საზოგადოება

საარსებო მინიმუმის შემცირების ფონზე,  საქსტატში დათვლის  მოძველებულ მეთოდოლოგიაზე საუბრობენ

სექტემბერში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი მცირედით გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 157 ლარი და 30 თეთრი შეადგინა. თუმცა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 4,6 ლარით შემცირდა.

სტატისტიკის სამსახურიას მონაცემებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 139,3 ლარია.  საშუალო ოჯახის ერთთვიანი საარსებო მინიმუმი კი 263,9 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 139 ლარია, ორსულიანის 222,9 ლარი, ხოლო სამსულიანის კი 250,8 ლარი. სტატისტიკის სამსახურის მოანცემებით, ოთხსლულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 278 ლარს შეადგენს, ხუთსულიანის 313 ლარს, ხოლო ექვსსულიანი და მეტი ოჯახის საარსებო მინიმუმი 370 ლარია.

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია “საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

 ეკონომისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილის შემდეგ ,,სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც’’ თვლის, რომ საარსებო მინიმუმის დაანგარიშების დღეს არსებული მეთოდოლოგია მოძველებულია და აღნიშნული დოკუმენტით გაანგარიშება მაინცდამაინც ოპტიმალური არ არის. ,,ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არაერთი წელია გვთავაზობენ, რომ საარსებო მინიმუმის დათვლას საერთოდ თავი დავანებოთ და დავიწყოთ სიღარიბის მეთოდოლოგიის სრულყოფა და მისი უფრო აქტიურად დანერგვა. აღნიშნული საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი არის პოსტ-საბჭოური სივრცის ფენომენი და მისით გაანგარიშება მაინცდამაინც ოპტიმალური არ არის“-აცხადებს ,,ბიზნესკონტრაქტთან’’ ,,საქსტატის’’ ხელმძღვანელის მოადგილე, თენგიზ ცეკვავა.

თუმცა, მისი თქმით, საარსებო მინიმუმის არსებული მეთოდოლოგიით გამოთვლა საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული, შესაბამისად დადგენილი მეთოდოლოგიის თანახმად “საქსტატი’’ ამ მაჩვენებლით გაანგარიშებას განაგრძობს.  შეგახსენებთ, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს პრეროგატივაა, რაზეც გასულ წლებში საუბრობდნენ კიდეც უწყებაში, თუმცა მეთოდოლოგიაში ცვლილებები ჯერჯერობით არ შესულა.

გიორგი ხელაძე