29/03/2024
Latest:
საზოგადოება

რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა

დიდუბის რაიონში, რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.

5 კილომეტრიან მონაკვეთზე დაირგო 20 000 ძირი ბუჩქოვანი მცენარე- გართხმული ღვია, როზმარინი, ირმის რქა, კოწახური, ეონიმუსი, ნანდინა, ტუია, ფოტინია; 8000 კვადრატულ მეტრზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დამონტაჟდა 1372 წყლის გამფრქვევი, მრავალწლოვანი ნარგავები შემოიფარგლა ბორდიურებით და ამაღლდა თარგები.

რობაქიძის გამზირზე თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროს ნინო სულხანიშვილთან, დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან და საკრებულოს დეპუტატ თარაშ შურღაიასთან ერთად იმყოფებოდა. დავით ნარმანიას თქმით, რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

„რობაქიძის გამზირის გავლით ყოველდღიურად თბილისში შემოდის უამრავი მანქანა. ამიტომ, პირველ ეფექტს სწორედ ეს ადგილი ახდენს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი, გამწვანებული რეკრეაციული ტერიტორია. მის მოვლა-პატრონობას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური განახორციელებს. რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ასეთ ობიექტს დავასრულებთ. სერიოზული გეგმები გვაქვს მომავალ წელსაც. ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით პროექტები სწორედ ახლა მზადდება. ამ მიმართულების დაფინანსება კვლავ მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

დიდუბის რაიონში, დიღმის მასივში ეს უკვე მეორე დიდი პროექტია, რომელიც გამწვანების მიმართულებით განხორციელდა. ცოტა ხნის წინ, გაიხსნა რეაბილიტირებული სკვერი მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ, სადაც გამოიცვალა ქვაფენილი, ბორდიურები და მოეწყო სარწყავი სისტემა; განხორციელდა მრავალწლიანი ხეების სხვლა – ფორმირება. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა გარე განათების ბოძები, დამონტაჟდა ლამპიონები, დაიდგა საბაღე სკამები და ურნები; დაიგო მწვანე საფარი, გაშენდა ყვავილები და ბუჩქოვანი მცენარეები; ასევე, მოეწყო საბავშვო სპორტული მოედანი და განახლდა სკვერში არსებული შადრევანი. რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. პროექტის საერთო ღირებულება 684 890 ლარია. #თბილისი2016 ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური დიდუბის რაიონის გამგეობა / Didube Region