საზოგადოება

“ჩვენ ვდგავართ იმ ქვეყნების გვერდში, რომლებსაც დაუნდობელი ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ტერორისტების მიმართ”

უკიდურეს აღშფოთებას გამოვთქვამ სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

პრემიერი უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს, თურქ ხალხს და ხელისუფლებას.

„კატეგორიულად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, რომელსაც მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლე ეწირება და მათ დაშინებას ისახავს მიზნად. ჩვენ ვდგავართ იმ ქვეყნების გვერდში, რომლებსაც დაუნდობელი ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ტერორისტების მიმართ. ვუერთდებით მათ ძალისხმევას და გვჯერა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალებით შევძლებთ ამ უდიდეს ბოროტებასთან გამკლავებას“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

სტამბოლში განხორციელებული ორმაგი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 30 სამართალდამცავია.