29/03/2024
Latest:
საზოგადოება

ფონდი ,,ქართუ“ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაციას ახორციელებს

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ფონდი ,,ქართუ“ ოზურგეთის დრამატული თეატრის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს და სიტუაციას ადგილზე გაეცნენ.

სარეაბილიტაციო პროცესის მიუხედავად, დასი მუშაობას არ შეწყვეტს, დროებით მცირე სცენაზე გადაინაცვლებს და მაყურებელს სხვადასხვა პრემიერასა და უკვე ნაცნობ სპექტაკლს შესთავაზებს. რეაბილიტაციის შედეგად განახლებულ თეატრში მაღალი დონის ლუქს-საგრიმიორები და გასახდელები მოეწყობა.

თეატრი უახლესი ტექნიკითა და ხმის ჩამწერი სტუდიით აღიჭურვება, ხოლო მოწვეული რეჟისორებისა და საპატიო სტუმრებისათვის საცხოვრებელი ნომრები გაკეთდება. თეატრის რეაბილიტაციის პროექტი მიმდებარე პარკის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

ბეგლარ სიორიძე, ქალაქის მერი:

,,ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა გითხათ, რომ ის, რაც ახლა ჩვენს თეატრში ხდება, ალბათ ნებისმიერი ოზურგეთელის ოცნებაა, ხშირად აღვნიშნავ, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროქტებით არ უნდა შემოვიფარგლოთ და უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის. მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ ,,ქართუ“-ს, რომელიც ამ გრანდიოზული პროექტით საშვილიშვილო საქმეს აკეთებს. ძალიან მალე განახლებული თეატრით ჩვენი თანაქალაქელები იამაყებენ.“

სახელმწიფო დრამატულ თეატრში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაახლოებით სამ წელში დასრულდება.