მსოფლიო

“თურქეთის ნაკადის” მთავარი მიზანი უკრაინის ტრანზიტიდან ჩახსნაა”

თურქეთმა და რუსეთმა გაზსადენის “თურქეთის ნაკადის” ორი ხაზის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ვლადიმერ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მოლაპარაკებების შედეგად გაფორმდა.

შეთანხმება ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერზე მაგისტრალური მილსადენის ორი ხაზის მშენებლობას, თითოეულის სიმძლავრე 15,75 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. პირველი ხაზით გაზი თურქ მომხმარებელს მიეწოდება. მისი მშენებლობა 2019 წლის მეორე ნახევარში უნდა დასრულდეს. მეორე ხაზის გამოყენება გაზის ევროპაში ტრანსპორტირებისთვის იგეგმება. მისი მშენებლობის დასრულების თარიღი ჯერ–ჯერობით უცნობია.

დარგის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პროექტს საქართველოზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია და „თურქული ნაკადის“ მთავარ მიზანს უკრაინის გვერდის ავლით ევროპის გაზით მომარაგება წარმოადგენს.

როგორც ენერგეტიკის ექსპერტი რევაზ არველაძე განმარტავს, „თურქული ნაკადი“ წარმოადგენს რუსეთის ძველი პროექტის, „სამხრეთის ნაკადის“ გაგრძელებას, რომელსაც შავი ზღვისა და ბულგარეთის გავლით, ევროპა უნდა მოემარაგებინა გაზით.

„ თურქეთის ნაკადის“ იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც ევროკავშირმა, რუსეთს უარი უთხრა „სამხრეთის ნაკადის“ პროექტის განხორციელებაზე. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ეს გაზი წასულიყო თურქეთის გავლით. ეს პროექტი დამუხრუჭდა მას შემდეგ, რაც თურქეთსა და რუსეთს დაეძაბათ ურთიერთობა. ახლა როგორც ჩანს სიტუაცია იმ დოზით დასტაბილურდა, რომ გეგმავენ ამ პროექტის გაგრძელებას. რაც შეეხება „თურქეთის ნაკადის“ გავლენას საქართველოზე, ჩემი აზრით ამ პროექტს საგართველოზე არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

ძირითადად კითხვები ჩნდება TAP-სა და TANAP-ის გაზსადენებზე, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით უნდა წავიდეს ევროპისკენ. ეს პროექტები მანამდე არსებობდა, ვიდრე ჯერ კიდევ „სამხრეთის ნაკადის“ პროექტი განხილვის ფაზაში იყო. ამასგარდა მოთხოვნიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტები ერთმანეთს ხელს არ შუშლის.“

არველაძემ ასევე უკრაინის ფაქტორზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ ფინანსური პრობლემების გამო, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის წლების განმავლობაში გაზის ტრანზიტის გამო დაგროვდა, რუსეთის ეს ნაბიჯი სრულიად მოსალოდნელი იყო.

„რუსულ მხარეს არც დაუმალავს, რომ თავის დროზე „სამხრეთის ნაკადის“, ხოლო დღეს უკვე „თურქეთის ნაკადის“ ერთ–ერთი, მთავარი მიზანი ის არის, რომ რუსეთმა საკუთარი გაზი ევროპას უკრაინის გვერდის ავლით მიაწოდოს. რუსეთი უკვე დიდიხანია ედავება უკრაინას, გაზის ჭარბად მოხმარებას. რუსული მხარის განცხადებით, უკრაინა იმაზე მეტ გაზს მოიხმარს, ვიდრე მას ტრანზიტისთვის ეკუთვნის, ხოლო მის საფასურს არ იხდის.“თურქეთის ნაკადის“ განხორციელების შემდეგ, რუსეთს საშუალება ექნება უკრაინას მხოლოდ იმ მოცულობის გაზი მაიწოდოს რაც უკრაინულ მხარეს პირადი მოხმარებისთვის ჭირდება“, – განცხადა არველაძემ.