მსოფლიო

უკრაინის აეროპორტებში ინფორმაციას 1 დეკემბრამდე რუსულად არ გაახმოვანებენ

უკრაინის აეროპორტებმა 1 დეკემბრამდე ინფორმაციის რუსულად გახმოვანება უნდა შეწყვიტოს, – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი rbc უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადიმერ ომელიანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ომელიანის განცხადებით, ინფორმაცია, რომელიც თავსდება ელექტრონულ ტაბლოებზე, ნიშნებზე, ჩამოსაკიდებლებზე და ცხადდება მიკროფონით,  მხოლოდ ორ ენაზე – უკრაინულად და ინგლისურად უნდა იყოს.

“არანაირი რუსული ენა. ეს მხოლოდ სახელმწიფო ენის გამოყენების საკითხი კი არა, ეს პირველ რიგში პატივისცემის საკითხია”, – განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, აეროპორტების თანამშრომლებმა კლიენტებთან და მგზავრებთან უკრაინულ და ინგლისურ ენაზე უნდა ისაუბრონ. მინისტრის განცხადებით, აეროპორტებმა უარი უნდა განაცხადონ ასევე “კომუნისტურ დასახელებებზე”.

მინისტრი ასევე განმარტავს, რომ  ამ საკითხზე იგეგმება მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან, რომლებიც გადაზიდვებს უკრაინაში ახორციელებენ. მინისტრის თქმით, მათ თხოვნით მიმართავენ, რომ უარი თქვან რუსულ ენაზე და გეოგრაფიული სახელწოდებების დასახელებისას მხოლოდ ინგლისური და უკრაინული ენა გამოიყენონ.