25/04/2024
Latest:
ეკონომიკა

მომდევნო 4 წლის მანძილზე მთავრობის მთავარი მიზანი მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი,
მერაბ ჯანიაშვილი
3,3%-იანი ეკონომიკური ზრდით ევროკავშირის ქვეყნების დასაწევად 80-90 წელი დაგვჭირდება

8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კიდევ ერთი 4 წლიანი საპარლამენტო პერიოდი დაიწყო. დიდი შანსია, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით “ქართული ოცნება” მოვიდეს, ამას ყველა გამოკითხვა და პროგნოზიც ადასტურებს. მოდით თვალი გადავავლოთ განვლილ 4 წელიწადს ეკონომიკური კუთხით, რა წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ და რა გამოწვევების წინაშე იდგა.

2012-2016 წლებში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუმჯობესდა, საქართველოს მთავარ პრობლემად კვლავ რჩება დაბალი ეკონომიკური ზრდა, რაც ქვეყანაში ცხოვრების დონესთან პირდაპირ კავშირშია. ასე, მაგალითად 2013-2016 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3,3% შეადგინა, რითაც მართალია ლიდერია რეგიონში, მაგრამ განვითარებადი ქვეყნისთვის მაინც დაბალი მაჩვენებელია. რაც შეეხება, ბოლო ათწლეულს 2006-2015 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 5,1%-ი შეადგინა, რითაც ასევე ლიდერია რეგიონი. ამავე პერიოდში ლატვიის ეკონომიკა საშუალოდ 1,8%-ით, ესტონეთის 1,9%-ით, რუსეთის 2,5%-ით, ლიტვის 2,6%-ით, მოლდოვის 3,6%-ით, თურქეთის და პოლონეთის კი 3,8%-ით იზრდებოდა.  ამასთან ბოლო 10 წელიწადში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 4 900 საერთაშორისო დოლარიდან თითქმის 10 000 დოლარამდე გაიზარდა. მიუხედავად ასეთი ზრდისა, ევროპაში მხოლოდ სომხეთს და მოლდოვას ვუსწრებთ.

ამასთან ბოლო წლებში ჩვენმა ქვეყანამ ბევრ საერთაშორისო რეიტინგში პოზიციები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა და  საქართველო მოწინავე პოზიციებზეა რიგ საერთაშორისო რეიტინგებში. მათ შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით (2016 წ.) საქართველო 24 ადგილს იკავებს, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში (2016 წ.) 23-ე პოზიცია უკავია, ხოლო გლობალური კორუფციის ბარომეტრის (2013 წ.) თანახმად გამოკითხულთა მხოლოდ 4%-მა დაადასტურა ქრთამის გადახდა, რითაც ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში, სადაც 2012 წელს 88 ადგილს ვიკავებდით, 2016 წლისთვის კი 59 პოზიცამდე გავიუჯობესეთ მდგომარეობა. აქვე საყურადღებოა, რომ რეიტინგში საქართველოს შეფასებები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საკუთრების უფლების დაცვის კუთხით. მაგალითისთვის 2011-2013 წლების ანგარიშის თანახმად საქართველოს დაბალი რეიტინგი მიენიჭა საკუთრების უფლების დაცვის სფეროში და ის 120-ე პოზიციაზე იყო. ამის მიზეზი ქვეყანაში იმ წლების მანძილზე კერძო მესაკუთრეთა უფლებების დარღვევის გახმაურებული ფაქტები იყო. 2016-2017 წლების ანგარიშში საქართველო ამ მხრივ, 4 ადგილით დაწინაურდა და 54-ე ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა ამ მიმართულებით ნახტომისებური წინსვლა იყო გასულ წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, როცა საქართველო ერთბაშად 27 პოზიციით დაწინაურდა და 58-ე ადგილი დაიკავა საკუთრების უფლების დაცულობის კუთხით.

ასევე ბიზნესის მექრთამეობის რისკის თანახმად (2014 წ.) საქართველო 11-ე პოზიციაზეა. ამასთან, 2015 წელს უმუშევრობა ბოლო 12 წლის მინიმუმზე დაფიქსირდა. 2015 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 1,75 მილიონს გადააჭარბა, რის შედეგადაც უმუშევრობის მაჩვენებელი 12%-მდე შემცირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ დასაქმება უმეტესწილად გაიზარდა კერძო სექტორის ხარჯზე. თუ 2014 წელს კერძო სექტორში 441 ათასი კაცი იყო დასაქმებული, მომდევნო წელს ამ მაჩვენებელმა 479 ათასი შეადგინა. ამასთან, თუ გასულ წლებში დასაქმებული მოსახლეობის 50%-ზე მეტი სოფლის მეურნეობის სექტორში იყო ჩართული, 2015 წელს პირველად ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობის წილი მთლიან მაჩვენებელთან მიმართებაში 50,9-დან 48,6%-მდე შემცირდა. დასაქმების ზრდა უმეტესწილად მოდის მომსახურების სფეროზე, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა მთლიან მაჩვენებელთან მიმართებაში 2014-15 წლებში 43-დან 45%-მდე გაიზარდა.

ბოლო 4 წელიწადში საერთაშორისო რეიტინგებში მარკოეკონომიკური კუთხით მიღწეული რიგი წარმატებებისა, როგორც ზემოთ აღინიშნა საქართველოსთვის მთავარ პრობლემას დაბალი ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს. შედეგად ჩვენი ქვეყანა კვლავ რჩება ევროპაში ბოლოდან მესამე ადგილზე ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის კუთხით. ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებით ბოლო 2015-16 წლებში შენელდა. ასე მაგალითად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა 2015 წელს 2,8% შეადგინა. 2016 წლის პირველ ნახევარში ზრდა კვლავ სუსტია საქართველოს სტანდარტებისთვის. ინფორმაციისთვის ბოლო 3 წელიწადში ყველაზე მაღალი კვარტალური ეკონომიკური ზრდა 2013 წლის მე-3 კვარტალში დაფიქსირდა, როდესაც საქართველოს მშპ 7,6%-ით გაიზარდა. რაც შეეხება 2016 წელს, პირველ კვარტალში ეკონომიკის 2,6%-იანი, ხოლო მეორეში 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკა 2,8%-ით გაიზარდა. რა მაჩვენებლითაც საქართველო მცირედით ჩამორჩება სომხეთს (3%) და რეგიონში უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა (-9,9%), ბელარუსი (-3,9%), რუსეთი (-3,7%), მოლდოვა (-1,1%), აზერბაიჯანი (1,1%) და ყაზახეთი (1,2%).

საქართველო 2015-2016 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპით სავალუტო ფონდის წევრ 190 ქვეყანას შორის 105-ე ადგილს იკავებს, ხოლო მსოფლიოს 151 განვითარებად ქვეყანას შორის 94-ე ადგილზეა. ამ მხრივ, საქართველოს საუკეთესო პოზიცია 2007 წელს ჰქონდა – მსოფლიოში მე-9 ადგილი.

საქართველოსთვის ეკონომიკის სწრაფი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, ამას ემატება დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან. შესაბამისად თუ ჩვენ ეკონომიკურად არ გავძლიერდით ყოველთვის ადგილი მსხვერპლი ვიქნებით გარე მტრებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკაა და ბევრად ჩამორჩება ევროკავშირის სახელმწიფოთა დონეს, ჩვენთვის აუცილებელია, რომ განვითარებულ ქვეყნებზე ბევრად სწრაფად გავზარდოთ ეკონომიკა რათა მათ რაც შეიძლება მალე დავეწიოთ ცხოვრების დონით. ასე მაგალითად, დღეისათვის (2015 წლის მონაცემებით) საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით თითქმის 8-ჯერ ჩამორჩება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირის ეკონომიკა ყოველწლიურად საშუალოდ 2%-ით იზრდება, იმისათვის, რომ ევროპის ქვეყნებს დავეწიოთ ჩვენ მინიმუმ 7-8%-ით უნდა გავზარდოთ ეკონომიკა ყოველწლიურად. საშუალოდ 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებშიც კი 50 წლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა საშუალო ევროპულ დონეზე 2-ჯერ ნაკლები იქნება. ხოლო იმისათვის, რომ უახლოესი ნახევარი საუკუნის მაძილზე ევროკავშირს დავეწიოთ წელიწადში 7%-იანი ან უფრო მეტი ზრდა უნდა გვქონდეს. წელიწადში საშუალოდ 7%-იანი მშპ-ს ზრდით ევროპული ცხოვრების დონეს მხოლოდ 40 წელიწადში მივაღწევთ, ხოლო მაგალითისთვის 10%-იანი წლიური ზრდით ამისათვის მხოლოდ 25 წელი დაგვჭირდება. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ბოლო 4 წელიწადში საშუალოდ 3,3%-იანი ზრდით ლიდერი ვართ რეგიონში დიდი ვერაფერი შვებაა, რადგან ასეთი ზრდით 80-90 წელი დაგვჭირდება ევროკავშირის ქვეყნებზე დასაწევად.

თუ გავითვალიწინებთ იმ ფაქტებს, რომ საქართველო განვლილი 4 წლის მანძილზე გარკვეულწილად გარდამავალ პერიოდში იყო ხელისუფლების ცვლილებიდან გამომდინარე. თან ამას დაემატა სავალუტო კრიზისი და რეგიონში არსებული დაძაბული სიტუაცია შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა ქვეყანამ დამაკმაყოფილებელ ნიშანზე გაართვა თავი მის წინაშე არსებულ პრობლემებს. მომდევნო 4 წელი უკვე აღარ უნდა დავკარგოთ წარსულის განსჯაზე და “ნაციონალებთან” ბრძოლაზე, რადგან თუ საქართველო სწრაფად არ განვითარდა უახლოესი 20-25 წლის მანძილზე ქვეყანა დაიცლება მოსახლეობისგან ან/და ჩრდილოელი მეზობლის რიგითი მსხვერპლი გავხდებით. ამიტომ შემდგომი 4 წლის მანძილზე რა შემადგენლობითაც არ უნდა იყოს მთავრობა დაკომპლექტებული (შეიძლება კოალიციური მთავრობაც ვიხილოთ) მათი მთავარი საზრუნავი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარება უნდა გახდეს და ამისათვის ქმედითი რეფორმების გატარება იქნება საჭირო.