ეკონომიკა

ჩინეთში საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლობა გაიხსნება

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთში  საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა

ფონდის დელეგაცია, რომელსაც დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს, სამუშაო შეხვედრებს ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და 7 სხვადასხვა პროვინციის საქმიანი წრეებთან გამართავს.

ფონდის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საკონსულტაციო კომპანია „ხუახე ინტერნეშენალის“ მიერ ორგანიზებით გამართულ „საერთაშორისო თანამშრომლობის კონფერენციაში“. ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე 2015 წლის დეკემბრიდან ამ კომპანიის საპატიო მრჩეველ-კონსულტანტია.

კონფერენციაზე აბრეშუმის გზის ქვეყნების სავაჭრო – საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია იგეგმება.

ვიზიტის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გაიმართება გაზისა და ნავთობის პროექტებთან დაკავშირებით. იგეგმება შეხვედრები კომპანიების „ბეიჯინგ ფანგუეან ჩინტ ენერჯი ტექნიკალ კოსა“ და „ვმ ენერჯი“-ის მენეჯმენტთან.

დაგეგმილია შეხვედრები ლოკომოტივების პროექტთან დაკავშირებით კომპანია CRRC-თან.  საქმიანი ვიზიტია ჩანიშნული „ფუთაოშენგის ჯგუფთან“ წარმომადგენლობასთანაც.

ვიზიტის ფარგლებში გუანდუნის პროვინციაში „აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანამშრომლობისა და ვაჭრობის ცენტრში“ საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლობის გახსნა იგეგმება, რომელიც ინვესტიციების მოზიდვასა და საქართველო – ჩინეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

დელეგაციის წევრები „აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ ორგანიზებით „თანამშრომლობის განვითარების კონფერენციაში“ სახელწოდებით „საერთაშორისო ინდუსტრიული პარკების ერთობლივი მშენებლობისათვის“ მიიღებენ მონაწილეობას.

დაგეგმილია შეხვედრა აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან.

ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 13 დეკემბერს შანხაიში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრებით დასრულდება.

წყარო:   GBC