აქვთ დებულება იმის თაობაზე, რომ კერძო სექტორის მიერ გამოყენებული 1 დოლარი უფრო მეტ უკუგებას იძლევა, ვიდრე 1 დოლარი, გამოყენებული სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.

ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის მასშტაბები კი, როგორც ცნობილია, განისაზღვრება ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტის საშუალებით ქვეყანაში შექმნილი ეროვნული შემოსავლის გადანაწილების კუთრი წონით.

მოდით, გავერკვეთ, რა დოზით ერევა სახელმწიფო ქართულ ეკონომიკაში, რას გვეუბნება ამის შესახებ სტატისტიკა:

მაგალითისათვის, 2012 წელთან შედარებით 2016 წლის სახელმწიფო ხარჯების მოცულობის წილი მშპ-ში (რაც საგადასახადო ტვირთია მეწარმეებისათვის) 3,5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა (24%-დან 27,5%-მდე; ფულად გამოხატულებაში ეს თითქმის მილიარდი ლარია) – რაც ნიშნავს, რომ რესურსების ამგვარი გადანაწილებით სახელმწიფომ, როგორც მინიმუმი, წაართვა კერძო სექტორს ხსენებული თანხის გამოყენება – გამრავლების საშუალება.

გავიხსენოთ ის დებულებაც, რომლის მიხედვით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯებს (ცხადია, მათი სწორად დაგეგმვისა და გამოყენების შემთხვევაში), საბოლოო ჯამში, ქვეყნისათვის გაორმაგებული უკუგება მოაქვს (ესეც მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტია).

გასაგებია, რომ, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, ხელისუფლებას ბევრი სხვა საზოგადოებრივად აუცილებელი ამოცანის შესრულებაც უწევს და ამიტომაცაა სწორედ განსაკუთრებით საინტერესო, თუ რამდენად რაციონალურია ის საბიუჯეტო სახსრების განკარგვა – განაწილების საქმეში.

ამასთან დაკავშირებით, ალბათ, სულ რამდენიმე ნიშანდობლივი მაგალითის მოყვანა იქნება საკმარისი იმისათვის, რომ მთლიანობაში შეგვექმნას წარმოდგენა იმ პრიორიტეტებზე, რითაც ხელმძღვანელობდა ბოლო წლებში საბიუჯეტო თანხების განაწილებისას ჩვენი ხელისუფლება:

  • 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ხელისუფლებამ ხარჯები თითქმის გაუორმაგა (!) პარლამენტს, უზენაეს სასამართლოს, იუსტიციისა და რეინტეგრაციის სამინისტროებს, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის მნიშვნელოვნად გაზრდილ ასიგნებებზე (თუმცა, გვერდს ვერ ავუვლით საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლის ბიუჯეტი 20 მლნ. ლარით გაიზარდა), რომლებიც ძირითადად ამ უწყებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას მოხმარდა;
  • 2014 წლის ბიუჯეტი იმგვარად დაიგეგმა, რომ წინა წელთან შედარებით საგადასახადო შემოსავლების 100 მლნ. ლარით მოსალოდნელი შემცირების ფონზე სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ხარჯები 138 მლნ. ლარით (!) გაიზარდა; ამავე დროს, მნიშვნელოვანი შემცირებით დაიგეგმა, მაგალითისათვის, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის კაპიტალური დანახარჯები (!), სასჯელაღსურლების ინფრასტრუქტურისა და სხვა ხარჯები;
  • 2015 წელსაც შენარჩუნდა არამწარმოებლური საბიუჯეტო ხარჯების წინმსწრები ზრდის ტენდენცია (მაგალითისათვის, იმავე საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება გაეზარდა 6-ჯერ; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს – 10-ჯერ; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს – 40-ჯერ და ა.შ.); უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზრდა კვლავ დაფიქსირდა შრომის ანაზღაურების ნაწილშიც – წინა წელთან შედარებით საჯარო მოხელეების ხელფასები ამჯერად 85 მილიონი ლარით (!) გაიზარდა;
  • სამწუხაროა, რომ არც მიმდინარე, 2016 წლის ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი გამოირჩევა თვისებრივად განსხვავებული მიდგომით – ამასთან დაკავშირებითაც მოკლე ინფორმაციით შემოვიფარგლები: ბიუჯეტის მიხედვით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა 5 მილიონი ლარით (945 მილიონიდან 950 მილიონ ლარამდე) მაშინ, როცა საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების მატებამ 60 მლნ. ლარი შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებულ წლებში ინფლაციური ხარჯები გარკვეული მიმართულებებით მცირდებოდა კიდეც, თუმცა, სამწუხაროდ, ისიც უნდა ითქვას, რომ მთლიანობაში ეს სხვა არამწარმოებლური მიმართულებების დასაფინანსებლად კეთდებოდა ხშირად – სახელმწიფო სახსრების განაწილებისადმი ამგვარი დამოკიდებულება მიუღებლად უნდა ჩაითვალოს ჩვენში არსებულ უკიდურესად რთულ ეკონომიკურ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი გაუსაძლის სოციალურ ყოფას განიცდის, როდესაც სახელმწიფო პენსიას სიმბოლური დატვირთვა თუ აქვს მხოლოდ, როდესაც უმძიმესი პრობლემებია დასაქმების მხრივ, როდესაც მაღალი და მზარდია სიღარიბის მაჩვენებლი (განსაკუთრებით ბავშვებში – ამ სამწუხარო მოცემულობას ადასტურებს  UNICEF-ის მიერ 2016 წლის მასის თვეში გამოქვეყნებული მასალა საქართველოში ბავშვთა სოციალური მდგომარეობის შესახებ, რომლის მიხედვით: საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს 50 000 ბავშვი – ისინი დღეში 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარენ; 

სიღარიბის ეროვნულ ზღვარს მიღმა ცხოვრობს 225 000 ბავშვი, რომელიც დღეში 4,5 ლარზე მეტს ვერ მოიხმარს – ნიშანდობლივია, რომ ეს მაჩვენებელი 2013 წლის 25%-დან მიმდინარე წლის 27%-მდეა გაზრდილი. ამავე ანგარიშის თანახმად, ნახევარ მილიონამდე საქართველოს მოქალაქე განიცდის კვების დეფიციტს და ა.შ.).

ამასთან უადგილო და არამართლზომიერია ის არგუმენტაცია, რომელსაც ამ საკითხთან მიმართებით არც თუ იშვიათად მოიშველიებს ხოლმე ხელისუფლება – თითქოს, დასაქმების თვალსაზრისით, სახელმწიფო სექტორი ვერ უძლებს კერძო სექტორთან კონკურენციას და იძულებულია შრომის ანაზღაურება გაზარდოს.

ჯერ ერთი, რამდენად გამართლებულია ამ ორ სექტორს შორის კონკურენციის განზოგადება და ამგვარად ერთმანეთთან შედარება – როგორ უნდა გაუწიოს კერძო სექტორმა შრომის კონკურენცია ჯარს, პოლიციას, პროკურატურას? სად ჰყავს კერძო სექტორს არმია ან სამართალდამცავი სტრუქტურები?

და მეორე, თუკი მაინც განვაზოგადებთ საკითხს – რა ვუყოთ იმ სტატისტიკურ მონაცემებს, რომელთა მიხედვით სახელმწიფო მმართველობით სტრუქტურაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1200 ლარზე მეტია, ხოლო ყველა დანარჩენ სფეროში (გარდა საბანკო-საფინანსო სფეროსი, სადაც, გასაგები მიზეზების გამო, მაღალია შრომის ანაზღაურება) ხელფასები 750 ლარსაც ვერ აღწევს? 

სად უფრო მაღალია მოთხოვნა?

და კიდევ: გასაგებია, რომ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი, როგორც წესი, მაღალ ანაზღაურებას მოითხოვს, ამაზე არავინ კამათობს. არც ისაა სადავო, რომ, შეძლებისდაგვარად (ანუ იმ დოზით, რის საშუალებასაც იძლევა ქვეყნის რეალური ეკონომიკა), სახელმწიფო  მართლაც უნდა შეეცადოს შეინარჩუნოს (გადმოიბიროს კიდეც) პროფესიონალები – მაგრამ, განა არ ვიცით, რა მდგომარეობაა სინამდვილეში ქვეყანაში პროფესიული (და ზოგადად) განათლების თვალსაზრისით? არიან კი მაღალი რანგის შეუცვლელი სპეციალისტები ჩვენში მრავლად? არა, სამწუხაროდ.

ვერც კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლების მომიზეზება ივარგებს საჯარო მოხელეებისათვის ხელფასებისა და შტატების გამუდმებული ზრდის ტენდენციის გასამართლებლად:

ჯერ ერთი, ეჭვგარეშეა, რომ კორუფცია ქვეყანაში  ჯერ კიდევ ვერ აღმოიფხვრა – სახელმწიფო სახსრები რომ დღესაც ხშირად არამიზნობრივად იხარჯება, ამაზე  აუდიტის სამსახურის მიერ სახელმწიფო უწყებების ფინანსური შემოწმების დასკვნებიც მიუთითებს, რომელთა მიხედვით: იშვიათი როდია შემთხვევები, როდესაც გამოცხადებულ ტენდერებში ერთი და იგივე კომპანია იმარჯვებს იმისდა მიუხედავად, რომ დამარცხებული კონკურენტი საწარმო უფრო დაბალ ფასად და არანაკლები ხარისხის გარანტიით სთვაზობს სახელმწიფოს მომსახურებას; არის მილიონობით ლარის აღურიცხავი საქონლის გამოვლენის, დოკუმენტურად დაუდასტურებელი დავალიანებების წარმოშობის, საჭიროზე გაცილებით მეტი ოდენობის ან უსარგებლო პროდუქციის შეძენისა და ხანგრძლივი ვადით დასაწყობების (გამოუყენებლობის) ფაქტები; სახელმწიფო ორგანიზაციებში დღემდე არსებობს კრედიტორული დავალიანებები, რომელთა დაფარვასაც მოვალეები რატომღაც არ ითხოვენ, და ბევრი სხვა.

და მეორე – საბოლოო ჯამში, ის, თუ რა იქნება ეკონომიკის პერმანენტული კრიზისის მიზეზი – კორუფცია თუ ხარჯების უყაირათო გამოყენება – ეს აბსოლუტურად სულ ერთია.

სინამდვილეში, არც შრომის მოტივაციის ამაღლება (ან პროფესიონალების წახალისება) და არც კორუფციასთნ ბრძოლაა იმდენად საჯარო სექტორისთვის შრომის ანაზღაურების გაზრდის რეალური მიზეზი: დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნითა და საჯარო მოხელეებში მყიდველობითუნარიანობის ამაღლებით, ანუ ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედებით (მისი გაზრდით), ხელისუფლება ცდილობს შეძლებისდაგვარად, დროებით მაინც შეუმსუბუქოს მოქალაქეებს მძიმე სოციალური ყოფა და მცირედით მაინც გადაწყვიტოს დასაქმების პრობლემები ქვეყანაში.

კი ბატონო, ეკონომიკაში ხელისუფლების ამგვარი ჩარევის ეფექტიანობა ზოგადად ცნობილია, მაგრამ ეკონომიკის მდგრადი განვითრებისათვის ეს მექანიზმი ხომ მხოლოდ მაშინაა სასარგებლო, როდესაც ის სამუშაო ადგილების შექმნას ეკონომიკის რეალურ სექტორში უწყობს ხელს, და არა ბიუროკრატიულ აპარატში; ამისათვის კი საჭიროა, რომ საბიუჯეტო სახსრები, არამწარმოებლური მიმართულებების ნაცვლად, უპირატესად სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იქნეს მიმართული – რესურსების გადანაწილებისადმი ამგვარ რაციონალურ მიდგომას კი, სამწუხაროდ, ხელისუფლებას ვერ ვატყობთ, და ეს ათწლეულებია გრძელდება.

მაშასადამე, სახელმწიფო საბიუჯეტო პოლიტიკა, ნაცვლად ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისა, გარკვეულწილად უსაქმურობას წაახალისებს – განა, ვინმეს გავაკვირვებთ, თუ პირობითად დავძენთ (დასაანგარიშებლად ეს საკმაოდ რთულია), რომ სახელმწიფო უწყებებში ერთი მოხელეს გასაკეთებელ საქმეს რამდენიმე კაცი ასრულებს? 

ერთი სიტყვით, ცალსახაა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ხარჯები არაოპტიმალურად, დაბალუკუგებიანად და არც თუ იშვიათად არამიზნობრივად იგეგმება და გამოიყენება.

საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკის წარმოებისადმი ხელისუფლების ამგვარი არარაციონალური დამოკიდებულება კი იმით აიხსნება, რომ, ეკონომიკაში ხელისუფლების ჩარევა (ჩარევის მეთოდები, წესები, მექანიზმი) არ გამოირჩევა მაინცდამაინც მაღალი ხარისხით, პროფესიულობითა და, არც თუ იშვიათ შემთხვევებში, მაღალზნეობრიობითაც კი – თუ არა სახელისუფლებო ეშელონებში პრინციპულობისა და ზნეობის დეფიციტს, სხვას რას შეიძლება მივაწეროთ, მაგალითისათვის, 29 მილიონი ლარით Check In Georgia-თი წოდებული იმ მუსიკალური პროექტის სერიოზული განხილვა და დაფინანსება (სინამდვილეში კი ფულის, თანაც ვალუტის გაფლანგვა), რომელიც უცხოელი მომღერლების მიერ რამდენიმე კონცერტის გამართვას გულისხმობს? სად აქვს ქვეყანას ამის შესაძლებლობა?

თუ ეთანხმებით, რომ არსებულ რეალობაში ამგვარი პროექტების ფინანსურ გაანგარიშებასა და მის უკუგებიანობაზე საუბარიც კი სირცხვილია, თუ ფიქრობთ, რომ ზოგადად სახელმწიფო ხარჯები ხშირად არაოპტიმალურად, არაუკუგებიანად და არამიზნობრივად ნაწილდება.