საზოგადოება

კუს ტბის განახლებული საბაგირო გაიხსნა

დღეს კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა გაიხსნა. საბაგირო გზის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა.

„გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და აღდგა წლების განმავლობაში გაჩერებული საბაგირო, მთლიანად მოხდა საბაგიროს მოდერნიზაცია, გაკეთდა როგორც ვაგონები, ასევე გამოიცვალა გამწევი ტროსი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, განახლდა მოძველებული ინფრასტრუქტურა, გარემონტდა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვა ორივე, ქვედა და ზედა სადგური, დამონტაჟდა თანამედროვე მართვის პულტი, კაპიტალურად გარემონტდა გონდილები.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სამუშაოების მიმდინარეობისას შენარჩუნდა სათბურებისა და გონდოლების ძველი იერსახე. დავით ნარმანიას ინფორმაციით, ეს ეკოლოგიური უსაფრთხოებასაც შეუწყობს ხელს, რადგან გადატვირთული მოძრაობის პირობებში შესაძლებელია ჭავჭავაძეზე არსებულ პარკინგზე მანქანის გაჩერება და კუს ტბაზე საბაგიროს საშუალებით ასვლა. საბაგიროზე შესაძლებელია იმ ბარათების გამოყენება, რომელსაც ვიყენებთ მეტროსა და ავტობუსში.

საბაგიროს გახსნას ასევე ესწრებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი. მისი თქმით, საბაგირო 1965 წელს გაიხსნა, მას ისტორიული ღირებულება აქვს და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. გიორგი ალიბეგაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეები აუცილებლად ისარგებლებენ ახალი საბაგიროთი.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, კუს ტბის ახალ საბაგირო გზაზე თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ორი გონდოლა მოემსახურება და ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთში იქნება შესაძლებელი. თითო გონდოლით 10-12 ადამიანი იმგზავრებს, მათ შორის ერთი მუდმივი გამცილებელი. გონდოლები და სადგურები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებებოს მქონე პირებისთვის, მოსახლოების მოთხოვნის გათვალისწინებით ველოსიპედის მოყვარულებისთვის გონდოლებზე სპეციალური ველოსაკიდები დამონტაჟდა.

სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ბაგირმშენმა” შეასრულა. პროექტის საერთო ღირებულება 1 100 000 ლარია.