საზოგადოება

თელავში ბატონის სასახლის რეაბილიტაცია სრულდება

საქართველოს რეგიონული განივთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა,    პირველ  მოადგილესთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, თელავში ბატონის სასახლის  სარეაბილიტაციო სამუშაობი მოინახულა.

რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.   პროექტის მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებაა, რაც თავის მხრივ  ხელს შეუწყობს ტურიზმის  განვითარებას კახეთის რეგიონში.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით, ბატონის სასახლის რესტავრაცია ავთენტურობის სრული დაცვით მიმდინარეობს. არსებული პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებით მომზადდა.

სასახლის ტერიტორიაზე დასრულებულია აივნების სვეტების მონტაჟი და კირით ლესვითი სამუშაოები. დერეფნები და დარბაზის იატაკები აგურითა და ქართული ქვით მოპირკეთდა. ამჟამად მიმდინარეობს ვიტრაჟებისა და  განათების მონტაჟი. სასახლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1 871 893 ლარია, სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

ბატონის ციხის რეაბილიტაციის პარალელურად, ბატონის ციხის მუზეუმის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ  მუზეუმის შენობას დაემატა საგამოფენო  დარბაზი.  პროქტის ფარგლებში უკვე, ამოყვანილია კედლები და  მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები. მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება. პროექტის ღირებულება 5 000 000 ლარს აღწევს.

“ჩვენ მივიღებთ ძალიან კარგ ტურისტულ ობიექტს და ზოგადად ქართველების, განსაკუთრებით კახელების განსაკუთრებულ სიამაყეს. მუზეუმი, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური იქნება არამარტო საქართველოში. პროექტი ძალიან საინტერესოა” – განაცხადა რეგინალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა.

“მიმდინარე თვის ბოლოს თვითონ სასახლე დასრულებული იქნება. მეორე მიმდინარე პროექტი არის მუზეუმი. მუზეუმის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული. მუზეუმს ჩვენ რამდენიმე თვეში დავასრულებთ და გამოდის გრანდიოზული პროექტი. ნებისმიერ ვიზიტორს ვინც ჩამოვა თელავში ექნება საშუალება ერთის მხრივ დაათვალიეროს სასახლე, ხოლო მეორეს მხრივ მუზეუმი” – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა.