საზოგადოება

„გლობალური ალიანსის“ ხელშეწყობით  დაავადებათა კონტროლისა ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

 

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე – სამკურნალო საშუალებების ხარისხი: ძირითადი კომპონენტი მკურნალობის ერთიანი ხარისხისათვის, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს  საქართველოს  მიერ  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებას ჯანდაცვის სფეროში.  ამ მიზნით,  სამინისტრო გეგმავს „წამლის კანონში“ და სხვა რეგულაციებში შესწორებების შეტანას, რათა წამლის რეგისტრაცია და ლიცენზირება ევროპული  სტანდარტების შესაბამისად  განხორციელდეს და შედეგად მომხმარებლამდე გარანტირებულად მხოლოდ ხარისხიანი და იმავდროულად ხელმისაწვდომი მედიკამენტები მივიდეს.

კონფერენცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,  საერთაშორისო საკოსულტაციო კომპანია  „გლობალური ალიანსი“ (GAHSC) –ის  და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის   ერთობლივი ეგიდით ჩატარდა.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, რომელმაც გახსნა კონფერენცია, აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა არის იმ ხანგრძლივი სამუშაო ციკლის ერთ–ერთი რგოლი, რომლის საბოლოო ამოცანაცაა უახლოეს პერიოდში საქართველოში დაინერგოს ისეთი რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხნიან და ხელმისაწვდომ მედიკამენტებს  ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ხარისხის კონტროლის კომპონენტი, სამწუხაროდ, აქამდე ჯანდაცვის სისტემაში არ იყო ან საკმაოდ სუსტად იყო წარმოდგენილი.

„ასეთი სისტემის შექმნა მხოლოდ გამართული და მძლავრი ჯანდაცვის მქონე ქვეყნებს შეუძლიათ. იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენთან მალე მოხდება, რადგანაც წამლის ხარისხი არის არა ერთადერთი, მაგრამ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხარისხიან ჯანდაცვაში.“

„გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტის, ჟან–ელი მალკინის თქმით, საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის მდგომარეობა გაუმჯობესებას ითხოვს.

„ჩემთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო, კერძოდ ჯანდაცვის სამინისტრო, ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს. „გლობალური ალიანსი“ ყოველმხრივ გვერდში უდგას სამინისტროს ფარმაცევტული რეგულაციების გაუმჯობესების საკითხში და ჩვენი შესაბამისი მიმართულების ექსპერტების აქტიური მონაწილეობით ვუწევთ სათანადო კონსულტაციას. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  წამლის ხარისხი კრიტიკული კომპონენტია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ–ერთი და არა ერთადერთი კომპონენტი, რომლის გაუმჯობესებამაც მთლიანად სისტემის გაჯანსაღება უნდა გამოიწვიოს. მარტივია, – რომც გქონდეს ხარისხიანი წამალი, თუ მას სწორად არ დანიშნავს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმი, ცხადია, შედეგის ნაცვლად მივიღებთ დამატებით გართულებებს. და ერთიც, ხარისხიანი წამალი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს წამალი აუცილებლად უნდა იყოს ძვირი. თუ კონტროლის პროცედურები სათანადოდ იქნება დაცული, ეს ნიშნავს, რომ ძალიან კარგი წამალი შესაძლოა იყოს ამავდროულად იაფი და ხელმისაწვდომი“

– განაცხადა მალკინმა.

კონფერენციაზე პრეზენტაცია წარმოადგინა „გლობალური ალიანსის“ ექსპერტმა, პროფესორმა კაროლინ მასკრემ.  პრეზენტაციაში ყურადღება გამახვილებული იყო იმ ინსტრუმენტებზე, რომლებიც საქართველოს დაეხმარება წამლის ხარისხის კონტროლის ამაღლებასა და ფალსიფიცირების თავიდან აცილებაში.

კაროლინ მასკრეს განცხადებით, საუბარია მედიკამენტებში აქტიური ნივთიერებების შემცველობაზე, სხვა ასევე უშუალო ინსტრუმენტებზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია შემოწმდეს, რამდენად სწორად არის ნაწარმოები ესა თუ ის მედიკამენტი და არის თუ არა ის ფალსიფიცირებული.

„ამ პროცედურების დანერგვა არ არის რთული, თუკი იქნება გამოხატული სათანადო ნება ქვეყნის მთავრობის მხრიდან“

აღნიშნა „გლობალური ალიანსის“ ექსპერტმა.

„გლობალური ალიანსის“ ექსპერტის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შემდეგ დამსწრეთა შორის დისკუსია გაიმართა ისეთ თემებზე, როგორიცაა: სამკურნალო საშუალებების რეგისტრაცია და დისტრიბუცია; ევროკავშირის სტანდარტების დამკვიდრება რეგისტრაციის, ლიცენზირების, ფარმაკოზედამხედველობის, GMP-ის, ხარისხის კონტროლისა და სხვა მიმართულებებით. ამ თემებზე მუშაობა აუცილებელია იმისათვის, რათა საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე NCDC-ის, „გლობალური ალიანსის“, საერთაშორისო ორგანიზაციების და პროფილური არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალურ ალიანსთან“ საქართველოს მთავრობამ აპრილში  მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომლის მიზანიც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. კერძოდ, საკონსულტაციო ჯგუფი კონცენტრირებულია ქართველ კოლეგებს დახმარება გაუწიოს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: სტანდარტებისა და ნორმების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების ხარისხიან, უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას; ნაციონალური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროტოკოლებს ჩამოყალიბება; სამედიცინო და ფარმაკოლოგიური პროდუქტების თანამედროვე, სამართლიანი და ეფექტური მარეგულირებელი სისტემის მშენებლობა და მათი უსაფრთხოების მონიტორინგი ხარისხის კონტროლის ჩათვლით; მოსახლეობისთვის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის სფეროში ტექნოლოგიების ფართო დიაპაზონის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ჯანდაცვის განვითარების მიზნობრივი პროგრამების და რეფორმის მიმართულებების შემუშავება.