ეკონომიკა

“წინასწარი შეფასებით, 2016 წლის 10 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,5% შეადგინა”

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 1,3%, ხოლო 2016 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,5% შეადგინა. ამის შესახებ ნათქვამია ”საქსტატის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2012 წლის იანვრიდან ”საქსტატი” ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.

”აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური
კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან.

გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.