საზოგადოება

,,საქართველოს ბანკი” სტუდენტებს ძარცვავს?!

ბანკი გაუქმებულ ბარათზე მოქალაქეებს ინტერნეტ და მობაილ ბანკის საკომისიო თანხებს არიცხავს

გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების” რედაქციაში მოქალაქემ მოგვმართა, რომელსაც სტუდენტების მიმართ ,,საქართველოს ბანკის” თაღლითური დამოკიდებულების შესახებ სურდა საუბარი. როგორც მოქალაქე ნინო გ. (გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ) ჩვენთან საუბარში აცხადებს მას ,,საქართველოს ბანკში” ჰქონდა სტუდენტური ბარათი, რომელსაც სწავლის დასრულების შემდგომ ვადა გაუვიდა, თუმცა, ვადის გასვლის შემდგომ ის ბანკში არ მისულა და ბარათზე მიბმული ანაგარიში არ გაუუქმებია.  მას არუფიქრია, რომ შესაძლოა სტუდენტურ ბარათს, რომელსაც მანამდე არანაირი საკომისიო არ ჰქონია, გაუქმების შემდგომ შესაძლოა რაიმე თანხა დარიცხვოდა.  ყურადღება აღარ მიუქცევია გაუქმებული ბარათისთვის და არც ის იცოდა, რომ ამ ბარათის ანგარიში უნდა დაეხურა, ვინაიდან ბარათის აღებისას მისთვის მსგავსი რამ არავის უთქვამს.  თუმცა, დაახლოებით, 1 წლის შემდგომ როდესაც იგი ბანკში სხვა თანხის გადასახდელად მივიდა, უთხრეს, რომ ანგარიშზე ჰქონდა დავალიანება. როდესაც დაინტერესდა დავალიანების მიზეზით,  განუცხადეს, რომ როდესაც მას გააუქმდა სტუდენტური ბარათი, ვალდებული იყო მისულიყო ბანკში და გაეუქმებინა ანგარიშიც და ვინაიდან ასე არ მოიქცა დაერიცხა ინტერნეტ და მობაილ ბანკის ყოველთვიური საკომისიო თანხა. ნონო გ-მ უთხრა ბანკის თანამშრომელს, რომ იგი ბარათის გამოყენების დროს არანაირ საკომისიოს არ იხდიდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, როდესაც ბარათს ვადა აქვს, მას საკომისიო არ ერიცხება, ხოლო როდესაც ამ ბარათს ვადა გასდის, მას ერიცხება მობაილ და ინტერნეტ ბანკის საკომისიო თანხები. ნინო გ-მ ბანკის თანამშრომელს განუცხადა, რომ მისთვის ამის შესახებ არავის უთქვამს, თუმცა, ბუნებრივია  თავის სიმართლის დამტკიცება ვერ შეძლო.   

,,ბანკები და ფინანსები”,  ბუნებრივია, დაინტერესდა აღნიშნული საკითხით და აღმოჩნდა, რომ მსგავსი ფაქტით არაერთი სტუდენტი დაზარალებულა. ისინიც ნინო. გ-ს მსგავსად სარგებლობდნენ სტუდენტური ბარათით, რა დროსაც არ იხდიდნენ არანაირ საკომისიოს და ბუნებრივია ბარათის ვადის გასვლის შემდგომ არც უფიქრიათ, რომ ანგარიში სასწრაფოდ უნდა დაეხურათ, რათა მათ ალოგიკური საკომისიო თანხები არ დარიცხვოდათ.

ეს არის ,,საქართველოს ბანკის” ის სქემა რომლის შედეგადაც არაერთი სტუდენტი დაზარალდა და ალბათ კიდევ ბევრს შეექმნება მსგავსი პრობლემა.  გაუგონარია ბანკის დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, გაუგებარია რა ლოგიკით არიცხავს იგი საკომისიო თანხებს გაუქმებულ ბარათზე თუკი მანამდე ეს საკომისიო არ ჰქონიათ, ასევე გაუგებარია რატომ ერიცხებათ სტუდენტებს საკომისიო იმ მომსახურებაზე, რომლითაც ვერანაირად ვერ ისარგებლებენ.

მოკლედ ფაქტია, რომ ბანკი არანაირად არ ითვალისწინებს სტუდენტების, ახალგაზრდების სოციალურ მდგომარეობას, მათ ცოდნას და გამოცდილებას საბანკო სექტორთან ურთიერთობაში და არიცხავს მათ ჯარიმებს, რომელიც სრულიად არალოგიკური და არარეალურია.

ელენე ციგრიაშვილი